Print

1993 წ. ივნისი

თვე იგი მეექვსე - 1993 წ. ივნისი

 

- სამძიმარი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

- მიმართვა საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი

- საქართველოს პრესას

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- მიმართვა სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი

- ბატონ ჰელმუტ კოლს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს

- საქართველოს რეპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პასუხები უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის  დეპუტატ გ. მარჯანიშვილის შეკითხვებზე

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

სამძიმარი

საქართველოს ამ დიდი ვაების ჟამს მრავალი ერთგული და თავდადებული მეომარი გამოაკლდა ჩვენი შეიარაღებული ძალების რიგებს. მოგმართავთ მათ ოჯახებს, ჭირისუფლებს. ნეტარია მისი ხსენება, ვინც მამულს შეეწირა. ვიზიარებ ყველა თქვენგანის მწუხარებას, საქართველო არ დაივიწყებს თავისი სასიქადულო შვილების ღვაწლს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 7 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №20 (52), გვ. 1, 16 ივნისი, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

გამოეცხადოს მადლობა ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოს და მის უფროსს პოლკოვნიკ ვახტანგ ქობალიას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 7 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №20 (52), გვ. 1, 16 ივნისი, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

ეროვნული გვარდიის გორის ბატალიონისათვის

მადლობის გამოცხადების შესახებ

გამოეცხადოს მადლობა ეროვნული გვარდიის გორის ბატალიონს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 7 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №20 (52), გვ. 1, 16 ივნისი, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

ზვიად ძიძიგურის

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

საგანგებო რწმუნებულად იმერეთის რეგიონში დანიშვნის შესახებ

დაინიშნოს ზვიად ძიძიგური საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულად იმერეთის რეგიონში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 7 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №20 (52), გვ. 1, 16 ივნისი, 1993 წ.].

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

მადლობის გამოცხადების შესახებ

გამოეცხადოს მადლობა ეროვნული გვარდიის სლავა მინჯიას სახელობის პოლკს, მის მეთაურს გვარდიის კაპიტანს, ზუგდიდის კომენდანტს ბადრი ზარანდიას, გვარდიის ოპერ-სამსახურს, მის უფროსს გვარდიის უფროს მაიორს ჯამბულ ბოკუჩავას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

7 ივნისი 1993 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №21 (53), გვ. 1, 24 ივნისი, 1993 წ.].

 

 

მიმართვა

სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

მოგმართავთ ყველას ერთობლივად, ვინც დღეს იბრძვით აფხაზეთში, ვინაიდან არ მსურს თქვენი დაყოფა ჩემს მომხრეებად და არამომხრეებად. დღეს ყოველი თქვენგანი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას და პასუხისმგებელია ღვთისა და ერის წინაშე.

მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო მოღალატურ პოლიტიკას შევარდნაძისა, რომელმაც მტერს ჩააბარა საქართველოს ტერიტორია გუმისთიდან ფსოუმდე, ისევე, როგორც მთელი სამაჩაბლო, და ამჟამად ამზადებს გაუგონარ ღალატს - სოხუმისა და ოჩამჩირის ჩაბარებას. მისი დეკლარაციები და განცხადებები არ უნდა ირწმუნოთ. მისი გარიგებები მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან, მისი საეჭვო ვიზიტები სოხუმში, აგრეთვე მისი განცხადება: “თუ სამეგრელოში არ დავშოშმინდებით, აფხაზეთში უარესი მოგვივა, ვიდრე სამაჩაბლოში”, ნათელყოფენ მის ალიანსს აფხაზ კომუნისტ სეპარატისტებთან და რუსეთის რეაქციულ ძალებთან. ამავე დროს, აფხაზეთის ომის შეწყვეტა მას არ აწყობს, ვინაიდან ამას მოჰყვება მისი უკანონო ხელისუფლების დამხობა. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ შევარდნაძემ ჩაშალა ჩვენი ჯარების გუმისთაზე გადასვლა და ტყვარჩელისა და გუდაუთის აღება, რაც მტერთან მისი გარიგების შედეგია.

ძმებო! გახსოვდეთ, რომ აფხაზეთის ქართული მოსახლეობა განწირულია, თუ არ აღდგა კანონიერი ხელისუფლება. ჩემი დისკრედიტაციის მიზნით შევარდნაძე და მაფიოზურ-კომუნისტური ხუნტა ავრცელებდა ჭორებს, თითქოს აფხაზეთში მე შემოვიყვანე ჩეჩენი მეომრები. თქვენ უნდა იცოდეთ სიმართლე ყოველივე ამის შესახებ: ომის დაწყებისთანავე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთი არ ჩაერევა ამ ომში და ჩეჩნეთის არმიის არც ერთი ჯარისკაცი არ იბრძოლეს აფხაზეთში, მაგრამ იმპერიის აგენტურამ, ე.წ. კონფედერაციამ გაგზავნა აფხაზეთში თავისი მოხალისეები, რომლებიც დუდაევს არ ემორჩილებოდნენ (დღეს, როდესაც კონფედერაციის ავტორიტეტი დაეცა, დუდაევმა მიაღწია მათ გამოყვანას აფხაზეთიდან). ხუნტამ კი შეთითხნა ყალბი მიმართვები, ვითომდაც ჩემი სახელით, დაამონტაჟა ყალბი “სატელეფონო საუბრები”, რომლებსაც თბილისის ტელევიზიის თანამშრომლები ახმოვანებდნენ ჩემი ხმის მიბაძვით, რათა ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს მე ვხელმძღვანელობდი ჩეჩნებს, თითქოს გაგრის დაკარგვა ჩემი ბრალი იყო და არა შევარდნაძისა, რომელმაც გაგრა რუსეთს მიჰყიდა დაგომისის გარიგებით სამაჩაბლოსთან ერთად. მე შეგახსენებთ გ. ყარყარაშვილის ინტერვიუს და განცხადებებს, რომელიც ყოველივე ამას ადასტურებს. სირცხვილი მას, რომ ამის შემდეგ იგი დათანხმდა შევარდნაძეს მინისტრობაზე.

ხუნტა აცხადებს, რომ მე ხელს ვუწყობდი აფხაზ სეპარატისტებს, სინამდვილეში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზეთში ჩვენი ეროვნული გვარდია იდგა და აფხაზეთის გვარდია არ არსებობდა, მილიციაც თითქმის მთლიანად ჩვენი იყო. არძინბას დანიშვნას მე ხელს ვერ შევუშლიდი, რადგან არ მქონდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები საამისოდ. სამაგიეროდ არძინბა ჩემს დროს თბილისში ვერ ჩამოდიოდა დაპატიმრების შიშით და ვერც ვერაფერს ბედავდა. ვერც მისმა პარლამენტმა გაბედა სეპარატისტული ნაბიჯების გადადგმა იმ პერიოდში. ვინაიდან ის უმრავლესობა, რომელიც მათ ჰქონდათ, კონსტიტუციური ცვლილებების უფლებას არ იძლეოდა, მაგრამ, როგორც კი დაინახეს კანონიერი ხელისუფლების განდევნა, კონსტიტუციის გაუქმება და უკანონო ხუნტის მოსვლა ხელისუფლების სათავეში, ჩაიდინეს ყოველივე ის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ხუნტამ სოხუმში გაავრცელა აგრეთვე ჭორი, თითქოს მე ტყვარჩელის აღების წინააღმდეგი ვარ. სინამდვილეში ჩემი პოზიცია ასეთია, თუ ოჩამჩირის აფხაზობა უარს იტყვის ჩვენთან შემორიგებაზე, ტყვარჩელი აუცილებლად უნდა იქნეს აღებული, რათა ოჩამჩირეც არ დავკარგოთ და სოხუმი ალყაში არ აღმოჩნდეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტი, ჩემი ქვეყნიდან კომუნისტურ-მაფიოზური პროიმპერიული ხუნტის მიერ ძალადობით განდევნილი, რომელსაც ფიცი მაქვს დადებული საქართველოს კონსტიტუციისა და მისი ინტერესების ერთგულებისა, ჩემს თავს მოვალედ ვრაცხ გამცნოთ შემდეგი: დღეს უდიდესი საფრთხე ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დგას ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

დღეს, როგორც არასოდეს, აუცილებელია ჩემი ყოფნა ჩემს ხალხთან, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მას ყველაზე მეტად უჭირს. ასეთი რეგიონია აფხაზეთი, სადაც ხუნტამ იმპერიის კარნახით გააჩაღა ძმათამკვლელი ომი, რომლის მიზანია აფხაზეთის ქართული მოსახლეობის განადგურება და ამ კუთხის მტრისთვის გადაცემა. მიუხედავად ჩემი არაერთგზის ცდისა, შევარდნაძის, იოსელიანის, ბათიაშვილის სპეცსამსახური მიქმნის ყოველგვარ დაბრკოლებებს, რათა ვერ ჩამოვიდე საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი ჩამოსვლა გამოიწვევს არა მარტო მოსახლეობის კონსოლიდაციას, არამედ სრული და საყოველთაო მობილიზაციის დაწყებას მთელი საქართველოს და, განსაკუთრებით, სამეგრელოს მასშტაბით აფხაზეთის ქართველობის დასახმარებლად.

თქვენ კარგად იცით, რომ შევარდნაძის და მისი ხუნტის მოწოდებით არავის სურს ჯარში წასვლა, ამიტომ ჩაიშალა მობილიზაცია. ჩემი საქართველოში ჩამოსვლა და კერძოდ, აფხაზეთში გამოჩენა კი კარდინალურად შეცვლის მდგომარეობას და ომის ბედიც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

ამავე დროს ჩემი ჩამოსვლა სოხუმში უფრო მეტად დააფიქრებს აფხაზურ და რუსულ მხარეს, რაც შესაძლებლობას შექმნის რეალური მოლაპარაკებისას, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ძალის პოზიციიდან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინადადებას გაძლევთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ მეომრების ხელმოწერების შეგროვება, რათა გადადგეს შევარდნაძე და მისი კომუნისტურ-მაფიოზური ხუნტა, აღდგეს კანონიერი ხელისუფლება და მომეცეს საშუალება საქართველოში დაბრუნებისა. თქვენ ძალგიძთ ამის გაკეთება, თუ მოინდომებთ. გახსოვდეთ, რომ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ქართული მოსახლეობის, აფხაზეთის ფრონტზე მებრძოლი ქართული მხედრობის, არამედ სრულიად საქართველოს ბედი და, თუ ეს უახლოეს ხანში არ მოხდა, აფხაზეთი დაიკარგება, საქართველო განადგურდება და აღარც არაფერი გექნებათ დასაცავი. მოველი თქვენგან სწრაფ მოქმედებას და წერილობით პასუხს.

ძმური სალმით,

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წ. 7 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №20 (52), გვ. 1, 16 ივნისი, 1993 წ.].

 

ბატონ ჰელმუტ კოლს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს

ბატონო კანცლერო!

გერმანიის ელჩმა საქართველოს რესპუბლიკაში ბატონმა დალჰოფმა ახლახან საქართველოს ტელევიზიით განაცხადა ე. შევარდნაძის შესაძლო გადადგომის შესახებ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს საერთაშორისო ავტორიტეტს და ყოველგვარ დახმარებას საზღვარგარეთიდან.

ეს განცხადება განიხილება როგორც უშუალო ჩარევა სუვერენულ სახელმწიფოს შინაურ საქმეებში, უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ტაქტისა. გაეროს და ეუთოს პრინციპების თანახმად, ყველა ერს აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს ხელმძღვანელი სხვა ქვეყნის დიქტატისა და ჩარევის გარეშე.

ქართველი ხალხი იმიტომ მოითხოვს შევარდნაძის გადადგომას, რომ მას არ ძალუძს ქვეყნის მართვა. მან საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე, კრიმინალურ ანარქიამდე და სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. გერმანიის მთავრობას არ აქვს არავითარი უფლება აიძულოს ან უბრძანოს ქართველ ერს აირჩიოს გერმანიისათვის და არა თავად საქართველოსთვის სასურველი ხელმძღვანელი. ამასთან ისიც უნდა იცოდეთ, რომ დასავლეთიდან ჩამოსულ ჰუმანიტარულ დახმარებას არავითარი შვება არ მოაქვს ჩვენი ხალხისათვის, რადგან მის უდიდეს ნაწილს ქვეყნის მმართველი მაფია ითვისებს და ყიდის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ქართველი ხალხი კარგა ხანია არავითარ დახმარებას არ ღებულობს გარე სამყაროდან.

თუკი ბატონ დალჰოფის განცხადება არ იყო გერმანიის მთავრობასთან შეთანხმებული და მან მხოლოდ პირადი მოსაზრება განაცხადა, როგორც ქვეყნის ოფიციალური თვალსაზრისი ესოდენ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მე თქვენს მთავრობას მოვუწოდებ, გამოიწვიოს ბატონი დალჰოფი საქართველოს რესპუბლიკის ელჩის თანამდებობიდან.

პატივისცემით ზვიად გამსახურდია

19 ივნისი, 1993 წ.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობაში

გროზნო, ჩეჩნეთის რესპუბლიკა.

[ბატონ ჰელმუტ კოლს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1992-1993“, კრებული. [სარედ. კოლ.: მიხეილ (გელა) სალუაშვილი (მთ. რედ. და სხვ.)]. - თბ. : ხმა ერისა, 1995 წ., 40-41 გვ.].

 

 

საქართველოს რეპუბლიკის პრეზიდენტის

ზვიად გამსახურდიას პასუხები

უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის

დეპუტატ გ. მარჯანიშვილის შეკითხვებზე

ბატონო პრეზიდენტო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ი. წერეთელმა საქართველოს ე.წ. პარლამენტში მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა. რა აზრისა ხართ მის ამგვარ მოთხოვნაზე?

როდესაც ვინმეს გადადგომას ითხოვ, ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარებ მის კანონიერ სტატუსს იმ თანამდებობაზე, რომელიც მას უკავია. ასე რომ, გადადგომის მოთხოვნა აღიარებაცაა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უკანონო ფაქტობრივი ხელისუფლების გაუქმება და იმ პირების ჩამოშორება ხელისუფლებიდან, რომელთაც დღეს ქვეყნის ხელმძღვანელის პრეტენზია აქვთ. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. პარლამენტში მხოლოდ ორი კაცი ითხოვს შევარდნაძის გადადგომას, შესაძლოა, ეს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვითაც მიმდინარეობდეს. შესაძლოა, შევარდნაძეს კიდეც აწყობდეს, რომ ისეთი არასტაბილური ქცევისა და აზროვნების კაცი, როგორიც არის წერეთელი, მოითხოვს მის გადადგომას, თანაც ვერავინ უსაყვედურებს, დემოკრატია არ არისო თქვენს ქვეყანაში, მაშინვე მიუთითებენ „ოპოზიციაზე“ წერეთლის სახით. მოსკოვიც მხოლოდ წერეთლის განცხადებებზე საუბრობს, იმაზე კი არას ამბობენ, ქართველი საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი რომ ითხოვს შევარდნაძის გადადგომას კოლექტიური წერილებით და მრავალათასიანი მიტინგებით.

წერეთელი თვლის, რომ წინა ხელისუფლებაც უკანონო იყო. როგორ შეაფასებდით მის ამ განცხადებას?

ამის მიზეზია მისი სრული უმეცრება როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე პოლიტოლოგიისა და უახლესი ისტორიის სფეროში. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნები თურმე დანიშნა არალეგიტიმურმა ორგანომ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. როგორც ცნობილია, მსოფლიო კოლონიალური სისტემის მსხვრევას მოჰყვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღმოცენება. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, კანონიერად არ უნდა ვცნოთ, მაგალითად, ინდოეთის სახელმწიფო ხელისუფლება, რახან იქ არჩევნები დანიშნა ბრიტანეთის უკანონო კოლონიურმა ხელისუფლებამ, რაც მას აიძულა ეროვნულმა მოძრაობამ. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა, ასე მოხდა თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში. წერეთლის „ლოგიკით“ კანონიერად არ უნდა ვცნოთ არც ამ ქვეყნების ხელისუფლება. მთავარია, რამდენად სამართლიანად და პატიოსნად ტარდება არჩევნები, რამდენად სრულყოფილია საარჩევნო კანონი. მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ წარმოგზავნა დამკვირვებლები და სპეციალისტები ჩვენს არჩევნებზე და არც ერთ მათგანს არ დაბადებია ისეთი აზრები, როგორიც წერეთელს. იგი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რომ უფრო კომპეტენტურია ასეთ საკითხებში, ვიდრე მაგალითად, პროფესორი რიჩარდ პაიპსი, უდიდესი ამერიკელი პოლიტოლოგი, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა ჩვენს არჩევნებს. ასე რომ, წერეთელმა სჯობს ელემენტარულ გათვითცნობიერებაზე და თვითგანვითარებაზე იზრუნოს და პოლიტიკანობას საერთოდ დაანებოს თავი. საქართველო იყო რუსეთის კოლონია. ჩვენ უსისხლოდ ვაიძულეთ კოლონიური ხელისუფლება, გაეუქმებინა თავისი თავი, დავანიშნინეთ არჩევნები, ჩავატარეთ ეს არჩევნები დემოკრატიულად და გამოვაცხადეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ საქმეში კი წერეთელი მხოლოდ ხელისშემშლელის როლს ასრულებდა. აი, ეს ვერ მოუნელებია მას და სხვა ჰეროსტრატეებს. ამიტომ ცდილობენ ისინი სახელი გაუტეხონ 28 ოქტომბრის მონაპოვარს.

საქართველოში ეროვნულმა ყრილობამ იმიტომ დანიშნა 1918 წლის არჩევნები, რომ არავითარი ხელისუფლება არ არსებობდა, არც კანონიერი, არც უკანონო. ხოლო როდესაც ქვეყანაში რაიმე ხელისუფლება არსებობს, ჩვეულებრივ იგი ნიშნავს არჩევნებს. ასეა მსოფლიო პრაქტიკაში. საინტერესოა, რომ წერეთელი მენშევიკურ, სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას უფრო მეტ ნდობას უცხადებს, ვიდრე ეროვნულ ხელისუფლებას მეორე რესპუბლიკისას, თუმც თავს თვლის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარედ.

შევარდნაძე გერმანიაში მიემგზავრება. რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის?

საქართველოს ისტორია სავსეა სხვათა ქვეყნებისთვის თავგადადებული და საკუთარი ქვეყნის დამაქცევარი იანიჩარებით და მამლუქებით. ერთ-ერთი ასეთია შევარდნაძე, რომელმაც საქართველოს ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანა. ჩემთვის გასაგებია გერმანიის მთავრობის დამოკიდებულება მისადმი. იგი და გორბაჩოვი კარგად გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგრამ მოარული აზრი იმის შესახებ, რომ მან „დაამთავრა „ცივი ომი“ და გააერთიანა გერმანია“, დაახლოებით იმას ჰგავს, ვინმემ ფელდმარშალ კეიტელს რომ მიაწეროს მეორე მსოფლიო ომის დამთავრება იმის გამო, რომ მან კაპიტულაციაზე მოაწერა ხელი. გორბაჩოვისა და შევარდნაძის კაპიტულაცია ცივ ომში მათი კეთილი ნების შედეგი კი არ იყო, არამედ მათი დამარცხებისა. ცივ ომში გაიმარჯვა რეიგანის მტკიცე პოლიტიკამ, სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივამ („ვარსკვლავეთის ომების“ პროგრამამ) და არა გორბაჩოვ-შევარდნაძის „დემოკრტიამ“. საბჭოთა კავშირში დაწყებული ლიბერალიზაციის ავტორიც რეიგანი იყო და არა ეს უკანასკნელნი. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ დისიდენტური მოძრაობის როლი. დასავლეთის პოლიტოლოგიაში არსებობს აზრი, რომ ამ კაპიტულაციის სანაცვლოდ დასავლეთის ხელისუფალნი გორბაჩოვსა და შევარდნაძეს მუდმივ პოლიტიკურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალაუფლების შენარჩუნებაში. ამგვარ ხელისუფალთა შორის უმთავრესნი არიან მაასტრიხტის მესვეურები, რომელნიც ეროვნულ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის განადგურებას და „ერთიანი ევროპის“ შექმნას ისახავენ მიზნად, თუმც ამ იდეამ უკვე კრახი განიცადა თანამედროვე ევროპაში. სწორედ ისინი ამყარებენ იმედს შევარდნაძეზე და ყოველნაირად ცდილობენ მის გადარჩენას. მაგრამ ვერავითარი მათი მედლები ვერ იხსნის შევარდნაძეს, მისი რეანიმაცია შეუძლებელია, იგი განწირულია, ვინაიდან დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს და ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეას.

რა აზრისა ხართ ქართველთა და აფხაზთა შორის კონფლიქტზე?

უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ქართველთა და აფხაზთა შორის კონფლიქტი ეხმარება შევარდნაძეს ძალაუფლების შენარჩუნებაში და წარმოადგენს მის ერთადერთ იმედს. ეს კარგად დამტკიცდა 18 ივნისის ე.წ. სესიაზე, სადაც გამოვიდა თ. ნადარეიშვილი და წაიკითხა ე.წ. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭოს“ განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარე ომის წარმატებით დამთავრებისთვის ვითომდაც აუცილებელია შევარდნაძის შენარჩუნება ხელისუფლების სათავეში.

ამასთან, აფხაზეთში მებრძოლი ქართული შენაერთების მეთაურები ადასტურებენ, რომ სოხუმს სწორედ შევარდნაძის თვითმფრინავები ბომბავდნენ. ერთ-ერთი მათგანის ჩამოგდების შემდეგ ქართველმა პილოტმა კატაპულტირება მოახდინა ახალი ათონისკენ, სადაც ჩაბარდა აფხაზებს და თავი ამგვარად გადაირჩინა. ასე რომ, იგი სეპარატისტებთან კარგად არის შეხმატკბილებული. არის მრავალი სხვა ფაქტი, რომელიც მალე გამომზეურდება. დღეს შევარდნაძე იმუქრება „მესამე ომით“, როგორც იგი უწოდებს მოსალოდნელ სოციალურ აფეთქებას, ე.ი. არ მალავს, რომ ამ ომში იგი ტყვიას ესვრის შიმშილისა და გაჭირვებისაგან გაწამებულ საკუთარ ხალხს.

უჭერს თუ არა პრეზიდენტი კლინტონი მხარს შევარდნაძის ხელისუფლებას?

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შევარდნაძის ხელისუფლებისადმი განსხვავებულია წინა ადმინისტრაციის პოლიტიკისაგან. მას საბოლოოდ არ წირავენ, მაგრამ ამას მაინც ვერ დაერქმევა მხარდაჭერა. კლინტონის გამოთქმები უფრო ფრთხილია და ორაზროვანი, ვიდრე მისი წინამორბედის, ბუშისა. მაგ. ა.წ. 16 ივნისს „ამერიკის ხმით“ ითქვა, რომ კლინტონი მხარს დაუჭერს შევარდნაძეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იქნება სტაბილიზაცია და ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს მას. ეს კი იმას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე, რომ საქართველოში შევარდნაძე ვერ ახერხებს სტაბილიზაციას, ხალხი მას მხარს არ უჭერს და ამიტომ ამერიკის მხრივ იგი ამაოდ მოელის მხარდაჭერას. იმავე გადაცემაში წაკითხულ იქნა ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, უფრო ადრე ასეთივე მოხსენება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა. ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი.

რა აზრისა ხართ ე.წ. ევრაზიის დერეფანზე?

70 წლის განმავლობაში ის პარტია, რომელსაც ეკუთვნოდა შევარდნაძე, დაპირებებით კვებავდა ხალხს. არ არის გასაკვირი, რომ შევარდნაძე იგივე დემაგოგიას აგრძელებს დღეს საქართველოში, ამჯერად ჩინეთისა და ყაზახეთის მხრივ ვითომდაც მოსალოდნელ დახმარებაზე. რა დახმარებაც არ უნდა გაუწიონ საქართველოს უცხო ქვეყნებმა, ხალხს იგი არ მოხმარდება, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლება, არ მოქმედებს კანონი და ყველაფერი მონოპოლიზებული აქვს მაფიას და კრიმინალურ სამყაროს. ვერავითარი „კორიდორი“ ვერ იმოქმედებს ქვეყანაში, სადაც ასეთი ანარქია და დესტაბილიზაციაა. გარდა ამისა, ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო, რომელსაც ეცხოვროს მარტოოდენ გარედან შემოსული დახმარებებით. სანამ საქართველოში არ აღდგება კანონიერი ხელისუფლება და კანონიერება, მთელმა მსოფლიომაც რომ გამოუწოდოს დახმარების ხელი, ქვეყანას არაფერი ეშველება.

რაში ხედავთ გამოსავალს საქართველოსთვის?

ერთადერთი გამოსავალია საყოველთაო-სახალხო წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის გზით უკანონო ხელისუფლების გაუქმება და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. ამასთან უნდა გაგრძელდეს უცხოეთის ქვეყნების დეტალური ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად!

1993 წ. 19 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №21 (53), გვ. 1-2, 24 ივნისი, 1993 წ.].