Print

1993 წ. თებერვალი

თვე იგი მეორე - 1993 წ. თებერვალი

 

- მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

- მიმართვა ქართველი ერისადმი

- სტუ-ს გაზეთ „სამანი“-ს რედაქტორს, ბ-ნ გიორგი ანდრიაძეს

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

მიმართვა

სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

ძვირფასო ახალგაზრდებო! ყველა მოწინავე და ცივილიზებულ ქვეყანაში სტუდენტი ახალგაზრდობა ბარომეტრია ერის პოლიტიკური ცხოვრებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ძირითადი დასაყრდენი იყო ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში, შევარდნაძის კომუნისტურ, რუსიფიკატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში.

თუმც იმპერიის აგენტურა საქართველოში ყოველნაირად ცდილობდა ეროვნული მოძრაობისათვის და საერთოდ ეროვნული იდეოლოგიისათვის ჩამოეშორებინა სტუდენტი ახალგაზრდობა, დაენერგა მასში პოლიტიკური ინდიფერენტიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი, ყალბად გაგებული კოსმოპოლიტიზმი, ხოლო ახალგაზრდობის ნაკლებად მოაზროვნე ნაწილში - კრიმინალური იდეოლოგია. ეროვნული იდეალების ერთგულება ახალგაზრდობის ამ ცრუ მოძღვრებმა პროვინციალიზმად და ჩამორჩენილობად მონათლეს, რწმენის ერთგულება - ფანატიზმად, ნერგავდნენ დასავლეთის ფსევდოკულტურას, ფსევდომონდიალიზმს, უინტელექტო პროვინციალებს უწოდებდნენ ეროვნული მოძრაობის თავკაცებს, თავად პროვინციალები. ისინი ახალგაზრდობას უმალავდნენ, ან, შესაძლოა თავადაც არ უწყოდნენ, რომ ყოველ დროში თვით უნივერსალური, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე გენიოსები ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების თუ პოლიტიკის დარგში თავისი ერის გულმხურვალე პატრიოტები იყვნენ მუდამ და რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ურთიერთგამომრიცხავი არ გახლავთ, როგორც ეს შესანიშნავად აღნიშნა ჩვენმა დიდმა ვაჟა-ფშაველამ.

მიუხედავად ამისა, კრემლის ზემოხსენებული ემისრები განაგრძობდნენ თავის ბნელ საქმიანობას და ერთხანს მათ დიდ შედეგებს მიაღწიეს იმით, რომ ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაშორეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და, უფრო მეტიც, ეროვნული ხელისუფლებისადმი მტრულად განაწყვეს და ფსევდოოპოზიციურ საქმიანობაში ჩაითრიეს.

ეს ყოველივე კარგად გამოვლინდა ოპოზიციური ახალგაზრდობის ჩემთან შეხვედრისას 1991 წლის შემოდგომაზე.

მაგრამ განვლილმა ერთმა წელმა კარგად დაანახა ჩვენს ახალგაზრდობას, თუ ვინ არის ის პიროვნება, ვის მოსაყვანადაც მათ ზურგი აქციეს კანონიერ ხელისუფლებას და იდეალური პლატფორმა გაუმაგრეს პუტჩისტებს. ახლა, ვგონებ, ყველასათვის ნათელია, თუ რა მისიით იქნა იგი მოვლენილი საქართველოში და რას უქადის ჩვენს ქვეყანას მისი შემდგომი საქმიანობა პოლიტიკურ ასპარეზზე. დაქცეული საქართველო, დანგრეული და იავარქმნილი თბილისი, დაკარგული სამაჩაბლო და აფხაზეთი. კატასტროფის პირას მისული ეკონომიკა, ცრუ არჩევნები, ხელისუფლებაში დაბრუნებული ნომენკლატურულ-კომუნისტური მაფია კარგად მეტყველებენ მის როლზე და ამოცანებზე. დღეს მის გვერდით მხოლოდ დოლარებზე გაყიდული „პოლიტიკოსები“ და პარტოკრატი მაფიოზები დგანან.

უკანასკნელ ხანებში სანუგეშო ძვრებს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნებაში ამ მიმართებით და იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრს და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნის საქართველოს დაღუპვისაგან.

მსურს, აგრეთვე, ყველას ვამცნო, რომ ჩემი მიზანი არის არა თანამდებობის დაბრუნება, არამედ ჩვენს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის, კანონიერი ხელისუფლების აღგენა. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი კვლავ მხარში ამოგვიდგება საქართველოს ხსნისთვის ბრძოლაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წლის თებერვალი

[გაზ. „აღდგომა“, №7 (39), გვ. 1, 28 თებერვალი, 1993 წ.].

 

 

მიმართვა

ქართველი ერისადმი

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დღევანდელ ეტაპზე დგას უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე, რომლებთან დაკავშირებითაც გადავწყვიტე აზრის გამოთქმა. დღეს უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვისაკენ და ეროვნული კატასტროფისაკენ მიჰყავს პროიმპერიულ მაფიოზურ ხუნტას, რომელმაც იმპერიულ ძალებთან და საბჭოთა არმიასთან ერთად დაამხო ეროვნული ხელისუფლება და ამჟამად ახორციელებს საქართველოს ხელახალ ანექსიას. ამასთან, დღეს ცენტრისათვისაც და მისი მარიონეტული რეჟიმისთვისაც ნათელია, რომ დისკრედიტირებულ, მოღალატე, სისხლიან ხელისუფლებას და მის მიერ შეკოწიწებულ ნომენკლატურულ ცრუ პარლამენტს ადრე თუ გვიან მოუწევს პოლიტიკური არენის დატოვება საერთო-სახალხო მღელვარების და სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად. იქმნება საფრთხე ხელისუფლების ვაკუუმისა და, რაც ცენტრისათვის ყველაზე საგანგაშოა, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა.

დღეს თვითმარქვია ხუნტის ბანაკში გაიმართა პოლემიკა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით. თითქოსდა გამოიკვეთა ოპოზიცია, ცნობილი 25 პარტიის სახით, რომელიც გმობს არსებული ფაქტობრივი ხელისუფლების კურსს, გმობს დეკემბერ-იანვრის სისხლიან პუტჩსა და გადატრიალებას, იჩენს გარკვეულ ობიექტურობას აწ განდევნილი პრეზიდენტისა და დამხობილი ხელისუფლების მიმართ. მაგრამ აშკარაა, რომ იგი გაურბის სიმართლის თქმას და ჩქმალავს როლს იმ მოვლენებში, რომელთაც საქართველო დღეს კატასტროფამდე მიიყვანეს.

მე არ მსურს ვინმეს გადავუღობო გზა ჭეშმარიტ ეროვნულ პოზიციაზე დადგომისაკენ, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს შეუძლებელია ერის წინაშე საკუთარი ცოდვების სრული აღიარებისა და მონანიების გარეშე. სხვაგვარად არავინ ირწმუნებს მათ გულწრფელობას, უფრო მეტიც, ხალხში განმტკიცდება რწმენა, რომ ეს არის ხუნტის მიერ ნებადართული, მართული ოპოზიცია და აქვს არანაკლებ უკეთური მიზანი, ვიდრე პუტჩი და გადატრიალება იყო, ვინაიდან დღეს ქართველი ხალხის დარბევა, ილუზორულ იმედებით მისი გაპასიურება, ქვაბიდან ორთქლის გამოშვება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე მისთვის კანონიერი ხელისუფლების წართმევა და პროიმპერიული ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

ამის გამო მე მსურს, უწინარეს ყოვლისა, მივმართო ჩვენს ერს, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ჩვენს სტუდენტ ახალგაზრდობას, ინტელიგენციას, ყველას, ვისაც არ შეუბღალავს სახელი ხუნტასთან კოლაბორაციონიზმით, ნუ ვირწმუნებთ მხოლოდ მათ სიტყვებს, საქმეთა მათთაგან შევიცნოთ ისინი. ამასთან, მოგიწოდებთ მათთან პოლემიკისაკენ, მათი მხილებისაკენ ილიასეული დევიზით: „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?“ ქართველ ხალხს მეხსიერება არ დაუკარგავს, ყველას კარგად ახსოვს, რომ ისინი თავად მონაწილეობდნენ „ხელისუფლების არაცივილიზებული გზით“ შეცვლაში, რასაც დღეს გმობენ ესოდენის თავგამოდებით. დღეს სირაქლემის პოლიტიკით, ნახევარსიმართლის თქმით ვერავინ გავა ფონს.

მათ გულწრფელობაში გვაეჭვებს ისიც, რომ ისინი ნახევარსიმართლის გარდა, ისტორიის აშკარა გაყალბებასაც არ ერიდებიან, რათა მიჩქმალონ საკუთარი დანაშულები ერის წინაშე. 9 აპრილის მოძრაობა არ გაგრძელდა, ეროვნული ფორუმი გაიხლიჩა, ეს დიდი შეცდომა იყოო. ნურას უკაცრავად, ბატონებო! 9 აპრილის მოძრაობა გააგრძელა „მრგვალმა მაგიდამ“, რომელმაც ჩაატარა ისტორიული მნიშვნელობის პირველი მრავალპარტიული არჩევნები, თქვენს მიერ ბოიკოტირებული (და არა მხოლოდ რეფერენდუმი), რითაც უსისხლოდ დაამხო საქართველოში კომუნისტური წყობა და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩაატარა კონსტიტუციური რეფორმა, ძირეულად შეცვალა არსებული კონსტიტუცია, იგი ეროვნულ დროებით კონსტიტუციად აქცია და ამზადებდა დამოუკიდებელი საქართველოს ახალ კონსტიტუციას, რაც თქვენ ჩაშალეთ, ბატონებო! ეროვნული ფორუმი არ გახლეჩილა, იგი დასტოვეს ჭეშმარიტმა ეროვნულმა ძალებმა მას შემდეგ, რაც იგი „მხედრიონის“ ბანდამ ჩაიგდო ხელში, რომლის მარიონეტებად იქეცით თქვენ. შემდეგ კი მიეკედლეთ სუკის მიერ შექმნილ „ეროვნულ კონგრესს“ და ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ძალის, ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული (სინამდვილეში ანტიეროვნულ-პროკომუნისტური) პარტიის ეგიდის ქვეშ განაგრძობდით ბრძოლას ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ყბადაღებული „24-ე რეზოლიციაც“ თქვენი ერთობლივი ძალისხმევით იშვა. თქვენ აქტიურად მონაწილეობდით 2 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის მსგავს პროვოკაციულ აქციებში. თქვენ მათთან ერთად შეთხზეთ მითი საქართველოში ვითომდაც არსებული „დიქტატურის“ და „ტოტალიტარიზმის“ შესახებ. თქვენ ტაშს უკრავდით ამ დემაგოგთა და მოღალატეთა მიერ შეთითხნილ სიცრუეს „გამსახურდია-შევარდნაძის“ „გამსახურდია-იანაევის“ ალიანსის შესახებ. სინამდვილეში კი მათთან ერთად ჩამოიყვანეთ შევარდნაძე საქართველოში. თქვენ მათთან ერთად მოამზადეთ გადატრიალება, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა დამოუკიდებლობა, დამპყრობლის ჯარს მოუხსნა საოკუპაციო ჯარის სტატუსი და დააკანონა მისი ყოფნა სამანეთო ზონაში ანუ „ესენგე“-ში (დე ფაქტოდ). დიახ, ყველას კარგად ახსოვს, რომ ახალი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რკონთან და თბილისის ზღვასთან ალიანსში მყოფი, კანონიერი პარლამენტის შიგნიდან ამფეთქებელი, დეკემბერ-იანვრის სისხლიანი პუტჩის დროს განერიდა დედაქალაქს ვითომდაც ავადმყოფობის საბაბით, რათა დაერწმუნებინა დასავლეთ საქართველოს აბობოქრებული მოსახლეობა, პრეზიდენტსა და პარლამენტს არაფერი უჭირთ, ნუ წახვალთო მათ დასახმარებლად. კარგად გვახსოვს აგრეთვე კანონიერი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ფარული ალიანსი შევარდნაძესთან და პუტჩისტებთან, ტელევიზიასთან, შავნაბადაზე და თბილისის ზღავაზე მისი „მოღვაწეობა“.

ამრიგად, სანამ ისინი არ ამცნობენ ერს სრულ სიმართლეს თავიანთი უკეთური საქმიანობის შესახებ, ქვეყნის მტრებთან თავიანთი ალიანსის შესახებ, სანამ საქმით არ გამოისყიდიან თავიანთ დანაშაულებს, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ ისინი წარმოადგენენ არა ახალ ოპოზიციას არსებული თვითმარქვია ხელისუფლების მიმართ, არამედ ამ ხელისუფლებისა და ცენტრის მიერ შექმნილ მესამე ძალას, რომელიც სჭირდება ცენტრს ახალ დასაყრდენად მოსალოდნელი კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ ისინი წარმოადგენენ ქართულ ოპოზიციას, ჭეშმარიტ ოპოზიციასთან დაპირისპირებულს. თუმც, ამავე დროს, ვიმეორებ, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ვინმეს ვკრათ ხელი, ვინც ზემოხსენებულ პირობებს შეასრულებს და საქმით დაამტკიცებს თავის ერთგულებას ეროვნული საქმისადმი და კანონიერი ხელისუფლებისადმი. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთთანასწორი, ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობისა, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება დაგმობს საქართველოში მომხდარ გადატრიალებას, დაგმობს სისხლიან რეპრესიებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე, დაგმობს უკანონო, თვითმარქვია ხელისუფლებას, სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღადგენს კავშირს მის კანონიერ ხელისუფლებასთან. აგრეთვე, მას შემდეგ, რაც იგი ცნობს საქართველოს თავის მიერ ანექსირებულ ქვეყნად და საოკუპაციო ჯარებს გაიყვანს მისი ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ჭეშმარიტ ეროვნულ-განმათავისუფლებელ და დემოკრატიულ მოძრაობას, იგი კვლავ პარიტეტულ პრინციპზე უნდა გაერთიანდეს „მრგვალ მაგიდაში“, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი მოძრაობის ერთობისა და მისი კოორდინაციისა. ამასთან დაკავშირებით მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა ჭეშმარიტ ეროვნულ არაკოლაბორაციონალისტულ პოლიტიკურ ძალასთან.

გვფარავდეს ღმერთი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წლის თებერვალი

[გაზ. „აღდგომა“, №7 (39), გვ. 1, 28 თებერვალი, 1993 წ.].

 

 

სტუ-ს გაზეთ „სამანი“-ს რედაქტორს,

ბ-ნ გიორგი ანდრიაძეს

ძვირფასო გიორგი!

გვიან მივიღე თქვენი წერილი და ამიტომაც დამიგვიანდა პასუხი. ფრიად კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ვხედავ, რომ დღეს ჩვენს ახალგაზრდობაში მაინც არის ჯანსაღი ძალები, რომლებსაც სერიოზულად აფიქრებთ ჩვენი ერისა და ქვეყნის მომავალი. წავიკითხე თქვენი გაზეთის ორი ნომერი (ივნისისა და ოქტომბრისა), და მართალი გითხრათ, გული ჩამწყდა. საერთო შთაბეჭდილება ასეთია: ჩვენი ახალგაზრდობა დღეს არის უმწყემსოდ დარჩენილი ფარა, რომელსაც ცხვრის ტყავში გახვეული მგლები დაპატრონებიან. ისინი „გმოძღვრავენ“ თქვენ და „გიქადაგებენ“, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც „ძალუძთ ჭეშმარიტად დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს აშენება“, „შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია სტაბილიზაციისაკენ მიდის“, რომ „ბეიკერისნაირი ხალხი სიტყვას ჰაერზე არ ისვრის“ (ეს ივნისში იყო თქმული), რომ „სექსუალური თავისუფლება ხელს არ უშლის ზნეობრივ სისუფთავეს“ და სხვა. მართალია იქვე „ქედის“ საკმაოდ პრინციპული, ეროვნულ პოზიციებზე დამყარებული პროგრამაა გამოქვეყნებული, მაგრამ ეს არ ცვლის საქმეს. მე ვერ დავინახე მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ორიენტაცია. შესაძლოა თქვენი გაზეთის მომდევნო ნომრებში გამოასწორეთ ეს ყოველივე, მაგრამ მე ჯერ ხელთ არა მაქვს ეს ნომრები (სასურველი კი იქნებოდა მათი გაცნობა). საქართველოს დღევანდელი ტრაგედია გამოწვეულია იმით, რომ მტერმა მიაღწია ეროვნული მოძრაობის გახლეჩას. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში დანერგა ისეთი კოლაბორაციონისტული, შენიღბული ფსევდოეროვნული ორგანიზაციები, როგორიც არის ედპ, „საქართველოს ახალგაზრდობის დემოკრატიული კავშირი“, „მხედრიონი“, და სხვანი. როგორც ჩანს, მათ ახალგაზრდულ მოძრაობაში ღრმად აქვთ გადგმული ფესვები, რაც თქვენი გაზეთიდანაც ჩანს. დღეს ამ ორგანიზაციების კავშირი საქართველოს მტრებთან, პროიმპერიულ ნომენკლატურულ ხუნტასთან ყველასათვის ნათელია. თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ გაემიჯნება და არ დაგმობს ამ კოლაბორაციონისტულ ძალებს, რომელთაც დღეს საქართველოს დააკარგვინეს სახელმწიფოებრიობა და იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფისკენ მიჰყავთ, ჩვენს ქვეყანას გადარჩენა არ უწერია. სწორედ ხუნტისა და ამ ორგანიზაციების ზეობის შედეგია ყოველივე ის, რასაც თქვენ მწერთ: ძარცვა-ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, სიძულვილი, დაუნდობლობა, საერთო ნიჰილიზმი და სასოწარკვეთა. სწორედ მათი „დამსახურებაა“ იმ არაქრისტიანული, არაეროვნული, არატრადიციული ცნობიერებისა და ცხოვრების წესის დანერგვა, რომელიც ღუპავს დღეს ჩვენს ქვეყანას, მათგან მოდის აგრეთვე ფსევდოდასავლური ორიენტაცია, ეროვნული და ზნეობრივი გადაგვარება, ყოველივე ამას ისინი შეგნებულად ნერგავენ, რითაც იმ დიდი სატანისტური საძმოს დავალებას ასრულებენ, რომელმაც მოავლინა ისინი საქართველოში და ჩააბარა საჭე ხელისუფლებისა.

ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვებს.

I. ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ფასეულობათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთისა და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ძველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდელურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა, რუსთველური მსოფლმხედველობა. ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული, ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა. უფრო დეტალურად ყოველივე ამას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს წიგნებში „საქართველოს სულიერი მისსია“ და „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“. სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ძალები, ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას. მაგრამ გახსოვდეთ იოანე მახარობლის სიტყვები: „და ვიხილე მხეცი იგი და მეფენი ქვეყანისანი და მხედრობანი მათნი შეკრებულნი ბრძოლის ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მხედრობისა მისისა მიმართ. და შეპყრობილ იქნა მხეცი იგი და მის თანა ცრუ წინასწარმეტყველი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწუების წუმწუბითა. და სხუანი იგი მოისრნეს მახვილითა ცხენსა ზედა მჯდომარისათა, რომელი გამოვიდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი გაძღეს ხორცითა მათითა“ (იოანეს გამოცხადება, თ.19, 19-21).

II. მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ საქართველოში წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი, ორივენი მფარველნი არიან ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, ამ ორი წმინდანის სახელობის ეკლესიები ყველას სჭარბობენ საქართველოში. ქართული რელიგიური ელიტის აზრთამპყრობელნი მუდამ მართლმადიდებელი მამები იყვნენ, შემთხვევითი როდია რომ ორი უდიდესი მათგანი იოანე ოქროპირი და მაქსიმე აღმსარებელი საქართველოს მიწაში არიან დაკრძალულნი. მართლმადიდებელ წმინდანთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში. ეს მიუთითებს მართლმადიდებლობის პრიორიტეტზე. დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი.

III. სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია, შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება, დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლაში. სექტანტობის გაძლიერებას ხელს უწყობენ ჩვენი ეკლესიის ცრუ საჭეთმპყრობელნი, თავისი შეგნებული პასიურობით, ნიჰილიზმით, ინდიფერენტულობით და უზნეობით.

IV. ანთროპოსოფია არ არის რელიგიური აღმსარებლობა, იგი არ არის სექტა ან ორდენი. ეს არის შემეცნებითი მოძღვრება მატერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული. მე მესმის ამ კითხვის მიზანი. ამ კითხვასაც გავეცი სათანადო პასუხი ჩემს წიგნში „საქართველოს სულიერი მისსია“. აქაც გეტყვით: მეც და მერაბ კოსტავასაც ყველა ფილოსოფიური და სულიერი მოძღვრება შეგვისწავლია ყველა ერისა, ეს ჩვენი შემეცნებითი ძიებები იყო, რაც არასოდეს უშლიდა ხელს ჩვენს მართლმადიდებლურ აღმსარებლობას. ასეთ ჭორებს ავრცელებენ უწიგნურნი, უმეცარნი, რომელთაც ვერ გაურჩევიათ ურთიერთისაგან რელიგიისა და შემეცნების მიზნები. დღეს უწიგნური და უმეცარი ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე. ბასილი დიდი არ უკრძალავდა თავის მოწაფეებს პლატონისა და არისტოტელეს კითხვას, დავით აღმაშენებელიც თავისი დროის ყველა მოძღვრებას სწავლობდა, მაგრამ მართლმადიდებლობისთვის არასოდეს უღალატია, ასევე იყო რუსთაველიც, რაც ჩანს მისი პოემიდან. ასე რომ, ნუ აჰყვებით უმეცარ ავკაცთა მონაჭორებს. რელიგიურ და შემეცნებით საკითხებზე მსჯელობა მათი საქმე არ არის.

V. დასავლურ უზნეობას და კულტურის სუროგატებს თავად დასავლეთშიც ჰყავთ მოწინააღმდეგეები. რატომ მათ არ ბაძავენ ჩვენში ესოდენ გამრავლებული მოტრფიალენი „დასავლური ცხოვრების წესისა“? საქმე ის გახლავთ, რომ ამით შეგნებულად სურთ ქართული ქრისტიანული ცხოვრების წესისა და ზნეობის განადგურება, რათა უკეთ გადააგვარონ და მოსპონ ქართველი ერი. სხვათა შორის 1921 წელს საქართველოს დაპყრობისთანავე ბოლშევიკებმა თბილისში დააარსეს „ცეკვისა და პლასტიკის კურსები“, სადაც ზნეობრივად რყვნიდნენ ახალგაზრდობას. დღეს მათი სულიერი მემკვიდრეები იმავე იარაღს იყენებენ. ამიტომ გთხოვთ, ძალიან ნუ გაგიტაცებთ „სილამაზის კონკურსების“ მოწყობა და სხვა მსგავსი ღონისძიებები თმამოშვებული და საყურეებიანი „მამაკაცების“ მონაწილეობით.

VI. სხვათა შორის დღევანდელ დასავლეთში მამაკაცთა ემანსიპაციის მოძრაობაც დაიწყო, რაც იმის ნიშანია, რომ ხედავენ ქალთა ემანსიპაციის გადაჭარბებული, ცალმხრივი განვითარების საფრთხეს.

VII. ქართველი ქალისა და მამაკაცის სახე ყველაზე უკეთ ჩვენს ეროვნულ ტანსაცმელში და ეროვნულ ცეკვებშია გამოხატული. ქართული რაინდობა, იბერიულ-კავკასიური რაინდობაა ამ ჩაცმულობაში და ქალური კდემამოსილება. მე არ გეუბნებით დღეს ჩოხებითა და ქართული კაბებით იარეთ მეთქი, მაგრამ ის სული, რომელიც ამ ჩაცმულობით არის გამოხატული, უნდა აღდგეს ქართველ ქალში და ქართველ მამაკაცში.

VIII. ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობაში

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 27 თებერვალი

[გაზ. „სამანი“, მარტი 1993 წ.].