Print

1992 წლის აპრილის მიმართვა ქართველი ერისადმი

მიმართვა

ქართველი ერისადმი

მამულიშვილნო! ძმანო და დანო!

მოსკოვის საინფორმაციო საშუალებები და თბილისის რუსოფილური კომპარტიულ-ნომენკლატურული ხუნტა ავრცელებენ ჩვენზე აზრს, რომ თითქოს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება სათავეში უდგას შეიარაღებულ მოძრაობას თვისტომთა წინააღმდეგ და მოუწოდებს ბარბაროსული ანგარიშსწორებისაკენ თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისადმი.

ყოველივე ეს პროვოკატორთა მორიგი ცილისწამებაა!

სინამდვილეში ჩვენი მოძრაობა იმით განსხვავდებოდა და განსხვავდება ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი ტერორისტი დემოკრატების მოძრაობისაგან, რომ იმთავითვე ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. სწორედ კრემლის აგენტურამ, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებმა შექმნეს პირველი შეიარაღებული დაჯგუფებები „მხედრიონის“ და სხვა ბანდიტური ორგანიზაციების სახით, რათა სისხლიანი ანარქიის უფსკრულში გადაეჩეხათ საქართველო. ჩვენ კი ხელისუფლება მოვიპოვეთ მშვიდობიანი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე და ვერავინ დაასახელებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, თუნდაც ერთის, ჩვენის მხრივ მოკვლის ფაქტს. საწინააღდეგო მაგალითები კი ურიცხვია.

გავიხსენოთ წმ. ილია მართლის საზოგადოების წევრები - რეზო ურიდია, არჩილ მაჭავარიანი, დავით ზარდიაშვილი, გია ტეტელაშვილი, ვალერი ციგანკოვი, „თეთრი გიორგის“ წევრი - ა. მანაგაძე; გავიხსენოთ პარლამენტის შენობის დამცველები. გავიხსენოთ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მშვიდობიან მიტინგებზე შეუბრალებლად ჩახოცილნი. სამართლიანობის აღდგენის მხოლოდ სურვილის გამოთქმისათვის „დემოკრატ“ ჯალათთა ხელით დაღუპულ ადამიანთა ჩამოთვლა საძნელო გახდა. ძნელია იმ საშინელების გადმოცემაც, რაც დატრიალდა ე.წ. გვარდიის, „მხედრიონის“ და წითელი არმიის საქართველოს ხელახალი დალაშქვრის შედეგად.

ვიმეორებ, ჩვენ მხოლოდ იმით განვსხვავდებით „დემოკრატიული“ ოპოზიციისაგან, რომ ვირჩევთ მიზნის მიღწევის რთულ, მაგრამ მშვიდობიან გზას, თუმცა კარგად გვესმის საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელმაც ვეღარ გაუძლო თავს დამტყდარ უბედურებას, სახლ-კარის აოხრებას, ახლობელთა სიკვდილს და მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოჰკიდა იარაღს ხელი. ამის გამო საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა თავდაცვითი, სამართლიანი მოძრაობაა. ხალხს აქვს უფლება შექმნას ამგვარი მოძრაობის ერთიანი ფრონტი, რათა დაიცვას თავი, დაიცვას ქვეყანა ბარბაროს კრიმინალთა ურდოებისაგან. კანონიერი ხელისუფლების დასამხობად ციხეებიდან დამნაშავეთა გამომშვებნი, კრიმინალური ხუნტის შემქმნელნი აქ მსაჯულებად ვერ გამოდგებიან, მათ ერი და ისტორია გაასამართლებს სამშობლოს ღალატისათვის, ათასობით ადამიანის დარბევასა და გაუბედურებისათვის, გაუპატიურებისათვის, ვანდალიზმისა და ბარბაროსობისათვის.

მამულიშვილნო! საქართველოში დღეს ზეიმობს ძალმომრეობა, ცინიზმი, ტერორი, უხამსი სიცრუე. ყოველი ადამიანის ვალია წინ აღუდგეს ყოველივე ამას. მოგიწოდებთ დაუმორჩილებლობისაკენ ქვეყნის დამაქცევრებისადმი. არ დაიდოთ წილი ბოროტებაში, მოგიწოდებთ. შევქმნათ წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი, რათა ზღვარი დაუდოთ სისხლისმსმელ დამპყრობთა და ბარბაროსთა თარეშს ჩვენს მიწაზე! სამართალი გაიმარჯვებს!

გვფარავდეს ღმერთი სამართლიან, თავდადებულ ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „ქართული აზრი“, №14, გვ. 1, 10 აპრილი, 1992 წ.].