Print

1992 წლის სექტემბრის მიმართვა ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი

შევარდნაძის ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული ქართველი ერის წინაშე: მან მოაწყო სისხლიანი სადამსჯელო ექსპედიცია აფხაზეთში და იმპერიის ცენტრის ინსპირაცით ცდილობს გააჩაღოს ძმათამკვლელი ომი აფხაზთა და ქართველთა შორის.

წლების მანძილზე იმპერიული ძალები შეგნებულად ძაბავდნენ ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის, რათა მიეღწიათ ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირებისათვის. მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, ვინაიდან საქართველოს ეროვნული მოძრაობა ყოველთვის ხედავდა ამგვარ საფრთხეს და ყოველნაირად ცდილობდა მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით მოეგვარებინა სადავო პრობლემები. იგივე გზა აირჩია საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა მრავალგზის აიცილა თავიდან ეროვნებათაშორისი ურთიერთობის გამწვავება ამ ურთულეს რეგიონში.

მაგრამ როგორც ჩანს, იმპერიის მესვეურებს ხელს არ აძლევდათ ასეთი კურსი. საქართველოში სისხლიანი გადატრიალების შემდეგ ისინი ერთის მხრივ ხელს უწყობდნენ აფხაზეთში სეპარატისტული ტენდენციების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ უბიძგებდნენ ხუნტას ძალისმიერი მეთოდებით ემოქმედა სეპარატისტების წინააღმდეგ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა. ხელოვნურად ამწვავებდა ვითარებას. ბოლოს მან დაუშვა საბედისწერო შეცდომა. აღადგინა ე.წ. 1925 წლის კონსტიტუცია, რითაც ფაქტობრივად აფხაზეთი საქართველოდან გამოყოფილად გამოაცხადა, ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განცხადება ამ აქტის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ და მივუთითე აფხაზეთის პარლამენტს თავისი მოქმედების უკანონობაზე, ვინაიდან ამგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო ქვორუმის ანუ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე, არ ჰქონდა არავითარი იურიდიული საფუძველი. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ქაღალდზე დარჩება და ვერ მოუტანს რეალურ ზიანს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მაგრამ როგორ სჩანს, იმპერიულ ძალებს არ აწყობთ მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა საქართველოში. მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ლიბანიზაცია და დანაწევრება შესაძლოა მხოლოდ სისხლიანი კონფლიქტების გზით. 1990 წლიდან მათ მიაღწიეს ამგვარი კონფლიქტის გაჩაღებას სამაჩაბლოში, რითაც დღეს საბოლოოდ ჩამოაშორეს საქართველოს ეს კუთხე. ამჟამად ჯი შევარდნაძის მეცადინეობით ამგვარი კონფლიქტის ახალი კერა შექმნეს აფხაზეთში, რათა აფხაზეთიც საბოლოოდ დააკარგვინონ საქართველოს. ამით მოხდა აგრეთვე უდიდესი დისკრედიტაცია ქართველი ერისა, საქართველოსი, ვინაიდან ის ქვეყნები, სადაც მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების გენოციდი, სადაც მათ პრობლემებს სამხედრო ძალით წყვეტენ, დაგმობილნი არიან საზოგადოებრივი აზრის მიერ.

სტალინ-ბერიას საქმის ერთგული განმგრძობი შევარდნაძე თავის სისხლიან აქციას იმით ამართლებს, ვითომდაც იგი აღშფოთებულია აფხაზეთის სუვერენიტეტის გამოცხადებით. საკითხავია, რატომ არ აღაშფოთა იგი ე.წ. სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის შექმნამ, რატომ შეეგუა იგი ასე იოლად მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებას და არ გაგზავნა იქ ჯარები სამართლიანობის აღსადგენად? რად შეეგუა იგი სამაჩაბლოს დაკარგვას, სადაც ყოველდღე კვლავ ხოცავენ ქართველებს, სადაც ქართულ სოფლებს ოსი ექსტრემისტები ყოველდღე იკავებენ „მშვიდობისმოყვარე ძალების“ დახმარებით და არც ერთ ქართველ ლტოლვილს არ ადგმევინებენ ფეხს მშობლიურ მიწაზე? მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ იმპერიის მსახური ხუნტა ნაბიჯს ვერ დგამს მეტროპოლიასთან შეუთანხმებლად. თუ დღეს მას მისცეს ნება აფხაზეთში შეჭრისა და იქაური მოსახლეობის გენოციდისა, ეს ყოველივე უაღრესად შორსმიმავალ მიზნებს ისახავს. ამით სურთ გაღვივება ეთნიური სიძულვილისა და მტრობისა აფხაზთა და ქართველთა შორის, რათა იქაც გაჩაღდეს ისეთივე სამოქალაქო ომი, როგორც სამაჩაბლოში, რათა შემდეგ „მშვიდობისმყოფელი ძალების“ დახმარებით ეს კუთხეც ჩამოაცილონ საქართველოს. აი, ნამდვილი მიზანი აფხაზეთის სადამსჯელო კამპანიისა, რასაც უთუოდ ითვალისწინებდა დაგომისის გარიგება.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ხუნტის ჯარების შეჭრა აფხაზეთში პატრიოტული გრძნობებით კი არ არის გამოწვეული, არამედ კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა განადგურების წყურვილით, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს სურს აფხაზეთშიც დაამყაროს ტოტალიტარული დიქტატურა, ვინაიდან იქაური ხელისუფლება არ მიმართავდა რეპრესიებს და ტერორს კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა წინააღმდეგ. სოხუმში გამოდიოდა ერთადერთი ოპოზიციური გაზეთი. მთელს საქართველოში თავისუფლად მოქმედებდნენ ხუნტის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ორგანიზაციები. ცხადია, ეს არ აწყობდა არც რუსეთის იმპერიას, რომელიც უფრო და უფრო ტოტალიტარული ხდება. თუმცა არ იშორებს დემოკრატიის ნიღაბს.

შევარდნაძის ხუნტის სადამსჯელო ოპერაციებში რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ერთობლივი ოპერაციაა და ყოველივე შეთანხმებულია მეტროპოლიასთან. ამრიგად, აფხაზეთის ჩამოშორება საქართველოსგან აწყობს უწინარეს ყოვლისა რუსეთის იმპერიას, რასაც იგი თავისი ერთგული მსახურის, შევარდნაძის ხელით ახორციელებს.

აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება შეიძლება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებით, და არა იარაღის ჟღარუნით.

მე მოვუწოდებ ქართველ და აფხაზ ხალხებს არ დაუშვან ძმათამკვლელი ომი, აღადგინონ თავისი საუკუნოვანი ძმობა და ერთობა, გამოუცხადონ ხუნტას საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა, დაგმონ და ამხილონ ხუნტის კანიბალური პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ეროვნული და პოლიტიკური კატასტროფისაკენ მიჰყავს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ეროვნულ თანხმობას კავკასიაში და მთელს მსოფლიოში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „აღდგომა“, №18, გვ. 1, 21 სექტემბერი, 1992 წ.].