Print

1993 წ. აპრილი

თვე იგი მეოთხე - 1993 წ. აპრილი

 

- წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა

- მიმართვა სამურზაყანოს მოსახლეობისადმი

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა

ინტერვიუ

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ

ზვიად გამსახურდიასთან

ამ დღეებში, ქ. გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ბატონ ზვიად გამსახურდიასთან იმყოფებოდნენ ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა “ჭყონდიდელისა” და კ. გამსახურდიას საზოგადოების რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაზეთ „წალენჯიხის ზარების“ რედკოლეგიის წევრები, რომლებმაც ჩვენი რაიონის მოსახლეობის სახელით, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მის ოჯახს მიულოცეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული, უსურვეს ჯანმრთელობა და სამშობლოს თავისუფლებისათვის დაწყებული ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინება. ამასთანავე, გამოხატეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილი და რამდენიმე შეკითხვით მიმართეს რესპუბლიკის პრეზიდენტს.

ბატონო პრეზიდენტო! უკვე ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სისხლიან ხელისუფლებას კრიზისის დღეები უდგას. ეროვნული ძალების წინაშე მოქმედების ახალი ამოცანები ისახება. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

რაც უფრო ახლოვდება ხუნტის აღსასრული, მით უფრო მეტ ბოროტმოქმედებას სჩადის იგი. ახლა ჩვენი ბრძოლა ძირითადად უნდა წარიმართოს ხალხის მობილიზაციისკენ, ჩვენი ორგანიზაციების გაფართოებისა და განმტკიცებისაკენ „მრგვალი მაგიდის“ ეგიდის ქვეშ. სრულიად საქართველო უნდა დაირაზმოს, რათა ვიხსნათ ჩვენი ერი.

დაინტერესებული პირები ხალხში ავრცელებენ ხმას, რომ საქართველოს მზე ჩაესვენა, რომ მას არა აქვს შანსი აღორძინებისა. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

საქართველო ფენიქსია. ისტორიაში მრავალგზის ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენი მტრები ამბობდნენ, საქართველოს მზე ჩაესვენაო, მაგრამ საქართველო ისევე იკრებდა ძალას და ფენიქსებრ აღსდგებოდა ხოლმე, „ვინც შეჰნატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს“. ტყუილად როდი სთქვა აკაკიმ. მთავარია ჩვენ არ დავკარგოთ იმედი და გულხელი არ დავიკრიფოთ. ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ.

ბატონო ზვიად! გვინდა დღევანდელი მსოფლიოსათვის დამახასიათებელი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტეგრაციისა და ნაციონალიზაციის პროცესების თქვენეული მოკლე შეფასება.

მსოფლიოს ინტეგრაცია იმ ფორმით, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ ნაციონალურ კოსმოპოლიტებს, ჩაიშალა. სულ უფრო ძლიერდება დიდ და მცირე ერებში ეროვნული სახის შენარჩუნების ტენდენცია. მაასტრიხტის იდეაც აღარ არის იმდენად პოპულარული, უნიფიცირებული მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა ვეღარ ხერხდება „ატლანტიკიდან ვლადივასტოკამდე“, პირიქით, ამ სივრცეში უამრავი ახალი ერთეული წარმოიქმნება ალბათ.

ბევრი ითქვა და დაიწერა აფხაზეთის ომის შესახებ. მიუხედავად ამისა, ხუნტა კვლავ ცდილობს ისარგებლოს ამ ომთან დაკავშირებული სიძნელეებით. ამასთან მოსახლეობა დაინტერესებულია უფრო ნათლად წარმოადგინოს აფხაზეთის პერსპექტივა. თქვენს რჩევას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

მთავარია ვამხილოთ ამ ომის ანტიეროვნული და პროვოკაციული არსი. შევარდნაძის მოღალატური პოლიტიკა, რომელმაც აფხაზეთის ნახევარი უკვე ჩააბარა, ისევე, როგორც მთელი სამაჩაბლო. შევარდნაძე და კომუნისტ-სეპარატისტები ერთობლივად მოქმედებენ. ამაზე უნდა ავუხილოთ თვალი როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს. უნდა ვეძებოთ დიალოგის გზები ისეთ აფხაზებთან, რომლებიც ხედავენ სეპარატიზმის დამღუპველობას.

ბატონო პრეზიდენტო! პატარა წალენჯიხას სისხლიანმა ხუნტამ უდიდესი უბედურება დაატეხა თავს. წამებით დახოცილია ათობით ახალგაზრდა, გადამწვარია სახლები და გაძარცულია მთელი რაიონი, მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც არ შემდრკალა, არ უღალატია კანონიერი პრეზიდენტისა და ეროვნული იდეისათვის. ისინი გამოსავალს პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებასა და კანონიერების აღდგენაში ხედავენ.

წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოდ მესახება. მასავით დარბეული და გაძარცული, მასავით გაუტეხელი და მედგარი. „წალენჯიხის ზარებიც ალბათ იმ გატაცებულ ზარებს გვახსენებენ. იმ ზარების გამტაცებლები ხომ დღეს მთელს საქართველოს ძარცვავენ. მინდა მივუსამძიმრო ყველა ჭირისუფალს, დედებს, დებს, მშობლებს, მეუღლეებს, მათთან ერთად ვგლოვობ ყველა დაღუპულს. მაოცებს გმირობა და სიმტკიცე ჩვენი ხალხისა, რომელსაც ვერავითარმა უბედურებამ ვერ ააღებინა ხელი სამართლიანობისათვის ბრძოლაზე.

რას უსურვებდით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას?

ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ვუსურვებ ერთიანობას, სიმტკიცეს, შეუპოვრობას. გული მტკივა, როდესაც მესმის განხეთქილებებზე, დავაზე, შუღლზე ჩვენს ბანაკში. გვახსოვდეს, უნდა მივუტევოთ ურთიერთს, რათა არ დავიქსაქსოთ და არ დავძაბუნდეთ. იდეის ერთგულება, ჭეშმარიტების ერთგულება, ურთიერთის სიყვარული, აი, რა მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეფასებას აძლევთ ჩვენს გაზეთს და რას უსურვებდით მომავალში?

დიდად მომეწონა თქვენი გაზეთის ორი ნომერი, რომელიც გამაცნეს. პრესა დიდი ძალაა, დიდად გამახარა ამ ახალმა გაზეთმა. გისურვებთ, მეტი დოკუმენტური მასალა გამოგექვეყნებინოთ ხუნტის ბარბაროსობაზე, მისი არც ერთი დანაშული არ უნდა დარჩეს მხილების გარეშე. მასალებს მეც მოგაწოდებთ.

[გაზ. „წალენჯიხის ზარები“, №3, გვ. 1, 15-30 აპრილი, 1993 წ.].

 

 

მიმართვა

სამურზაყანოს მოსახლეობისადმი

სამურზაყანო, ისევე როგორც მთელი აფხაზეთი, საქართველოს განუყოფელი ნაწილია. თქვენი კუთხის მოსახლეობა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გვერდით, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

მას შემდეგ, რაც კრიმინალურმა ხუნტამ აფხაზეთში გააჩაღა დამღუპველი ძმათამკვლელი ომი, სამურზაყანოს როლი კიდევ უფრო გაიზარდა. თქვენს წინაშეა არჩევანი: ან მხარი უნდა დაუჭიროთ ისევ იმ კურსს, რომლის ერთგულნიც იყავით დღემდის, ან ჩაებათ დამღუპველ ეთნოკონფლიქტში.

დღეს შევარდნაძის ხუნტა და სეპარატისტები ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ, ყოველნაირად ხელს უშლიან ეროვნულ შერიგებას, რათა რაც შეიძლება მეტი ქართველი გაწყდეს აფხაზეთში და რაც მთავარია, აფხაზეთი დაიცალოს ქართველებისაგან.

ჩვენი კურსი კი არის ეროვნული შერიგება, ყველა სადაო საკითხის გადაწყვეტა მოლაპარაკების გზით. მოგიწოდებთ, ჩაებათ ამ პროცესში, არ აჰყვეთ ხუნტის დემაგოგიას, დაგმოთ კრიმინალები, რომელნიც ცდილობენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას და სისხლიანი კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას.

ჩვენ და აფხაზებს საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად გვიცხოვრია ამ მიწაზე და მომავალშიც ვიცხოვრებთ. მთავარია, აფხაზეთი ჩვენმა ძალებმა გააკონტროლონ და განახორციელონ მშვიდობიანი მისია.

მჭიდრო კონტაქტი იქონიეთ ზუგდიდის დაუმორჩილებლობის კომიტეტთან, სრულიად საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობასთან. დავდგეთ მტკიცედ ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაპოვართა დასაცავად, ვიბრძოლოთ კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად, რის შედეგადაც დამარცხდება როგორც ხუნტა, ასევე სეპარატისტები. მომავალი ჩვენია.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993. 25 აპრილი

[გაზ. „აღდგომა“, №15 (47), გვ. 1, 4 მაისი, 1993 წ.].