Print

1993 წ. მარტი

თვე იგი მესამე - 1993 წ. მარტი

 

- მიმართვა მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი

- მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი

- მიმართვა ქართველი ერისადმი

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

მიმართვა

მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი

ე. შევარდნაძის კრიმინალურ-ფაშისტური ხუნტა აწარმოებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ახალი გენოციდით ემუქრება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

12-13 მარტს საქართველოს ტელევიზიით გამოვიდნენ ხუნტის მეთაურები - სისხლიანი ჯალათები კიტოვანი და იოსელიანი, რომელთაც არაერთხელ შეიღებეს ხელები თანამემამულეთა სისხლით, და განაცხადეს, რომ ამზადებენ დიდ დამსჯელ ოპერაციას სამეგრელოში, რათა ერთხელ და სამუდამოდ ასწავლონ ჭკუა მის მოსახლეობას. საქმე ისაა, რომ ამ მოსახლეობამ მათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, არ სურს დაემორჩილოს დანაშაულებრივ რეჟიმს, არ აპირებს ჩაებას აფხაზეთში გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომში და, ბანდიტურ ფორმირებებს არ აძლევს საშუალებას ძარცვონ მისი სოფლები და ქალაქები.

მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს, ხმა აღიმაღლონ სამეგრელოს დასაცავად დამსჯელებისაგან და აარიდონ ახალი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში და კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „აღდგომა“, №9 (41), გვ. 1, 16 მარტი, 1993 წ.].

 

 

მიმართვა

სამეგრელოს მოსახლეობისადმი

 „სამეგრელოში ვიყავი და ვნახე საქართველო“

ილია ჭავჭავაძე

„სამეგრელო არის საქართველოს ხერხემალი“

კონსტანტინე გამსახურდია

ნეოკომუნისტური მაფიოზური ხუნტის მცდელობები სამეგრელოს დისკრედიტაციის მიზნით სამარცხვინოდ ჩაიშალა. სამეგრელოში ყველამ გააცნობიერა, რომ სამეგრელო „მეგრულ-აფხაზური“ რესპუბლიკისთვის როდი იბრძვის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და კანონიერი ხელისუფლების და კონსტიტუციის აღგენისათვის. სამეგრელოს დარბევამ და გენოციდმა ხუნტისათვის სასურველი შედეგები არ გამოიღო. ამის გამო ხუნტამ მიმართა ახალ ტაქტიკას, რომელიც უნდა გააცნობიეროს ამ კუთხის მოსახლეობამ.

უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ დღეს აფხაზებსა და ქართველებს შორის გაჩაღებული ომი მიზნად ისახავს უწინარეს ყოვლისა აფხაზეთის ქართული მოსახლეობის გენოციდს და ამავე დროს სამეგრელოს მოსახლეობის ჩათრევას ამ კონფლიქტში.

დღეისათვის ნათელია, რომ არსებობს შეთანხმება შევარდნაძესა და აფხაზ კომუნისტ-სეპარატისტებს შორის. ამით აიხსნება ის უცნაური მოვლენები, რომლის მოწმენიც გავხდით ყველანი ბოლო თვეებში. სოხუმის დაბომბვა სუ-25 ტიპის თვითმფრინავებით მრავალ კითხვას ბადებს. როგორც ცნობილია, ომის დროს მტერი პირველ რიგში სამხედრო ობიექტებს, ქალაქის აეროპორტს, საზღვაო პორტსა და მთავარ კომუნიკაციებს ბომბავს. ასეთ რამეს კი სოხუმში ადგილი არ ჰქონია. ეს თვითმფრინავები ბომბავდნენ ქართული მოსახლეობის საცხოვრებელ ბინებს, და განსაკუთრებით, ჭანბას ქუჩას, სადაც კანონიერი ხელისუფლების მომხრენი ყველაზე უფრო კომპაქტურად ცხოვრობენ. ხუნტის მიერ ჩამოგდებული სუ-27 იყო არა ბომბდამშენი, არამედ ავია-გამანადგურებელი, ასე რომ გასარკვევია, თუ ვის ეკუთვნოდა ბომბდამშენი. ისინი რუსეთსაც რომ ეკუთვნოდნენ, მაინც აშკარაა, რომ სოხუმი ხუნტასთან შეთანხმებით იბომბებოდა. სოხუმიდან ქართველთა გაძევება დაუშვებელია და ამას არავინ უარყოფს, ამიტომ ნათელია ხუნტისა და სეპარატისტების მიზანთა ერთიანობა.

ყოველივე ამას ზედ ერთვოდა შევარდნაძის უცნაური ვიზიტები სოხუმში, რომლის დროსაც დაბომბვა უეცრად წყდებოდა და სროლაც აღარ ისმოდა მოწინააღმდეგის მხრიდან, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა თავისუფლად დაეთვალიერებინა წინა ხაზზე სანგრები თვითრეკლამის მიზნით, შევარდნაძის თბილისში წამოსვლის შემდეგ კი ისევ იწყებოდა ყველაფერი. თუ მტერი ებრძვის ხუნტას, მას უწინარეს ყოვლისა „უმაღლესი მთავარსარდლობის“ განადგურება უნდა აწყობდეს. მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ როგორც ხუნტის, ასევე აფხაზ კომუნისტ-სეპარატისტთა უმთავრესი მიზანი არის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, აფხაზეთის დაცლა ქართველთაგან და ამ კუთხის გადაცემა რუსეთისადმი, გუმისთის სადემარკაციო ხაზიც, როგორც ჩანს, ახალი საზღვარია რუსეთ-საქართველოს შორის, რომელიც ჯერ კიდევ დაგომისში გაავლეს. იქვე დაიგეგმა დასჯა აფხაზეთის ქართული მოსახლეობისა, რომლის 80 პროცენტი კანონიერი ხელისუფლების მომხრეა.

გამოსაკვლევია აგრეთვე ისეთი უცნაური მოვლენები, როგორიც არის შევარდნაძის ჩამოსვლისთანავე წყლის, სინათლისა და პურის გამოჩენა, ხოლო მის წასვლის შემდეგ ყოველივე ამის გაუჩინარება. როგორც ჩანს, სოხუმის ბლოკადასაც ორივე მხარე ურთიერთშეთანხმებით ახორციელებს. აღარაფერს ვამბობ გაგრის შეგნებულად ჩაბარებაზე. ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა და ვგონებ, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ესეც გარიგების შედეგი იყო.

ამის გამო მოგიწოდებთ, ამხილოთ ერის მოღალატენი, არ ირწმუნოთ მათი დემაგოგია და არ წამოეგოთ მათ ანკესზე. ნურვინ დაივიწყებს, რომ აფხაზეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა დიდ ნაწილს ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი. ჩვენი მიზანია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი პოლიტიკური გზით. სხვაგვარი გზა დამღუპველია ორივე მხარისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

28 მარტი, 1993 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №12 (44), გვ. 1, 9 აპრილი, 1993 წ.].

 

 

მიმართვა

ქართველი ერისადმი

სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი

იმ მრავალ უბედურებათა შორის, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს მეოცე საუკუნეში, ერთ-ერთი უმთავრესია რწმენის დაცემა, რელიგიის განადგურების მცდელობა კომუნისტურ-ათეისტური სახელმწიფოს მიერ. მართალია, ეს სახელმწიფო თითქოს აღარ არსებობს, მაგრამ დარჩნენ მისი მესვეურები, რომლებმაც ისევ მოიკიდეს ფეხი საქართველოში. მათი მიზანია ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმოფხვრა ჩვენს ერში. იმ ქრისტიანობისა, რომელმაც გადაარჩინა, შეგვინარჩუნა ეროვნება, ენა, სახელმწიფოებრიობა. ბოროტების ეს მოციქულნი ქრისტიანობას ჯერ პირდაპირი ათეისტური ქადაგებით ებრძოდნენ, მაგრამ რა დაინახეს ამ ქადაგების უსარგებლობა, მოამრავლეს მწვალებლური, ეშმაკეული სექტები, რათა ხალხი ჩამოაშორონ ჭეშმარიტ რელიგიას. ამ სექტების უმრავლესობა უმეცარი ფანატიკოსების შექმნილია და არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტ რელიგიასთან და ბიბლიის ნამდვილ გაგებასთან. ერთ-ერთი ამათგანია ე.წ. იეღოვას მოწმეები, სექტა, რომელიც შეიქმნა ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მისი მიზანია არა მარტო ქრისტიანობის, არამედ ქრისტიანი ერების განადგურება. იეღოველებს ფარული ალიანსი აქვთ მარქსისტებთან და მათ დემაგოგიას ქადაგებენ, პირდებიან ხალხს თანასწორობას, კლასებს შორის განსხვავების მოსპობას და სხვა. ასე, რომ იეღოველები იგივე კომუნისტური აგენტურაა. ნიშანდობლივია, რომ ისინი ყველა სახელმწიფო წყობილებას აკრიტიკებენ, გარდა ათეისტურისა, რაც მიუთითებს მათ ნამდვილ არსზე. მათ მონაჩმახს მამა ღმერთსა (იოღოველსა) და ძე ღმერთს შორის დაპირისპირებაზე არაფერი აქვთ საერთო ბიბლიასთან. ისინი სარგებლობენ ხალხის უწიგნურობით რელიგიის სფეროში. ასეთივე რელიგიური უმეცრება უდევს საფუძვლად სხვა სექტებს.

დღეს სექტანტები ასეთ „ლოგიკას“ მიმართავენ. შეხედეთ, როგორი პიროვნებები მოკალათდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, შეხედეთ მათ პატრიარქს, მათ ეპისკოპოსებს. მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეკლესიას სუკის მიერ შეგზავნილი პიროვნებები კი არ განსაზღვრავენ მის არსს, არამედ სახარება, იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდანები. მთავარია მოძღვრება და არა პიროვნებები. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეკლესიაში დადებითი პიროვნებებიც არიან, რომელნიც ქადაგებენ ჭეშმარიტ მოძღვრებას.

დღეს ისევ ჩვენი ტაძრები, ჩვენი წმინდა სალოცავები, ჩვენი სახარება და ეკლესია თუ გადაგვარჩენს და ღვთის ერთგულება, მისი მცნებების ერთგულება.

ამის გამო მოგიწოდებთ, შეაქციოთ ზურგი სექტებს, დაუბრუნდეთ ეკლესიის წიაღს და ილოცეთ საქართველოსათვის, მისი ჭეშმარიტი რელიგიური და ეროვნული აღორძინებისათვის, მისი გადარჩენისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

31 მარტი, 1993 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №12 (44), გვ. 1, 9 აპრილი, 1993 წ.].