Print

1992 წლის 9 აპრილის მიმართვა ქართველი ერისადმი

 

მიმართვა

ქართველი ერისადმი

მამულიშვილნო, ძმანო და დანო!

დადგა 9 აპრილი, ღირსახსოვარი დღე ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიაში. დღე უდიდესი სიმძიმილის და გლოვისა, დღე უდიდესი ეროვნული გამოსვლის სისხლიანი დარბევისა და ჩვენი მოძრაობის მორალური გამარჯვებისა. დღე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის ისტორიული აქტის მიღებისა.

დღეს საქართველო კვლავ ძაძებში გახვეული ეგებება 9 აპრილს, რამეთუ არ ცხრება მტერი, არ ცხრება განახლებული ბოროტების იმპერია, რომელმაც წელს უდიდესი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას. იმპერიალური ძალების მიერ შეკოწიწებული რუსოფალური კრიმინალური-ტერორისტული ხუნტა, რომელიც ებრძვის ხალხის მიერ არჩეულ, კანონიერ ხელისუფლებას, ცდილობს სისხლში ჩაახშოს ქართველი ერის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ხუნტამ მრავალგზის გადააჭარბა იმპერიულ დამსჯელ წითელ ჯარს, მან ქართველთა სისხლში შეღება ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი. ხუნტა განაგრძობს საქართველოს აწიოკებას, ყოველდღიურად ემუქრება ქართველ ხალხს დარბევითა და გენოციდით, ხუნტის მეთაური, დემოკრატის ქურქში გახვეული ჯალათი შევარდნაძე, რომელსაც ლომის წილი აქვს 9 აპრილის ტრაგედიაში, დღეს სისხლიანი ხელებით ეპოტინება ეროვნული მოძრაობის მონაპოვარს, ცდილობს ხელისუფლების უზურპაციას, რათა ტერორისა და რეპრესიების გზით კვლავ დაიმონოს ქართველი ერი და კვლავ შეაბას იგი იმპერიული მონობის უღელში.

რუსეთის იმპერიასთან ალიანსში მყოფი დასავლეთის სახელმწიფოები თვალს ხუჭავენ ეროვნულ ტრაგედიაზე, ისინი ხელს უწყობენ ანტიდემოკრატიულ, ანტიხალხურ ტერორისტულ ხუნტას ჩვენი ეროვნული მოძრაობის დათრგუნვაში, ხელისუფლების უზურპაციაში, რამეთუ საქართველო მსხვერპლია მათი გარიგებისა, ზეგავლენის სფეროთა დაყოფისა.

საქართველო უნდა აღსდგეს დამპყრობელთა და კოლაბორაციონისტ - მოღალატეთა წინააღმდეგ. დღეიდან არნახული ძალით უნდა გაიშალოს დაუმორჩილებლობის მოძრაობა, უნდა შემზადდეს საყოველთაო გაფიცვა და წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა მთელს საქართველოში.

9 აპრილის მოწამეთა სულები, ხუნტის მიერ წამებულთა სულები იხსნიან საქართველოს, დიდება მათ!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „ქართული აზრი“, №13, გვ. 1, 9 აპრილი, 1992 წ.]