Print

1993 წ. იანვარი

თვე იგი პირველი 1993 წ. იანვარი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- თბილისი ედუარდ შევარდნაძეს

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

- მიმართვა ქართველი ერისადმი

- ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც

- საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით

- ვიხსნათ საქართველო

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

საქართველოში სისხლიანი ხუნტის ერთწლიანი თარეშის შედეგად ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზეა მიყვანილი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის, ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება შიმშილისაგან, ათიათასობით ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი და ლტოლვილადაა ქცეული საკუთარ სამშობლოში. დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყანა ჩართულია დამღუპველ ომში. ასეთ პირობებში უკანონო ხელისუფლების დამქაშებმა გაააქტიურეს ტერიტორიული და დივერსიული ქმედებანი. აფეთქებენ ხიდებს, რკინიგზას, წვავენ კულტურის კერებს და სამეცნიერო დაწესებულებებს, ადმინისტრაციულ შენობებს, თავს ესხმიან და ძარცვავენ ქალაქის მოსახლეობას, აშინებენ მას და ცდილობენ ყოველივე ეს კანონიერებისათვის მებრძოლებს გადააბრალონ მათი დისკრედიტაციისა და ამავე დროს, დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გაწამებული ხალხის რისხვის თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს სრული განადგურებისაგან ხსნისათვის, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და მისთვის ელემენტარული სოციალური პირობების შექმნისათვის, ვბრძანებ:

1. დაევალოს კანონიერებისათვის მებრძოლი შეიარაღებული ძალების თავდაცვის საბჭოს (ვ. ქობალია), ჩამოაყალიბოს ტერორისტული აქტებისა და დივერსიების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური ქვედანაყოფები.

2. აღნიშნულმა ქვედანაყოფებმა, სადაც შესაძლებელია, დააწესონ უმკაცრესი კონტროლი რკინიგზებზე, ხიდებსა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე.

3. გაჩაღდეს შეურიგებელი ბრძოლა ტერორისტული და დივერსიული ჯგუფების გამოვლინებისა და განეიტრალებისათვის.

4. ტერორისტული და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარეობა ფართოდ გაშუქდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოქვეყნდეს დამნაშავეთა სია.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წელი, 3 იანვარი

[გაზ. „აღდგომა“, №1 (33), გვ. 1, 15 იანვარი, 1993 წ.].

 

თბილისი

ედუარდ შევარდნაძეს

თქვენი ბრალდებები ჩემს მიმართ, მაგონებს ფილმ „მონანიებას“ და 30-იანი წლების სტალინ-ბერიასეულ პრაქტიკას. თქვენი მარიონეტული „პროკურატურაც“ ვიშინსკის პროკურატურის ორეულია. თქვენი ფაშისტური ინკვიზიციის მიერ ნაწამები ადამიანი, რომელსაც ცრუ ჩვენებები გამოსძალეთ ჩემი დისკრედიტაციისათვის, იმ შავბნელი დროის რეპრესიათა მსხვერპლს გვაგონებს. აქედან ჩანს, რომ დღესაც ერთგული ხართ სტალინ-ბერიას საქმისა, თუმცა ფარისევლურად წმინდა გიორგის სახელი დაირქვით. უფრო ლოგიკური იქნებოდა მეორე სახელად „ვარლამი“ ეწოდებინათ თქვენთვის. საქმემან თქვენმან გამოგაჩინოთ!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

3 იანვარი, 1993 წელი

[გაზ. „აღდგომა“, №4 (36), გვ. 1, 6 თებერვალი, 1993 წ.].

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

განცხადება

დღევანდელი საქართველოს უკანონო, კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართველი ერის წინაშე. ერთ-ერთია დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის დაწვა, მისი დანატოვარის ხელყოფა და განადგურება, რაც „ხელისუფლების“ სანქციით მოხდა. ამჟამად ფარისევლურად ცდილობენ შენიღბონ ეს დანაშაული მწერლის ტომეულების გამოცემით. კატეგორიულად მოვითხოვ ამ გამოცემის შეწყვეტას. ასეთ საქართველოში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები არ უნდა გამოდიოდეს. მე, როგორც მემკვიდრეს, უფლება მაქვს ასეთი მოთხოვნის წამოყენებისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წელი, 12 იანვარი.

[გაზ. „აღდგომა“, №2 (34), გვ. 1, 26 იანვარი, 1993 წ.].

 

მიმართვა

ქართველი ერისადმი

სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

პროიმპერიულმა მაფიოზურმა ხუნტამ, მოღალატე ცრუ-პარტიებმა ეროვნული კატასტროფის პირას მიიყვანეს საქართველო. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა პარალიზებულია, გამეფდა უზნეობა, ღალატი, კრიმინალური ანარქია. საქართველო დგას დამოუკიდებლობის დაკარგვისა და სრული გენოციდის საფრთხის წინაშე. ამის გამო აუცილებლად მიმაჩნია მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების აღორძინება და გააქტიურება თბილისში და მთელს საქართველოში.

მრგვალი მაგიდა იყო და არის სიმბოლო ჩვენი მოძრაობის უძლეველობისა და ერთიანობისა. მრგვალ მაგიდაში უნდა გაერთიანდეს კვლავ ყველა ჭეშმარიტი ეროვნული ძალა, როგორც პარტიები, ორგანიზაციები და მოძრაობები, კვლავ უნდა იტვირთონ ახალი ორგანიზაციების და პიროვნებების გაწევრიანება, მრგვალ მაგიდაში უნდა შემოვიდეს ეროვნული მოძრაობა - წინააღმდეგობის ფრონტი, მოძრაობა „ჭყონდიდელი“, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება, გეორგიანული მოძრაობა და სხვა ორგანიზაციები.

თუ რომელიმე რეგიონალური ორგანიზაციის სპიკერი ვერ აკმაყოფილებს დღევანდელობის მოთხოვნილებებს, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. უახლოეს ხანში უნდა მომზადდეს სრულიად საქართველოს მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების ყრილობა საერთო სტრატეგიისა და ბრძოლის ტაქტიკის ერთიანი პროგრამის შესამუშავებლად. გვფარავდეს ღმერთი საქართველოს ხსნისთვის ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი,

მრგვალი მაგიდის სპიკერი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 14 იანვარი.

[გაზ. „აღდგომა“, №2 (34), გვ. 1, 26 იანვარი, 1993 წ.].

 

ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ

თავისუფლებაც და კეთილდღეობაც

მეგობრებო, ჩემი ეს გამოსვლა მიზნად ისახავს პასუხის გაცემას იმ საჭირბოროტო კითხვებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. რა დასამალია, რომ საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი ჩემს გარშემო. ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია ხუნტის მიერ, ამ ე.წ. ტელევიზიის მიერ და სიმართლის გარკვევა, რა თქმა უნდა, უაღრესად საშურია დღეს. მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით მომდის წერილებ., მართალია, ამას ყოველნაირად უშლის ხელს ფოსტა, მრავალი ადამიანი მეკითხება საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ. მეკითხებიან, თუ რამ მოიტანა ყოველივე, რა გამოსავალი არსებობს, მეკითხებიან ბრძოლის მეთოდების შესახებ, უცხოეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, მე ფინეთსა და ავსტრიაში ვიყავი. ასე რომ, ბევრი რამ აწუხებს დღეს ჩვენს საზოგადოებას.

მე დავიწყებ მთავრითა და უმთავრესით. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ამ ერთმა წელმა პუტჩის შემდგომ მიგვიყვანა ეროვნულ კატასტროფამდის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ზნეობრივ კატასტროფამდის. ეს ყოველივე, მიუხედავად იმისა, რომ მე წინასწარმეტყველი არ გახლავართ და არც მაქვს არავითარი პრეტენზია, მე არაერთხელ მოგახსენეთ ჯერ კიდევ 1991 წელს საქართველოს ტელევიზიით და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს, თუ სადამდე მიგვიყვანდა ჩვენ, სადამდე მიიყვანდა საქართველოს ის პუტჩი, რომელიც იმჟამად უკვე დაწყებული იყო. ამ პუტჩის ინსპირატორები იყვნენ საქართველოს უბოროტესი მტრები და უბოროტეს მტერთა შორის უმთავრესი დღეს საქართველოს განაგებს. დღესდღეობით არც გამოჩნდა ძალა, რომ მას დაუპირისპირდეს.

რა არის ყოველივე ამის მიზეზი.

მსოფლიო იმპერიების ბრძოლა ჩვენს წინაღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო წელს, როგორც მოგეხსენებათ, დიდად მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დასავლეთში და ერთ-ერთი უბოროტესი მტერი საქართველოსი, მისი კანონიერი ხელისუფლების, ქართველი ხალხის, წავიდა პოლიტიკური არენიდან, ღვთის შემწეობით, და, ალბათ, იქნება რაღაც ცვლილებები დასავლეთის პოლიტიკაში, უნდა ვიქონიოთ ამის იმედი. კეთილის მომასწავებელი ნიშნები ჩანს.

ძალიან დაინტერესდნენ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, კერძოდ, უაღრესად ძლიერი ორგანიზაცია - ინგლისის ჰელსინკის ჯგუფი, რომლის დელეგაციაც იყო ამ ე.წ. არჩევნებზე და რომელმაც მოამზადა დიდი დასკვნა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ადამიანის უფლებათა დარღვევების, ამ ცრუ არჩევნების და შევარდნაძის ცრუ, უზურპატორული დიქტატორული რეჟიმის, ყველა იმ ბოროტმოქმედებათა შესახებ, რასაც სჩადის შევარდნაძის რეჟიმი დღეს საქართველოში. აქ, როგორც მოგეხსენებათ, ყოველნაირად ამუხრუჭებდნენ თვით პრესაში ჭეშმარიტი ინფორმაციის გატანასაც. ბუშის ავტორიტეტი ძალიან ძლიერი იყო მსოფლიოში. პირველად ამ ხნის განმავლობაში ინგლისელებმა დასძრეს ხმა წამების ბარბაროსული მეთოდების შესახებ, კერძოდ, ზაზა წიკლაურის თაობაზე. აღწერილია ზაზა წიკლაურის მდგომარეობა. ამ ადამიანებმა შეაღწიეს ციხეში. ისინი განაცვიფრა იმ ამბავმა, რომ ციხეში ფორმიან თანამშრომლებთან ერთად ვიღაც უცნობი ახალგაზრდები, ავტომატიანი ახალგაზრდები იყვნენ, რომელნიც მბრძანებლობდნენ ამ თანამშრომლებზე. მათ სწორი დასკვნა გააკეთეს, რომ ფაქტობრივად კრიმინალური ბანდები მართავენ დღეს საქართველოს. ეს კი არის იგივე, რაც ხდება სომალიში. სომალის პერსპექტივა უკვე თანდათან იკვეთება საქართველოში, თუ გაგრძელდა ეს კრიმინალური ანარქია მთავარი კრიმინალის - შევარდნაძის მეთაურობით. ამ დასკვნამდე უკვე მიდის მსოფლიო და არის ნიშნები (მე ამჟამად არ მინდა წინასწარ ბევრი რამ ვთქვა), რომ დაიწყება ძალზედ სერიოზული მხილება შევარდნაძის ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმისა, ამ კრიმინალური ბანდების თვითნებობისა საქართველოში და, ადრე თუ გვიან დაედება ზღვარი მათ თვითნებობას.

მაგრამ, მეგობრებო, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, მაინც ძალზედ მაფიქრებს ერთი თვალსაზრისით. კი, ბატონო, გამოავლინეთ ყველა დამნაშავე, მათ თავიანთი თავი უკვე წარმოაჩინეს. ნუთუ ჩვენ უნდა დავდგეთ ანგარიშსწორების გზაზე? არამც და არამც, მეგობრებო! ეს მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს ანარქიამდე, სისხლისღვრამდე. მაინც უნდა მივცეთ ზოგიერთ მათგანს, ვინც, რა თქმა უნდა, საქმით გამოისყიდის თავის დანაშაულს, უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაადგეს გამოსწორების გზას და შეინანოს ყოველივე ის, რაც ჩაიდინა. არის ნიშნები, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე დაფიქრდა, თუ რა ჩაიდინა, არის ამის ნიშნები. დაფიქრდა, ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება, და იცის, რომ საქართველოში არავის შერჩენია ბოროტება ერის წინაშე, მოღალატეობა. არსებობს მთელი რიგი მაგალითები იგივე ორჯონიკიძისა, იგივე მახარაძისა, იგივე ბერბიჭაშვილისა და იგივე სხვების მრავალთა, რომელთა რიგში მათ თავისი თავი ჩააყენეს. ახლა მრავალი ცდილობს, თავის დაღწევას, არ სურს შეირაცხოს მოღალატეთა წყეულ გალერეაში ამ მოღალატეებთან ერთად და, როგორც ჩანს, აპირებს საქმით გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ჩვენ ყოველნირად უნდა შევუწყოთ ხელი ასეთ ადამიანებს.

არ არსებობს, მეგობრებო, უპატიებელი ცოდვები. უფალი გვასწავლის, რომ თუ შეინანებთ, შეგინდობთო. და ჩვენც, უფლის მიმბაძავნი უნდა ვიყოთ ამ საშინელ დროში, ამ საშინელ მდგომარეობაში. უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცრუ ფანდი, როგორც იყო მრავალჯერ. ეს უნდა იყოს ნამდვილი, საქმით გამოსყიდვა დანაშაულისა. მე ყველას ვგულისხმობ, არავინ არ არის ღვთისგან საბოლოოდ განწირული. თუ ღმერთი არ წირავს საბოლოოდ ადამიანს, არც ჩვენ გვაქვს უფლება ვინმე საბოლოოდ გავწიროთ.

დაფიქრდნენ, კარგად დაფიქრდნენ, რა ჩაიდინეს, კარგად დაფიქრდნენ, რა დანაშული აქვთ საკუთარი ერის წინაშე. ვინც კარგად დაფიქრდება, ვინც დროზე დაადგება სინანულის გზას და ვინც საქმით დაგვიმტკიცებს (ჩვენ დეკლარაციები, ინტერვიუ თუ სხვაგვარი განცხადება არაფერს გვეუბნება, რადგან მთავარია საქმე - „საქმემან შენმამ გამოგაჩინოს“, უკეთუ საქმე მართლა გამოაჩენს, ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, რამეთუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენ ცრუ ქრისტიანები კი არა ვართ, 66 წლის ასაკში მონათლულნი ნაძალადევად, რეკლამისათვის და ფარისევლური ნიღბის გაკეთებისათვის.

ჩვენ, ნამდვილი ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საჭიროა დავადგეთ საყოველთაო შეწყნარებისა და ეროვნული შერიგების გზას. მაგრამ შერიგება მხოლოდ იმათთან, ვინც შეიგნებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, ვინც მხარში ამოუდგება ერს, ვინც ერის სასიკეთო საქმეს გააკეთებს, ვინც ერის ხსნისათვის გადადებს თავს. მხოლოდ ასეთებთან და არა ცრუ, ფარისევლური განცხადებების ან რაღაც ფანდების საფუძველზე.

გვახსოვს ჩვენ ერთი ასეთი ამბავი - 24 ივნისი, როდესაც მრავალნი გვარწმუნებდნენ, რომ ისინი ეროვნული ძალების, ეროვნული ხელისუფლების მხარეზე გადმოვიდნენ და შემდეგ რითი დამთავრდა ყოველივე: შეიტყუეს ჩვენი მომხრეები ტელევიზიაში და ამოხოცეს, დააპატიმრეს.

ჩვენ სიბრძნე ცხოვრებამ გვასწავლა, უნდა გვასწავლოს. ჩვენ უნდა დავბრძენდეთ უფრო მეტად, მეგობრებო. ახლა ასეთი დრო დადგა, ქვეყანა კრახის წინაშეა.

ერთი წლის წინ იყო ილუზიები: შევარდნაძე ჩამოვა, გადაარჩენს საქართველოს, შემოიტანს დოლარებს, შემოიტანს მარკებს, შემოიტანს ინვესტიციებს, პროდუქტებს, სურსათს და სხვა. დაპირებები მართლაც უხვია დღესაც. ალბათ, ნახავდით, პოლიტიკური არენიდან მიმავალი ბუშის დაპირებას, რომ ის სთხოვს ევროგაერთიანებას და არა ამერიკას, ამერიკის რომელიმე დაწესებულებას, რომ საქართველოს მისცეს ფქვილი. აი, ასეთი დაპირებებით კვებავენ დღემდე საქართველოს.

საქართველოს ვერავითარი ფქვილი ვერ უშველის, ვინაიდან კრიმინალური ბანდები, რომლებსაც ფაქტობრივად ხელში აქვთ ხელისუფლება ჩაგდებული, ყველაფერს მიითვისებენ. საქართველოს მთელი დოვლათი მითვისებული და განიავებულია, გატანილია თურქეთში და გაყიდულია. ფოთი არის მაფიების სათარეშო ადგილი, სადაც ყველაფერი იყიდება. სანამ ეს მაფიები არ აილაგმება, სანამ ეს კრიმინალური ბანდები არ აილაგმება, საქართველოს არაფერი ეშველება არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით; სანამ მთავარი მოღალატე საქართველოს სათავეშია.

ჩამოსვლის პირველივე დღიდან პირდებოდა ქვეყანას სტაბილიზაციას, დამნაშავეობის აღმოფხვრას, ეკონომიკურ კეთილდღეობას. სინამდვილეში, დამნაშავეობა უფრო გააძლიერა, ვინაიდან დამნაშავეთა სამყაროს მიერ არის იგი ჩამოყვანილი და დამნაშავეთა სამყარო არის მისი ერთადერთი დასაყრდენი. ამ პიროვნებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, - უნდა გადადგეს. არავითარი სხვა გამოსავალი მას არ აქვს, თუ სურს გამოისყიდოს თავისი დანაშული ერის წინაშე. მე არავის, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს არ ვაძლევ. მე რეკომენდაციებს გამოვთქვამ და საქართველოს ხსნისთვისაც სხვა გზა არ არსებობს, გარდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა.

მე ვიცი, რომ ბევრი საყვედური გაისმის ჩემს მიმართ, კანონიერი ხელისუფლების მიმართ თვით ჩვენს მომხრეებშიც, რომ ამ დრომდე არ ავლაგმეთ თურმე ეს ბანდები და დავუშვი ამ მოღალატური ხელისუფლების დამყარება საქართველოში. მეგობრებო, „მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო“ - ქართული ანდაზაა. ფაქტობრივად, მე დამტოვეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის პუტჩის წინ. მიტინგზეც აღარ მოდიოდა ხალხი. მართალია, დაშინებული იყო, მე მესმის, მაგრამ გაიხსენეთ ლიტვა, როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი მხარში ლიტვის ხელისუფლებას, ლანდსბერგისს 13 იანვრის მოვლენების დროს. თვეების განმავლობაში მორიგეობდა ათასობით ადამიანი ლიტვის პარლამენტთან. ჩვენთან კი, რა დაინახეს სიცარიელე მთავრობის სასახლის მოედნის წინ, სწორედ მაშინ დაიწყეს პუტჩი. ასე რომ, თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაბრალებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ გვაიარაღებდა ჩვენ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი აიარაღებდა პუტჩისტებს.

შიგნითაც ნახევარზე მეტი მოღალატე იყო. ამ მწარე სიმართლეს დღეს გეუბნებით. მთავრობის სახლის დამცველთა შორის ნახევარზე მეტი და თვით შტაბის უფროსი, მოღალატე იყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს მე და ნუ გიკვირთ შედეგები, ვინაიდან, ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს. ამიტომ უნდა დავიმსახუროთ უკეთესი.

უბრძოლველად მივიღეთ თავისუფლება და ამიტომაც დავკარგეთ ასე მალე. დღეს კი, ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც. ბრძოლის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ მოიპოვებს.

მეგობრებო! არის გამოცოცხლება ეროვნული მოძრაობისა, მაგრამ დიდი დაქსაქსულობაა. უნდა გაერთიანდეს მოძრაობა, უნდა მოხდეს დიდი კონსოლიდაცია. ეს ყველაფერი შეუძლებელია „მრგვალი მაგიდის“ აღდგენის გარეშე. „მრგვალი მაგიდა“ არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობისა, ჩვენი ბრძოლისა. „მრგვალმა მაგიდამ“ გააუქმა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ყოველგვარი ძალადობის გარეშე, არჩევნებითა და რეფერენდუმით. „მრგვალი მაგიდა“ არის უდიდესი ძალა დღესაც, თუმც პარალიზებული. „მრგვალი მაგიდა“ უნდა აღსდგეს. მისი პოლიტიკური ორგანიზაციები, დამფუძნებელი ორგანიზაციები უნდა გააქტიურდნენ და ახალი ორგანიზაციები, თუ ისინი ნამდვილი ორგანიზაციებია და არა ხუნტის მიერ ეროვნულ მოძრაობაში შემოგზავნილი, უნდა გაერთიანდნენ „მრგვალ მაგიდაში“. უნდა ავირჩიოთ დროებითი რეგიონული სპიკერები. რიგრიგობით უნდა წარმართონ არჩეულმა სპიკერებმა „მრგვალი მაგიდის“ მუშაობა, თბილისში იქნება ეს, თუ რეგიონებში. „მრგვალი მაგიდის“ სპიკერობიდან მე არ გადავმდგარვარ, მე კვლავ სპიკერი გახლავართ, მაგრამ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ განყოფილებებს სჭირდებათ სპიკერები. მათ უნდა დაიწყონ მუშაობა კონსოლიდაციისათვის და ქვეყანა კრიზისიდან, ქაოსიდან უნდა გამოიყვანონ.

ასე რომ, ბრძოლის გარდა, სხვა გზა არ დაგვრჩენია. მე ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ მსოფლიოს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გავარღვიეთ საინფორმაციო ბლოკადა თურქეთში, ფინეთში, ავსტრიაში წასვლით, მიუხედავად იმისა, რომ ხუნტამ გააყალბა ჩემი მოგზაურობა. ისიც კი სთქვეს, რომ თურქეთში მე ყალბი პასპორტით წავედი, თურქს განაცხადებინეს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საერთაშორისო სასამართლო სტრასბურგისა, სადაც უახლოეს ხანში შეტანილი იქნება საჩივარი და ჩემი პასპორტის ასლი, სადაც თურქეთის საბაჟოს შტამპია ჩარტყმული. თურქეთში მე შესანიშნავად მიმიღეს, შევხვდი პოლიტიკურ მოღვაწეებს, პარლამენტის წევრებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ ისევ საერთაშორისო პოლიტიკური მაფიის ჩართვით იქაც შემიშალეს ხელი. ავსტრიაში და ფინეთში კი ფრიად ნაყოფიერი იყო ჩემი მოძრაობა. რაც მთავარია, გაირღვა საინფორმაციო ბლოკადა. დიდ ბრიტანეთში უკვე ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. როგორც მოგახსენეთ, ჰელსინკის ჯგუფის შესანიშნავი დასკვნა არსებობს. საბოლოოდ უკვე აეხადა ფარდა ყველაფერს. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს საქართველო ნარკობიზნესის ხიდადაა ქცეული აზიასა და ევროპას შორის, რომ საქართველოში არის ტერორი, კრიმინალური ანარქია, ადამიანის უფლებების დარღვევა, პატიმრების წამება ციხეებში და ყოველგვარი უკეთურება.

ასე, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება, მეგობრებო! ადრე თუ გვიან მსოფლიო განაჩენს გამოუტანს ამ კრიმინალურ რეჟიმს და სანამ დროა, თავს უშველონ, შეინანონ ერის წინაშე, ღვთის წინაშე, უფალი მოწყალეა.

გფარავდეთ ღმერთი, ფარავდეს ღმერთი საქართველოს და მალე გვეხილოს აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება.

მე ხშირად მეკითხებიან: რა არის საჭირო, რომ თქვენ დაბრუნდეთ საქართველოშიო. მეგობრებო, საერთო-სახალხო მოთხოვნის გარეშე არ დავბრუნდები. აი, ამას მოგახსენებთ. თქვენ მოგეხსენებათ, რა პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ მე არ დავბრუნდე. საერთო-სახალხო მოთხოვნა იქნება წინაპირობა ჩემი დაბრუნებისა. მე პიროვნულ ხელისუფლებას არ ვეჭიდები. თქვენ კარგად იცით, რომ მე საპრეზიდენტო სკამს არ ვეჭიდები. ჩემი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა. მჯერა, რომ უფალი იხსნის საქართველოს.

საქართველოს იხსნიან მისი საუკეთესო შვილები, თავდადებული და თავგანწირული შვილები.

საქართველოს იხსნის მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

გროზნო, 1993 წლის 15 იანვარი

(ტექსტი გადმოღებულია ვიდეო ჩანაწერიდან)

[გაზ. „ქართული აზრი“, №1 (29), გვ. 1-2, 26 იანვარი, 1993 წ.].

 

საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორის

მარიკა აბაიშვილის შეკითხვებს პასუხობს

ზვიად გამსახურდია

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა ქალბატონმა მარიკა აბაიშვილმა რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.

ხედავთ თუ არა რეალურ მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ევროპის ქვეყნებში (ან ამერიკაში) თავისუფალი, ღვთისმოსავი, ჭეშმარიტ ზნეობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის საქმეში (მხედველობაში არ მაქვს ოდენ დემოკრატიის ქომაგობა)?

ევროპის ქვეყნებშიც და ამერიკაშიც არიან ძალები, რომელნიც შესაძლოა დაგვეხმარონ საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში. დღემდე ისინი ხელფეხშებოჭილნი და პარალიზებულნი იყვნენ ბუშისა და მისი ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად. ამჟამად მეტი პერსპექტივაა, რომ დასავლეთში ხმა აღიმაღლონ ამ არნახული ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი გახდა ჩვენი ერი. ამისათვის აუცილებელია მეტი მამხილებელი მასალები იგზავნებოდეს დასავლეთში ყველა შესაძლებელი არხით, დაფიქსირდეს ყველა ბოროტმოქმედება და უკანონობა, რასაც სჩადიან საქართველოს მტრები.

დღეს საქართველოში მეფობს სრული განუკითხაობა. ყაჩაღობამ არნახული მასშტაბები მიიღო. ის ძალები, რომლებიც ასე თუ ისე მოწოდებულნი არიან ბანდიტიზმთან საბრძოლველად, ან პარალიზებულნი არიან, ან თავად გვევლინებიან ავაზაკებად.

ამ პრობლემის მოგვარების რა საშუალება გესახებათ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ?

საჭიროა ვამხილოთ და დოკუმენტურად დავასაბუთოთ, რომ დღეს საქართველოში არის არა მხოლოდ ანარქია, უკანონობა, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, არამედ ავაზაკების მმართველობა, ავაზაკების დიქტატურა. უნდა გაირღვეს საინფორმაციო ბლოკადა, რომელშიც მოგვაქციეს ბუშებმა, ბეიკერებმა, გენშერებმა და სხვებმა. მათი ზეგავლენა თანდათან სუსტდება. უნდა ვისარგებლოთ ამ გარემოებით. საბჭოთა ტოტალური სისტემა დამარცხდა მხილების შედეგად, სწორი ინფორმაციის გატანის შედეგად. მან სწორედ საინფორმაციო ომი წააგო დისიდენტებთან. ასევე დამარცხდა მისი ნაბოლარა, შევარდნაძის კრიმინალურ-ნომენკლატურული მაფია, მას უკვე დააცვდა ჭანგები. ახლა საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით. ამის გარეშე ვერასოდეს აღდგება კანონიერი ხელისუფლება. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ კი უნდა მოხდეს ყველა ჯანსაღი ეროვნული ძალის კონსოლიდაცია მის გარშემო, რათა ვიხსნათ ერი დაღუპვისაგან.

მიმდინარე მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ სიკეთის წინააღმდეგ მიმართული ძალები (სუკი, კომპარტია, კომკავშირი, კრემლი და ა.შ.) ახერხებდნენ წლების მანძილზე მომხიბლავი ნიღბების მორგებას საკუთარი რეკრუტებისათვის. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა. დღეისათვის გამჟღავნებული ბინძური ადამიანების „ერისკაცობა“ სავსებით რეალურად გამოიყურებოდა სულ მცირე ხნის წინათაც კი და ბევრნიც მოვტყუვდით.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლის ქურქში გახვეული სუკის აგენტი გაცილებით უფრო საშიშია და გაცილებით მეტი ზიანის მომტანი, ვინემ გაცხადებული ჩეკისტი. ასეთივე სავალალო შედეგებამდე მივყავართ საქმისადმი უპასუხისმგებლო, ანგარებიან დამოკიდებულებას, იმისდა მიუხედავად, ამას სუკის აგენტი ამჟღავნებს, თუ უბრალოდ არამზადა. ასეთი მაგალითებიც ბევრი იყო ჩვენს შორის.

გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ასეთი ადამიანებისგან ჩვენ სრულად განვთავისუფლდით დღეს, მეტადრე კი, რომ სახვალიოდ კვლავაც არ შემოგვეჯარებიან ისინი.

დიდი ახსნა-განმარტებითი მუშაობაა საჭირო, რათა ფართო მასებს შევაგნებინოთ, თუ რაში მდგომარეობს დღეს სიკეთის წინააღმდეგ მიმართული ძალების ტაქტიკა. ეს არის უაღრესად დახვეწილი დემაგოგია. ახალი „დემოკრატიული“ და „ქრისტიანული“ ნიღბების მორგება. ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ცნობდა ხალხი. იყვნენ აშკარა აგენტები, კრემლისა და სუკის ღია ემისრები, მაგრამ უფრო საშიშნი იყვნენ და არიან „წყალქვეშა ნავები“ და „ტროას ცხენები“, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ხალხისა და საზოგადოების დაბნევაში, მოტყუებაში. საბჭოთა პერიოდში მათ „დისიდენტების“ სახელებიც კი ჰქონდათ, ან „ნეიტრალური“ ინტელიგენტების, „რეალისტების“ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, არავინ იცოდა მათი ნამდვილი მისსია, როდესაც მე ვამხელდი ასეთ პიროვნებებს, თვით ჩვენს მომხრეებშიც კი გაისმოდა უკმაყოფილო ხმები: „აჭარბებს“, „აზვიადებს“, „ყველგან აგენტები ეჩვენება“. ახლა კი ვრწმუნდებით, რომ თურმე მეც არ მქონია სრული ინფორმაცია ყველას შესახებ, იმდენად ოსტატურად ინიღბებოდნენ ისინი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ კანონიერების აღდგენისთანავე ხელისუფლება და მთავრობა უპირველესად საკუთარი თავის მიმართ უნდა გახდეს ზედმიწევნით მომთხოვნი და ფხიზელი, რათა მომავალში არავითარი ძალაუფლება არ ჩაუვარდეს ხელში მათ, ვისთვისაც საკუთარი პატივი უფრო ღირებულია, ვიდრე საქმე.

ჩვენი თავისადმიც, ცხადია, უფრო მომთხოვნნი უნდა გავხდეთ, უფრო მკაცრნი; შეცდომებისაგან არც ჩვენ ვიყავით დაზღვეულნი, მაგრამ როგორც იტყვიან, „ზოგი ჭირი მარგებელია“.

დღეს უფრო მეტი ვიცით საკუთარი შეცდომების შესახებ, უფრო დაზღვეულნი ვართ შენიღბულთა ხრიკებისა და ფანდებისაგან. ჩვენ არ უნდა ვემსგავსოთ ბურბონებს, რომელთაც საფრანგეთის რევოლუციამ არც არაფერი შემატა და არც არაფერი ასწავლა.

1993 წლის 17 იანვარი.

[გაზ. „ქართული აზრი“, №1 (29), გვ. 2, 26 იანვარი, 1993 წ.].

 

ვიხსნათ საქართველო

(ვიდეომიმართვა ქართველი ერისადმი)

გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო!

მოგესალმებით ყველას. დიდი ხანია არ მომიმართავს თქვენთვის, არ მომიმართავს ქართველი ხალხისთვის და მსურს გაგიზიაროთ ზოგიერთი ჩემი მოსაზრება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე და ჩვენი ბრძოლის პერსპექტივაზე.

უმძიმესი ჟამი უდგას საქართველოს, მეგობრებო, რა დასამალია, ყველა კარგად ხედავს ამას. ყველამ კარგად ვიცით მიზეზები. აი, ერთი წელი გავიდა იმ სავალალო მოვლენების შემდეგ, რაც საქართველოში დაატრიალეს კრემლის აგენტებმა, საქართველოს მოსისხლე მტრებმა კრიმინალურ სამყაროსთან ერთად, კომუნისტურ მაფიასთან და ნომენკლატურასთან ერთად. საქართველოში დაიწყო რევანში ნომენკლატურისა, კომუნისტური მაფიისა და ყოველივე ამას ხელს უწყობდა კრემლი. ბუნებრივია, მეგობრებო, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ აწყობდა კრემლს. მას სურდა მორჩილი ხელისუფლება, რომელიც მის ინსტრუქციებს შეასრულებდა და მის ინტერესებს მოემსახურებოდა საქართველოში.

თქვენ იცით, რომ უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა დღეს. უნდა ითქვას სიმართლე ყოველივე ამის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. როდესაც ჩვენ გვესმის საქართველოს დღევანდელ მესვეურთაგან, რომ ისინი აშენებენ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომ ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ რეფორმებს, რომ, თურმე, წინა ხელისუფლებას მხოლოდ ზიანი მოჰქონდა საქართველოსთვის და ესენი საქართველოს გამაბედნიერებლები არიან, უნდა დავსვათ შეკითხვა: რა მოუტანეს მათ ქართველ ერს, რა მოუტანა ამ ერთმა წელმა საქართველოს? კონკრეტული მაგალითების საფუძველზე უნდა განვიხილოთ ყოველივე ეს.

მოუტანა ნგრევა, მოუტანა გენოციდი, მოუტანა რეპრესიები, ტერორი, საუკეთესო ახალგაზრდობის გაჟლეტა აფხაზეთის ომში, მოუტანა შიმშილი, მოუტანა ეკონომიკური კრახი და კატასტროფა, აი, რა მოუტანა ამ ერთმა წელმა საქართველოს. მოუტანა ცრუ პარლამენტის არჩევა, მოუტანა, აგრეთვე, ძველი ნომენკლატურის აღორძინება, კომუნიზმის რესტავრაცია, თუმც, დღესდღეობით ისინი კომუნისტებს აღარ უწოდებენ საკუთარ თავს. მოგეხსენებათ, ნამდვილი კომუნისტები „დემოკრატებად გარდაქმნილი“ კომუნისტები არიან.

სინამდვილეში კი მოხდა ყოფილი კომუნისტური პარტიული აპარატისა და ნომენკლატურის შერწყმა კრიმინალურ სამყაროსთან. ასეთი სახელმწიფო, მეგობრებო, ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი. ეს იყო ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მეორე საუკუნეში, კილიკიის მეკობრეთა სახელმწიფო, პირატთა სახელმწიფო, რომლიც შიშის ზარს სცემდა მეზობლებს, და რომელიც მითრიდატე პონტოელმა გაანადგურა. ერთადერთი პრეცედენტია ისტორიაში, როცა კრიმინალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, როცა ამ კრიმინალების ხელშია სახელმწიფოს მმართველობა, ეკონომიკა და პოლიტიკა. რატომ, მეგობრებო? იმის გამო, რომ არა მხოლოდ მოქალაქეთა პირად ქონებას, არამედ სახელმწიფო ქონებას, ხალხის დოვლათს დაეუფლნენ კრიმინალები, დაეუფლნენ და ხალხიც დატოვეს მშრალზე, გაძარცვეს. იძარცვება სახელმწიფო ხაზინა, იძარცვება ეკონომიკური რესურსები. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, მეგობრებო, მათ გაიგეს, როგორც საქართველოს რესურსების, წარმოების პროდუქტების გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე, უცხოეთში. მთელი მათი მოღვაწეობა ამ ერთი წლის მანძილზე იყო ძარცვა სახელმწიფოსი, ძარცვა ქართველი ხალხისა და ამ ნაძარცვის გაზიდვა უცხოეთში და იქ კაპიტალის დაგროვება. აი, ამით ისახელა თავი საქართველოს ამ ე.წ. ხელისუფლებამ და იმ კრიმინალურმა მაფიამ, რომელიც დღეს გაბატონდა საქართველოში.

ყველამ კარგად იცის, რომ დღეს საქართველოში გაბატონებულია იოსელიანის მაფია, იოსელიანის კრიმინალური ბანდები. ყოფილი ნომენკლატურის კომუნისტური მაფია და შევარდნაძე წარმოადგენს ფასადს ყოველივე ამისას, თუმცა კი უცხოეთში ამჟამად ცდილობენ მის რეაბილიტაციას. მოგეხსენებათ, მას ჯერ კიდევ ჰყავს იქ მძლავრი მხარდამჭერები. მოქმედებს საერთაშორისო კონიუნქტურა, ზოგიერთი მფარველი ჯერ კიდევ ებღაუჭება მას და ცდილობს მის შენარჩუნებას საქართველოს ხელისუფლებაში. იქ ხატავენ სურათს, თითქოს შევარდნაძე არის მსხვერპლი ამ კრიმინალებისა, თითქოს იგი საუკეთესო მიზნებით ჩამოვიდა საქართველოში, მას სურდა დემოკრატიის აშენება, მაგრამ ეს კრიმინალები გადაეღობნენ მას და არ აძლევენ ამის საშუალებას. სინამდვილეში კი საქმე პირიქით არის, მეგობრებო. როცა უცხოეთში მკითხეს, მართალია თუ არა, რომ შევარდნაძე არის ტრაგიკული ფიგურა, რომელსაც თავი ვეღარ დაუღწევია იოსელიანისა და კიტოვანის ბანდებისაგან და რომელიც ვერ ერევა მათ, მე ვუთხარი, რომ საქმე არის სწორედ პირიქით, რომ იოსელიანი და კიტოვანი არიან ტრაგიკული ფიგურები, ვინაიდან შევარდნაძემ კვლავ ჩააბა ისინი დანაშაულებრივ საქმიანობაში და სწორედ მან აამოქმედა ისინი, როგორც კრიმინალები და მათი ბანდები, რომ შევარდნაძეს არათუ არ სურს ამ ბანდების თავიდან მოცილება, პირიქით, იგი ეყრდნობა ამ ბანდებს, იგი წარმართავს ამ ბანდების საქმიანობას, სწორედ იგი წარმართავს საქართველოს ეკონომიკურ ძარცვა-გლეჯას, გაღატაკებას და საქართველოს დოვლათის უცხოეთში გაზიდვას, სწორედ მან აქცია საქართველო ნარკობიზნესის ხიდად. მეგობრებო, თქვენ იცით, რომ საქართველოში მოხდა ნარკობიზნესის ლეგალიზაცია. თქვენ იცით, რომ ამას წინათ თურქეთის საზღვარზე, სარფში დააკავეს ორი სატვირთო ავტომანქანა ნარკოტიკული ნივთიერებებით, კერძოდ, მარიხუანით დატვირთული, რომელიც მოდიოდა ავღანეთიდან შუა აზიაზე გავლით და მიდიოდა თურქეთში. ვინც დღეს კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას, დამეთანხმება, რომ სახელმწიფოს ხელისუფლების სანქციის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს იყო ორგანიზებული სწორედ ე.წ. ხელისუფლების მიერ. ამ ნარკოტიკულ ნივთიერებათა გადაზიდვა თურქეთში - აი, ეს არის მაფიის ძირითადი საქმიანობა, შევარდნაძის მაფიის ძირითადი საქმიანობა, ვინაიდან იოსელიანის მაფია ეს სწორედ შევარდნაძის მაფიაა, იოსელიანის ბანდები ეს იგივე შევარდნაძის ბანდებია. შევარდნაძე მათი მსხვერპლი კი არ არის, მათი მსხვერპლია ქართველი ხალხი, ხოლო შევარდნაძე ინსპირატორია მათი ყოველი დანაშაულისა, ყოველი უკეთური მოქმედების. შევარდნაძე ეყრდნობა მათ.

შევარდნაძემ პოლიცია დაუქვემდებარა ამ ბანდებს, დაუქვემდებარა პროკურატურასაც. მსოფლიოში, ალბათ, არ მოიძებნება სახელმწიფო, რომელსაც არ ჰყავდეს პოლიცია, და საქართველოს არ ჰყავს პოლიცია, არ ჰყავს სამართალდამცავი ორგანოები. კრიმინალები წარმართავენ ამ ორგანოების საქმიანობას, კრიმინალები აკონტროლებენ მათ საქმიანობას და კრიმინალები თავის ნებაზე იჭერენ და სჯიან ყველას, ვინც მათ თვალში არ მოუვათ, ვინც მათ რეჟიმის მოწინააღმდეგედ მიაჩნიათ და ეს არის, ასე შეიძლება ითქვას, კრიმინალური პოლიცია შევარდნაძისა, კრიმინალური ე.წ. “ოპრიჩნინა” შევარდნაძისა, რომელიც მას უნარჩუნებს ხელისუფლებას საქართველოში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ ბანდების თარეში რომ არა, შევარდნაძის რეჟიმი ერთ დღესაც ვერ გაძლებდა, მაგრამ უცხოეთში ცდილობენ შექმნან საპირისპირო სურათი, და ე. შევარდნაძე დაგვიხატონ, როგორც დიდი დემოკრატი, დიდი ჰუმანისტი, როგორც დიდი მებრძოლი დემოკრატიისათვის და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებისათვის, რომელსაც ვითომდაც ხელს უშლიან ეს კრიმინალები, მაგრამ ყველაზე დიდი კრიმინალი თავად შევარდნაძეა. აი, ეს ჭეშმარიტება უნდა დაინახოს მსოფლიომ, ეს უნდა დაინახოს ქართველმა ხალხმა. ამიტომ მე მოგიწოდებთ, მეგობრებო, დავაფიქსიროთ ყველა ფაქტი მათი დანაშაულისა, აღინუსხოს ყოველივე, რაც მოხდა და დღეს ხდება საქართველოში. არც ერთი დანაშაული ამ კრიმინალებისა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე, არ დარჩეს აღუნუსხავი. არც ერთი ამაზრზენი მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს სინამდვილეში. აი, ეს იქნება დიდი სამსახური ქართველი ერისა, აი ეს არის სწორი გზა ბრძოლისა დღეს, მეგობრებო.

თქვენ მოგეხსენებათ, თუ როგორ ამაყობდნენ ისინი პუტჩის მოწყობით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით, ამაყობდნენ იმ ტერორით, რაც საქართველოში დაატრიალეს, მაგრამ დღეს შეიცვალა ვითარება. გუშინ, სესიაზე უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ მათ დაგმეს პუტჩი და ამ პუტჩის მთავარ ინიციატორად და მომწყობად გამოაცხადეს კიტოვანი. ამჟამად სურთ ერთ პიროვნებას გადააბრალონ ყოველივე ის, რითაც ისინი ამაყობდნენ დღემდე, მაგრამ დღეს ვითარება იცვლება; მსოფლიო მოითხოვს მათგან პუტჩის დაგმობას, ძალადობის დაგმობას, მსოფლიო არ იწონებს ყოველივე იმას, რაც საქართველოში მოხდა და ხდება, უკვე გაძლიერდა მხილება სამართალდამცველი ორგანიზაციების მიერ და აი, ამჟამად გამოირკვა, რომ თურმე, ერთადერთი პიროვნება ყოფილა დამნაშავე, და, თურმე, ყველანი უდანაშაულონი არიან და არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ პუტჩში.

ჰო, მაგრამ, ვინ იყო ის, მეგობრებო, ვინც ჩამოსვლის პირველივე დღიდან, აეროპორტშივე, მიესალმა ავტომატიან ინტელიგენციას? რას სჩადიოდა ეს ავტომატიანი ინტელიგენცია? განა არ იყო იგი პუტჩის აქტიური მონაწილე? განა მას, მის საქმიანობას არ წარმართავდა შევარდნაზე მოსკოვიდან? ამჟამად კი ერთგვარი სირაქლემის პოლიტიკა არჩიეს და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მესვეურებიც კი გმობენ პუტჩს და გმობენ კიტოვანს, რომელიც, თურმე, ერთადერთი ინიციატორი და შემსრულებელი იყო ამ პუტჩისა. სინამდვილეში კი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ სწორედ პუტჩისტების ხელისუფლებაა დღეს, და რომ მთავარი პუტჩისტი არის სწორედ მათი მეთაური, ე.წ. სახელმწიფოს ე.წ. მეთაური, და რომ ამ პუტჩით მათ კატასტროფის პირას მიიყვანეს ქართველი ხალხი, საქართველოს ეკონომიკა. ვინაიდან, ვიმეორებ, მაფია, რომელიც გაბატონებულია დღეს საქართველოში, ძარცვავს ქვეყანას. მათ გუშინ თავადვე აღიარეს, შევარდნაძემ თავად აღიარა, რომ ამოწურულია საქართველოს რესურსები, ამოწურულია პროდუქცია და რომ საქართველო ვითომდაც ცხოვრობს ჰუმანიტარული დახმარების იმედით.

ჰო, მაგრამ ესეც სიცრუეა, მეგობრებო. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც შეეძლოს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების საშუალებით გაიტანოს თავი. მით უფრო, რომ მაფიებმა დაიტაცეს ყოველივე და მოსახლეობა ელემენტარული მოხმარების საქონლისა და პროდუქტების გარეშე დარჩა. დაიწყო მასობრივი შიმშილი. ამჟამად უკვე მსოფლიოს “წამყვან” სახელმწიფოებს “სხვა გზა არ დარჩენიათ”, თუ არა შეიარაღებული ინტერვენცია. აი, ეს ემუქრება საქართველოს, თუ გაგრძელდა მაფიოზური ხუნტის ბატონობა და თუ გაგრძელდა ამ უკანონო ხელისუფლების არსებობა, მეგობრებო, ეს ყოველივე უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ დღეს. გავაცნობიეროთ, აგრეთვე, ის ღალატი, რომელიც მათ ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ.

როგორც ხედავთ, საქართველოს ტერიტორია თანდათან მცირდება: დავკარგეთ სამაჩაბლო, ვკარგავთ აფხაზეთს და შევარდნაძე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე უეცრად ქამელეონივით გარდაიქმნა, გადაიქცა საოცარ “პატრიოტად” და “ნაციონალისტად”, რომელიც მოუწოდებს ვითომდაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისაკენ, სინამდვილეში თავისი საქმიანობით დღითიდღე არღვევს ამ მთლიანობას - სამაჩაბლო უმტკივნეულოდ ჩაბარდა მტერს. რა არის ამის მიზეზი? აქ მარტო კრემლის იმპერიალიზმი არ გახლავთ დამნაშავე, მე ვფიქრობ, ეს არის უდიდესი გარიგება შევარდნაძისა არა მარტო კრემლთან, არამედ მოსკოვის ოსურ “ლობისთან”. მოსკოვში მოქმედებს ძლიერი ოსური “ლობი”, რომელშიც შედიან ყოფილი პარტიული ფუნქციონერები, სამხედროები, უაღრესად მდიდარი ადამიანები. ეს “ლობი” მოქმედებს მოსკოვში და აქვს უდიდესი ზეგავლენა რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებაზეც. ამით აიხსნება, სხვათა შორის, ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტში ჯარების ჩარევა ოსების მხარეზე, ამით აიხსნება ე.წ. მშვიდობისმყოფელი ძალების შემოყვანა სამაჩაბლოში, რომელნიც ოსების მხარეს იჭერენ. აი, ამათი ვალი ჰქონდა შევარდნაძეს, შევარდნაძეს ჰქონდა ვალი მოსკოვის ოსური “ლობის”, ვინაიდან ეს “ლობი” დაეხმარა მას საქართველოში სამხედრო გადატრიალების მოწყობაში. აი, ამ მიზეზით შევარდნაძემ და იოსელიანმა გადატრიალების პირველივე დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი კულუმბეგოვი, კრიმინალი, რომელიც თავდაყირა დაკიდებულს აწამებდა ქართველ ტყვეებს, გაანთავისუფლეს, შეაქმნევინეს ე.წ. სახელმწიფო სამხრეთ ოსეთისა და დღეს სდებენ მასთან სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას. ეს ჩემი გამონაგონი არ გახლავთ, მეგობრებო, ქართულ პრესაში ეს ყოველივე დაიბეჭდა. ე.წ. მინისტრი ელოშვილი და კავსაძე დღეს ლაპარაკობენ ცხინვალის ხელისუფლებასთან სამთავრობათშორისო ხელშეკრულების შესახებ. რას ნიშნავს ეს? ე.ი. ცხინვალს ჰყოლია მთავრობა ისეთი, როგორიც დღეს ჰყავს საქართველოს (ერთი მხრივ, მართალია, ცხინვალს ისეთივე უკანონო მთავრობა ჰყავს, როგორც დღეს საქართველოს) და ამ ორ მთავრობას შორის იდება სამთავრობათშორისო ხელშეკრულება.

აი, შედეგი შევარდნაძის გარიგებისა რუსეთთან და ოსურ “ლობისთან”, დაგომისის გარიგების პირდაპირი შედეგი, აი, ამ ღალატის შედეგი, რომელიც ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ. ასეთივე ღალატი ჩაიდინეს აფხაზეთში, დაიწყეს სისხლისმღვრელი ომი და დღეს, უკვე ომის მეექვსე თვის თავზე შევარდნაძე აცხადებს, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად ამ ომისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ პროფესიონალური არმია, რათა ეს ომი მოვიგოთ.

თურმე, ჯერ უნდა დაიწყო ომი, გაჟლიტო აურაცხელი უდანაშაულო ადამიანი, გაჟლიტო საუკეთესო ახალგაზრდობა და შემდეგ განაცხადო, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად ამ ომისათვის, რომ ამისთვის უნდა მოვემზადოთ ახლა, უნდა შევქმნათ პროფესიონალური არმია. აი, როგორია ლოგიკა ამ “დიდი პოლიტიკოსისა”, ამ “დიდი სტრატეგისა”.

ეს მითი შევარდნაძის დიდი პოლიტიკოსობის შესახებ თანდათანობით ქარწყლდება. განა ყველამ არ იცის, რომ დამოუკიდებელი მუშაობის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი მას არასოდეს ჰქონია, რომ იგი პოლიტბიუროს რუპორია, რომ იგი ასრულებდა მხოლოდ მოსკოვის პოლიტბიუროს დავალებებს მაშინაც, როცა ის იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.

როდის ჰქონია მას დამოუკიდებელი მუშაობის, დამოუკიდებელი აზროვნების საშუალება? ის იყო მხოლოდ შემსრულებელი, კარგი შემსრულებელი მოსკოვის ინსტრუქციებისა და დღეს, როცა იგი აღმოჩნდა სახელმწიფოს სათავეში და როდესაც გახდა საჭირო დამოუკიდებელი აზროვნება, დამოუკიდებელი მოქმედება, იგი უბრალოდ უძლური და უმწეო აღმოჩნდა, ვინაიდან მას ამის უნარი არასოდეს ჰქონია. აი, სიმართლე შევარდნაძისა და მისი პოლიტიკის შესახებ. რატომ აღმოჩნდა ეს პოლიტიკა ასეთი უმწეო, ასეთი მოღალატური? ვინაიდან დღესაც იგი ასრულებს კრემლის იმპერიის ინსტრუქციებს, იგი ისევ მოიმედეა კრემლის ინსტრუქციებისა, ოღონდ ეს უკვე კეთდება ძალიან შენიღბულად და არა ისე აშკარად, როგორც მაშინ. მოუხსნეს რუსულ ჯარს საოკუპაციოს სტატუსი, აღიარეს ე.წ. სამშვიდობო ძალების მოქმედების კანონიერება სამაჩაბლოში, ვითომდაც იბრძვიან იმისათვის, რომ გაიყვანონ რუსის ჯარი საქართველოს კონფლიქტის ზონიდან. ესეც სიცრუეა, მეგობრებო. როცა შევარდნაძეს მოსთხოვეს - იბრძოლე იმისთვის, რომ გაიყვანონ გუდაუთის „ბომბორას“ აეროპორტიდან სამხედრო თვითმფრინავები, რუსი სამხედრო მოსამსახურეები, მან მიუგო, ეს აეროდრომი, ეს სამხედრო მოსამსახურეები ჩვენ გვიცავენ დუდაევისაგან. თურმე ისინი აფხაზებს კი არ „იცავენ“ ქართველებისაგან, არამედ საქართველოს იცავენ დუდაევის თვითმფრინავების შემოჭრისაგან. თურმე დუდაევის თვითმფრინავები შეიჭრებიან გუდაუთაში, გუდაუთიდან გადმოიჭრებიან თბილისში და ამის გამო გუდაუთაში უნდა იყოს რუსული სამხედრო აეროდრომი, რათა დაიცვას თბილისი დუდაევის თვითმფრინავებისაგან. აი, ასეთი ტყუილებით კვებავენ ხალხს, მაგრამ მე მგონი, საქართველოში მცირეწლოვანი ბავშვიც კი არ მოიძებნება, ეს რომ დაიჯეროს. დუდაევი არავისზე არ აპირებს თავდასხმას, მით უმეტეს საქართველოზე. და ვინც ესხმის საქართველოს და ვინც არის საქართველოს მტერი, ჩვენ კარგად ვიცით. აქამდე გაჰყვიროდნენ, რომ გამსახურდიამ შემოიყვანა ჩეჩნები, კონფედერაციის მებრძოლები, ხოლო, როდესაც გამოჩნდა დნესტრისპირეთის კაზაკთა ბატალიონები, როცა გამოჩნდა ფსკოვის სადესანტო შენაერთები გაგრასა და გუდაუთაში, გაჩუმდნენ და ხმას არ იღებენ. რატომ, მეგობრებო? იქნებ, ეს შენაერთებიც გამსახურდიამ შემოიყვანა? შევამოწმოთ. ხომ ამტკიცებენ ისინი, რომ გამსახურდია კრემლთან თანამშრომლობს? მაგრამ იმდენად გაუტყდა სახელი მათ ინფორმაციებს, რომ დღეს უკვე ვეღარ ბედავენ, იციან, რომ ეს მართლაც დაუჯერებელი იქნება და ამიტომ გაჩუმდნენ.

ვინ დაამუხრუჭა ქართული ჯარი გუმისთის საზღვარზე? ეს დიდი მხედართმთავრები, დიდი გმირი მხედართმთავრები, რომლებიც იმუქრებოდნენ, რომ ერთ დღეში აიღებდნენ აფხაზეთს, რატომ სდუმან დღეს, რატომ არ ამბობენ, ვინ გასცა ბრძანება ქართული ჯარის შეჩერების შესახებ. თუმცა, ეს ყველამ კარგად იცის საქართველოში, მაგრამ... რატომ არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რატომ არ ასახელებენ იმ პიროვნებას? საქმე ის გახლავთ, რომ თვით ეს გმირი მხედართმთავრებიც კარგად არიან გათვითცნობიერებული და ამიტომ სდუმან, თქვან სიმართლე, ვინ შეაჩერა მათი შეტევა ცხინვალზე? ვინ გამოიწვია ისინი უკან? ვინ გადასცა ცხინვალი ოსეთს და რუსეთს? ვინ გადასცა აფხაზეთი რუსეთს დღეს? ვისი მიზეზით აიყარა აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობა? ამ კითხვებზე პასუხს დღევანდელ ქართულ პრესაში ვერ ვხვდებით, სამწუხაროდ, ვერც ჩვენი ორიენტაციის პრესაში. ეს ერთი მხრივ, გასაგებია, რადგან ყველას ეშინია იმ ტერორისტული მეთოდებისა, რომელთაც იყენებს შევარდნაძე, თუმც კი ტერორიზმში მე მდებს ბრალს, მაგრამ ყველასათვის თვალსაჩინოა, რომ მისი ჩამოსვლის დღიდან არნახული ტერორი მძვინვარებს საქართველოში. არნახული რეპრესიები დაატყდა თავს ქართველ ერს.

აი, მეგობრებო, იმ სავალალო გარიგების შედეგი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაგომისში, რომელსაც ადგილი აქვს, ალბათ, ფარულად. აი, ამ გარიგების, ამ ღალატის მხილება უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი დღეს.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მეგობრებო. მართალია, უმძიმესი დრო დადგა, მაგრამ მხოლოდ მხილებით, მხოლოდ სწორი ინფორმაციის შეგროვებით და გავრცელებით მივაღწევთ საწადელს პრესის ამოქმედებით, პროკლამაციებით, მოწოდებებით, დაუმორჩილებლობის ორგანიზებით უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს.

ჩვენი გზა არ არის ტერორი, ჩვენი გზა არ არის ძალადობა. თუმც კი გვაბრალებენ ამას, არც ერთ ჩემს მოწოდებაში, არც ერთ ჩემს მიმართვაში მე არ მომიწოდებია ტერორისაკენ, მე არ მომიწოდებია ძალადობისაკენ, მე ყოველთვის მოგიწოდებდით და მოგიწოდებთ ეროვნული დაუმორჩილებლობისაკენ, პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლისაკენ, პრესის გააქტიურებისკენ და, რაც მთავარია, პოლიტიკური ორგანიზაციების, ეროვნული, პატრიოტული ორგანიზაციების კონსოლიდაციისაკენ.

დღეს მრავალი ახალი პარტია და პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა, ყველა ეს ორგანიზაცია უნდა გააერთიანოს ისევ „მრგვალმა მაგიდამ“, „მრგვალი მაგიდა“ პირობითი სახელია, მეგობრებო. „მრგვალი მაგიდა“ ნიშნავს ერთიანობას, ერთიან ფრონტს, ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ შეცვლის „მრგვალ მაგიდას“. როგორც იცით, შეიქმნა მოძრაობა „ჭყონდიდელი“, რაც დიდად მისასალმებელია, შეიქმნა კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება, შეიქმნა სხვა მრავალი ორგანიზაცია თუ პარტია. ყველა მოუსყიდავი, ჭეშმარიტად ეროვნული, პატრიოტული ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს ისევ „მრგვალ მაგიდაში“. „მრგვალი მაგიდიდან“ ჩვენ გავრიცხეთ ისინი, ვინც ჩირქს სცხებდნენ მას. კერძოდ, გავრიცხეთ ე.წ. მერაბ კოსტავას საზოგადოება, რომელიც არცხვენდა ამ უდიდესი პიროვნების სახელს, გავრიცხეთ ცრუტრადიციონალისტები ასათიანის მეთაურობით და ამჟამად ნამდვილი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციები უნდა შევიდნენ „მრგვალ მაგიდაში“. „მრგვალმა მაგიდამ“ უნდა გაააქტიუროს მუშაობა. მთელ საქართველოში იმოქმედებენ რეგიონული სპიკერები, („მრგვალი მაგიდის“ სპიკერი ისევ მე გახლავართ), ადგილობრივი სპიკერები იმოქმედებენ რიგ-რიგობით, არჩევით. „მრგვალმა მაგიდამ“ უნდა იმუშაოს - ეს გახლავთ აუცილებელი. უნდა დაირაზმოს ეროვნული ძალები, უნდა მოხდეს დიდი კონსოლიდაცია, რათა ერთობლივი ფრონტის შექმნით მივაღწიოთ საყოველთაო მობილიზებას ეროვნული ძალებისას. უნდა ვიხსნათ საქართველო!

და ბოლოს, მინდა დავამთავრო რუსთაველის სიტყვებით: „ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვითკირსა“...

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „აღდგომა“, №3 (35), გვ. 1-2, 30 იანვარი, 1993 წ.]