Print

1992 წლის 7 სექტემბრის მიმართვა ქართველი ერისადმი,

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

ქართველი ერისადმი,

სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი

არაკონსტიტუციური არჩევნების ბოიკოტის გამო

თანამემამულენო! შევარდნაძის დანაშაულებრივი ხუნტა ანუ ეგრეთწოდებული სახელმწიფო საბჭო, რომელმაც სისხლიანი გადატრიალების შედეგად მოახდინა საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების უზურპირება, ფეხქვეშ გათელა ქართველი ხალხის ნება და მის მიერ ბოლო წლებში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში მიღწეული ყველა მონაპოვარი, რომელიც ფაქტიურად აწარმოებს საქართველოს მოსახლეობის გენოციდს და ინარჩუნებს ძალაუფლებას მხოლოდ იმპერიის საოკუპაციო ჯარის მეშვეობით, ცდილობს საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარების გზით.

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებ:

1. ხუნტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არჩევნების ჩატარების შესახებ არა აქვს არავითარი იურიდიული ძალა. არჩევნების დანიშვნა შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელსაც არ მოუხსნია უფლებამოსილება და აგრძელებს ფუნქციონირებას.

2. ხუნტის მიერ მიღებული ეგრეთწოდებული „საარჩევნო დებულება“ უპრეცედენტოა თავისი ანტიდემოკრატიულობით. გაუთავებელმა ცვლილებებმა, რომლებიც ხუნტის მიერ ფართოდ რეკლამირებული დებულების „დამცავი მექანიზმის“ საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, მხოლოდ გააძლიერეს მისი ანტიდემოკრატიული ხასიათი. დებულება მიზნად ისახავს: არ დაუშვას ხუნტის მიმართ არალოიალური, ჭეშმარიტად ეროვნულ-პოლიტიკური ძალების შესაძლო მონაწილეობა არჩევნებში, მთლიანად გამოთიშოს ისინი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, საარჩევნო კვოტის (ანუ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მინიმალური რაოდენობით, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს) არ არსებობის გამო არ მისცეს ქართველ ხალხს საშუალება პასუხი გასცეს უმთავრეს კითხვას: მიაჩნია თუ არა მას კანონიერად და საჭიროდ არჩევნების ჩატარება, იმ პირობებში როდესაც საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად და სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი; მიაჩნია თუ არა მას აუცილებლად კანონიერი ხელისუფლების აღდგენა;

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხრივ უკანონო არჩევნების გარდაუვალი ბოიკოტის პირობებში უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება ამომრჩეველთა უმცირესი რაოდენობით;

მოახვიოს თავს ქართველ ხალხს უმნიშვნელო უმცირესობის ნება;

დააკომპლექტოს პარლამენტი უზურპატორებითა და მათი მორჩილი მარიონეტი დეპუტატებით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხუნტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება პარლამენტის „სპიკერის“ საყოველთაო კენჭისყრით არჩევის თაობაზე. მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში უპრეცედენტოა პარლამენტის სპიკერის საყოველთაო კენჭისყრით არჩევა. მას პარლამენტი ირჩევს თავის წევრთა რიცხვიდან. „საყოველთაოდ არჩეული სპიკერი“ პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ფუნქციებს გააერთიანებს, ესე იგი მოხდება უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი პიროვნების ხელში. უდავოა, რომ საყოველთაოდ არჩეულ სპიკერს არა თუ გადაირჩევს, მინიმალურადაც კი ვერ გააკონტროლებს მარიონეტულ-ნომენკლატურული „პარლამენტი“.

ამრიგად, მრავალრიცხოვანი განცხადებები იმის თაობაზე, საქართველოსთვის უცხოა საპრეზიდენტო მმართველობის ინსტიტუტი, მხოლოდ თვალთმაქცობა იყო. ზემოხსენებული გადაწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა ცდა ერთი პიროვნების ხელში შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრისა და საქართველოში დაუფარავი დიქტატორული რეჟიმის დაკანონებისა.

ეს არის აგრეთვე აღორძინება კომუნისტური საარჩევნო პრაქტიკისა, რომლისთვის უცხო იყო კანდიდატებს შორის კონკურენცია, დაკანონებული იყო ერთიდან ერთი კანდიდატის „არჩევა“ ვითომდაც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. თუმც კომუნისტური არჩევნების დროსაც კი აუცილებელი იყო საარჩევნო კვოტა (ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი), რაც შესაძლებლობას იძლეოდა სათანადო კონტროლის შემთხევევაში არჩევნების ბოიკოტისა და ჩაშლისა (ამის მაგალითია კომუნისტური არჩევნების ჩაშლა 1990 წლის მარტში). ამჟამად ამგვარი შესაძლებლობაც კი გამორიცხულია.

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გამეფებულია სისხლიანი ტერორი, დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, არსებითად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მთელ რიგ ქალაქებში, როდესაც ეჭვგარეშეა, რომ მომავალი „არჩევნები“ მხოლოდ ხიშტების კონტროლს დაექვემდებარება, როდესაც „სპიკერის“ არჩევნებში მხოლოდ ერთი პიროვნება იყრის კენჭს, ცხადზე ცხადია, რომ ეს შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლება თავს მოიყრის იმპერიის ცენტრიდან მოვლენილ ქართველი ხალხის ჯალათის - შევარდნაძის ხელში, რაც საქართველოს საბოლოო დაღუპვით ემუქრება.

მოქალაქენო, მოგიწოდებთ შექმნათ უკანონო არჩევნების ბოიკოტის კომიტეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ხუნტის მიერ წინასწარ გამოცხადებული საარჩევნო უბნებისა და ოლქების მიხედვით იმ ამომრჩეველთა აღრიცხვას, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ ცრუ არჩევნებს, არ დაუშვებენ საარჩევნო კომისიებისა და უბნების შექმნას, შეადგენენ საპროტესტო წერილებსა და პეტიციებს არჩევნების ბოიკოტის შესახებ ანტიკონსტიტუციური არჩევნების აკრძალვისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით.

თანამემამულენო, მოგიწოდებთ ჩაშალოთ იმპერიის ბნელი ზრახვები, საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადოთ ხუნტის მიერ დანიშნულ ცრუ „არჩევნებს“.

არც ერთი მოქალაქე საარჩევნო უბნებთან!

მხოლოდ კანონიერი ხელისუფლებისა და კონონიერების აღდგენა იხსნის საქართველოს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 7 სექტემბერი

[გაზ. „აღდგომა“, №17, გვ. 1, 13 სექტემბერი, 1992 წ.].