Print

1992 წლის 26 აპრილის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი

 

მიმართვა

სამეგრელოს მოსახლეობისადმი

ძვირფასო თანამემამულენო! იმპერიული ხუნტა რუსეთის დავალებით ცდილობს შექმნას მეგრული სეპარატიზმი და სამეგრელო ჩამოაცილოს საქართველოს. იმპერიის ემისარი შევარდნაძე ყოველნაირად ცდილობს ამ ვერაგული გეგმის განხორციელებას. იგი ცდილობს უკმაყოფილების გამოწვევას სამეგრელოში, სხვა კუთხეების მოსახლეობას ამხედრებს სამეგრელოს წინააღმდეგ, რათა განახორციელოს კრემლის ოცნება: სამეგრელოს ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა, სამეგრელოსა და სხვა კუთხეებს შორის ეთნოკონფლიქტი.

არ წამოეგოთ კრემლის და შევარდნაძის ანკესზე, იბრძოლეთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, იმპერიული ხუნტის გაძევებისათვის, არჩევნების ბოიკოტისათვის, ვინაიდან ქართველმა ერმა ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში!

თავს ვხრი დაღუპულთა წინაშე!

არც ერთი ხუნტისტი სამეგრელოსა და დანარჩენი საქართველოს მიწა-წყალზე!

ძირს მოღალატე შევარდნაძე!

ძირს კრიმინალური შევარდნაძე - სიგუა - იოსელიანი - კიტოვანი - ჭანტურია - წერეთლისა და სხვათა ხუნტა!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 26 აპრილი

[გაზ. „აღდგომა“, №2, გვ. 1, 10 მაისი, 1992 წ.].