Print

1992 წლის 20 აპრილის მიმართვა ქართველი ერისადმი სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი

მიმართვა

ქართველი ერისადმი

სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

საქართველოში იმპერიული ძალების მიერ შექმნილი ნეოკომუნისტურ-კრიმინალური, მარიონეტული ხუნტა, ანუ ე.წ. სახელმწიფო საბჭო შევარდნაძის მეთაურობით ცდილობს მოიპოვოს კანონიერი ხელისუფლების სტატუსი არჩევნების გზით, რათა მიითვისოს კანონიერი პარლამენტის და მთავრობის ფუნქციები. ხუნტის ყველა მოქმედება საქართველოში უკანონოა, მაგრამ ყველაზე დიდი უკანონობა და უსამართლობა იქნება მის მიერ ახალი საარჩევნო კანონის შემუშავება და არჩევნების დანიშვნა-ჩატარება, რისი უფლებაც აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ, კანონიერ კონსტიტუციურ პარლამენტსა და პრეზიდენტს.

ამჟამად ზოგიერთი ცრუ პარტია და პოლიტიკური ორგანიზაცია ატარებს პარალელს 1918 წელთან, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ იმჟამად საქართველოს არ ჰყავდა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. დღეს კი, ასეთი პარლამენტის არსებობის პირობებში, არჩევნების დანიშვნა რომელიღაც სხვა დაჯგუფებების მიერ უდიდესი დანაშაულია ერის წინაშე და საერთაშორისო სამართლის ყველა აღიარებული ნორმის დარღვევა. გარდა ამისა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მომავალში კიდევ რომელიმე შეიარაღებული ბანდა არ მოახდენს ხელისუფლების უზურპაციას, არ მოისურვებს წინარე არჩევნების შედეგების გაბათილებას და არ დანიშნავს თავის საკუთარ არჩევნებს ვიწრო ეგოისტური, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. ასე, რომ საქართველოს ისედაც გაწამებული ყოფა უზურპატორთა მიერ თავსმოხვეული ნაძალადევი ცრუ არჩევნების სერიალით კიდევ უფრო უნდა დამძიმდეს.

ხუნტამ თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე „შეაჩერა“ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, „დაითხოვა“ პარლამენტი, „გადააყენა“ პრეზიდენტი და მთავრობა, რასაც არავითარი იურიდიული საფუძველი და გამართლება არ გააჩნია. ამჯერად, თვითმარქვია უზურპატორების მიერ არჩევნების ჩატარება იქნება კიდევ ერთი შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება საქართველოს მოსახლეობის, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გამოხატა უკვე თავისი ნება.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ჯიუტად ხუჭავს თვალს იმ უმსგავსოებაზე, რაც საქართველოში მოხდა, ურთიერთობას ამყარებს დანაშაულებრივ უკანონო რეჟიმთან და მოითხოვს მისგან ახალი არჩევნების ჩატარებას, რითაც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს და ქართველი ხალხის ნებას. ეს ყოველივე არის შედეგი რუსეთის იმპერიასთან ამ ქვეყნების გარიგებისა და იმპერიის ჟანდარმის, შევარდნაძის დემაგოგიისა და დეზინფორმაციისა.

ამრიგად, ხუნტის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც უარყოფითი ხმების მიცემით, იქნება უკანონო ხელისუფლების მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია.

ნუ ენდობით მოღალატე დემაგოგთა ცრუ დაპირებებს, რომელნიც ამტკიცებენ, თითქოს ამგვარი არჩევნების ჩატარების შედეგად საქართველოში გაიმარჯვებს სამართლიანობა და აღდგება კანონიერი ხელისუფლება. ხუნტის აგენტები დღეს ხშირად კანონიერი ხელისუფლების დამცველთა ნიღბით გამოდიან, რათა ხალხი შეიყვანონ შეცდომაში. ხუნტა ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ გააყალბოს არჩევნები, იმოქმედოს ძალადობით, მოტყუებით, დაპირებებით, რათა თავისთვის სასურველ შედეგებს მიაღწიოს.

ნიშანდობლივია, რომ ხუნტის მიერ აღნიშნულ არჩევნებს მიესალმებიან ერის მოღალატე, ცრუ პარტიების კორუმპირებული ლიდერები, რომელნიც დღეს იმპერიის ინტერესებს ემსახურებიან ხუნტასთან ერთად. მათ, როგორც ცნობილია, ასე „ჩაატარეს“ ე.წ. ეროვნული კონგრესის არჩევნები, სადაც ფალსიფიკაციით, თვალთმაქცობით და შედეგების გაყალბებით კომუნისტებსაც გადააჭარბეს. დღეს ისინი მოითხოვენ არჩევნების ჩატარებას 1921 წლის დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, თუმც „ავიწყდებათ“, რომ ამ კონსტიტუციით არჩევნების დანიშვნის უფლება აქვთ მხოლოდ არჩევით ხელისუფლებას ან პარლამენტს და არა თვითმარქვია ხუნტას, რომლის შემადგენლობაში ამ პარტიების წარმომადგენლებიც შედიან.

ამის გამო მოვუწოდებ ქართველ ერს, საქართველოს არაქართულ მოსახლეობას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, არ მიიღოს მონაწილეობა არავითარ არჩევნებში, გამოუცხადოს მას აქტიური ბოიკოტი, რათა არ გავხდეთ უნებლიე თანამონაწილენი იმპერიის ცენტრისა და მისი სისხლიანი ხუნტის დანაშაულებრივი მიზნების განხორცილებისა საქართველოში. ხუნტის არჩევნები უნდა ჩაიშალოს ისევე, როგორც ჩაიშალა საბჭოთა არჩევნები 1990 წელს. გააჩაღეთ ცრუ არჩევნების საწინააღმდეგო აგიტაცია ყველგან: წარმოება-დაწესებულებებში, სასწავლებლებში, ოჯახებში, ტრანსპორტში, სოფლად თუ ქალაქად! არ დაუშვათ საარჩევნო უბნების შექმნა, ხოლო თუ მაინც მოახერხებენ ამას შეიარაღებული ძალადობით, არ გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებში, მოაწყეთ მიტინგები, მსვლელობები, ყოველგვარი საპროტესტო აქციები არჩევნების წინააღმდეგ. ეს ტექსტი პროკლამაციის სახით გაავრცელეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ, ჩაწერეთ ფირებზე, ეცადეთ გადასცეთ რადიოთი და ტელევიზიით.

ბოიკოტი ხუნტის არჩევნებს!

არც ერთი კაცი საარჩევნო უბნებთან!

როდესაც საქართველოში აღდგება კანონიერი ხელისუფლება:

პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, ისინი იმსჯელებენ არჩევნების დანიშვნის მიზანშეწონილობაზე. ცრუ არჩევნების ჩაშლა კი იქნება უდიდესი გამარჯვება ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 20 აპრილი

[გაზ. „ქართული აზრი“, 20, გვ. 1, 15 მაისი, 1992 წ.].