Print

1993 წ. ივლისი

თვე იგი მეშვიდე - 1993 წ. ივლისი

 

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ

- „მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა იხსნის საქართველოს“

- მიმართვა ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბრძანებულება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

საგანგებო წესების შემოღების გამოცხადების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121-4 მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს საგანგებო წესები საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე 1993 წლის 1 ივლისიდან.

2. ბრძანება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

გროზნო,

1993 წლის 1 ივლისი

[გაზ. „აღდგომა“, №24 (56), გვ. 3, 21 ივლისი, 1993 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში

დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნას საქართველოს კონსტიტუციაში შემდეგი დამატებანი:

1.104-ე მუხლის მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის სიტყვები: „და საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურორს“.

2.121-4 მუხლში: ა) მე-7 პუნქტში სიტყვებს „გენერალური პროკურორის“ დაემატოს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურორის“.

ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი.

23) სამხედრო მდგომარეობის ან საგანგებო წესების შემოღების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ერთ ან რამდენიმე რაიონში ნიშნავს და ათავისუფლებს სამხედრო გუბერნატორს, სამხედრო გუბერნატორის უფლებამოსილებას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო მდგომარეობის, საგანგებო წესების, საპრეზიდენტო მმართველობის შესახებ კანონების საფუძველზე.

3.177-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „რაიონების“ წინ დაემატოს სიტყვები „გარდა საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურორისა“.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

ზუგდიდი,

1993 წლის 9 ივლისი

[გაზ. „აღდგომა“, №24 (56), გვ. 3, 21 ივლისი, 1993 წ.].

 

 

„მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა

იხსნის საქართველოს“

- საქართველოში სამხედრო გადატრიალებისა და უკანონო თვითმარქვია ხელისუფლების გაბატონების შემდეგ კატასტროფულად უარესდება ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. რა მიზეზებითაა გამოწვეული ეს ყოველივე?

- მოსახლეობის პაუპერიზაცია - გაღატაკება და მასობრივი შიმშილი ხელოვნურად არის გამოწვეული პროიმპერიული ნეოკომუნისტური ხუნტის მიერ. ეს არის პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთი ფორმა, სტალინური არსენალიდან აღებული. როგორც ცნობილია, სტალინმა ოციან წლებში ხელოვნურად გამოიწვია შიმშილი უკრაინაში, მოსახლეობის წინააღმდეგობის გასატეხად, ოპოზიციის დასათრგუნავად. იგივეს მიმართავს შევარდნაძე საქართველოში, რათა გატეხოს ხალხის წინააღმდეგობა, დააჩოქოს ერი, აბსურდამდე მიიყვანოს დამოუკიდებლობის იდეა და წარმატებით ჩაატაროს რეფერენდუმი იმპერიაში კვლავ დასაბრუნებლად.

- იმპერიულმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს ახლახან ჩეჩნეთმა 1200-მდე მებრძოლი გაგზავნა აფხაზეთში. რამდენად შეესაბამება ეს მტკიცება სინამდვილეს?

- ეს არის შეგნებული დეზინფორმაცია. სინამდვილეში ჩეჩნეთის ხელისუფლება, ოფიციალური შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობენ აფხაზეთის ომში. მაგრამ პრეზიდენტ დუდაევს ჰყავს შეიარაღებული ოპოზიცია, რომელიც ე.წ. კავკასიის ხალხთა კონფედერაციას უჭერს მხარს. თუ ვინმე მიდის აფხაზეთში საომრად, ასეთი ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, მათი რიცხვი ალბათ რამდენიმე ათეულს არ აღემატება. პრეზიდენტმა დუდაევმა აკრძალა ე.წ. კონფედერაციის მიერ დაწყებული მობილიზაცია ჩეჩნეთში, წინააღმდეგია მისი ჩატარებისა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებშიც. ახლა ამ მიმართულებით დიდი მუშაობა მიმდინარეობს, ვინაიდან მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებშიც.

- საქართველოს დღევანდელი თვითმარქვია ხელისუფლებისა და ცრუ პარტიების წარმომადგენლები სულ უფრო და უფრო ხშირად აცხადებენ, რომ თქვენ უნდა ჩახვიდეთ საქართველოში და არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, თვით სიგუამაც კი „დაგრთოთ ნება“ არჩევნებში მონაწილეობისა.

- ხუნტამ დღევანდელი საქართველო სამართლებრივი ბარბაროსობისა და სიბნელის ქვეყანად აქცია. მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი, სამხედრო ძალით გაძევებული, ხოლო თვითმარქვია უზურპატორები მას ეპატიჟებოდნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს. არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე გადავდგები ან კანონიერი პარლამენტი მომიწყობს იმპიჩმენტს. სხვა შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ვინც ამას მოითხოვს, მათ ეოცნებებათ ჩემი გადადგომა ან გადაყენება, მაგრამ ამაოა ასეთი ილუზიები.

- ხუნტის საინფორმაციო საშუალებები უდიდეს რეკლამას უწევენ შევარდნაძის მოგზაურობას დასავლეთის ქვეყნებში. ისინი ამტკიცებენ, თითქოს ამის შედეგად საქართველომ მიიღო უდიდესი ეკონომიკური დახმარება და საერთაშორისო აღიარება.

- ეს ყოველივე აბუჩად აგდებაა ხალხისა, საზოგადოებისა, ხუნტის გებელსისეული ტელევიზიისა და პრესის მიერ. გერმანიის მთავრობამ განუცხადა შევარდნაძეს, რომ ეკონომიკური დახმარება შესაძლებელი გახდება საქართველოსთვის მხოლოდ შიდაპოლიტიკური სტაბილიზაციის შემდეგ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ომის დამთავრებას, არამედ იმ კრიმინალური ანარქიის შეწყვეტას, რომელიც სუფევს საქართველოში. საფრანგეთში ჩიკვაიძის ვიზიტის დროს კი საგარეო საქმეთა სამინისტროში მას განუცხადეს, რომ შვიდეული ვერ დაეხმარება ქვეყანას, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. ამას წინათ გაზეთ „დრონში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმ წერილის შესახებ, რომელიც შევარდნაძემ გაუგზავნა შვიდეულის შეკრებას ტოკიოში. თვით ხუნტის გაზეთიც ვეღარ მალავს იმ ფაქტს, რომ შვიდეულის წევრებმა დუმილით მოისმინეს ეს წერილი, რომელიც წაიკითხა კოლმა და მას არავითარი კომენტარები არ მოჰყოლია. რაიმე სიმბოლურ დახმარებაზე მაინც რომ ყოფილიყო საუბარი, ეს უთუოდ გამომჟღავნდებოდა საინფორმაციო საშუალებებში. დუმილით კი გამოითქვა უარყოფითი დამოკიდებულება შვიდეულისა შევარდნაძის რეჟიმისადმი. ხუნტა უმალავს მოსახლეობას იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტში, სადაც მთელი ევროპაა წარმოდგენილი, არ მიიღეს შევარდნაძე, როგორც სისხლიანი ჯალათი და დიქტატორი და ფაქტობრივად გამოაძევეს იქიდან. დიდმა ბრიტანეთმა უარი უთხრა შევარდნაძის ხუნტას ლონდონში საელჩოს გახსნაზე. მალავენ იმ ფაქტსაც, რომ შევარდნაძის მამხილებელი კამპანია ძლიერდება მსოფლიო პრესაში, ძლიერდება აგრეთვე საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერა, რამაც დაანახა დასავლეთს, რომ ორივე შემთხვევაში იმპერია ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდა და ერთი მიზანი ჰქონდა: კავკასიის ხელახალი ანექსია და დასავლეთის გავლენის სფეროდან მისი ჩამოცილება. შევარდნაძე დღემდე ატყუებდა ხალხს, თითქოს გაეროს, აშშ-ს და ნატოს შემწეობით მოიგებდა აფხაზეთის ომს, დღეს კი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია და აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გასაღები მხოლოდ მოსკოვშია. საქმე ის არის, რომ დასავლეთში ხუნტას იმდენად გაუტყდა სახელი, რომ თავს იკავებენ რაიმე ქმედითი დახმარების აღმოჩენისაგან.

როგორც ხედავთ, დასავლეთის ქვეყნების დახმარება თვით რუსეთის მიმართაც სიმბოლური და პრობლემატურია, ვინაიდან ყველაფერთან ერთად თავად ეს ქვეყნებიც დიდ ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდიან, მცირეოდენ ჰუმანიტარულ დახმარებას კი ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ღებულობს მეტ-ნაკლებად, ასე რომ „შევარდნაძის ფაქტორი“ აქ არაფერ შუაშია. თანაც უბედურება ის არის, რომ კრიმინალთა ბატონობის გამო ეს ჰუმანიტარული დახმარებაც, ძირითადად, გადამყიდველთა ხელში ხვდება და მეზობელ ქვეყნებში იყიდება. ასე რომ საქართველოს არაფერი უშველის, გარდა კანონიერების აღდგენისა და მდგომარეობის სტაბილიზაციისა.

- ხუნტამ გაავრცელა თქვენს შესახებ დეზინფორმაცია, თითქოს თქვენ წინააღმდეგი ხართ ბიზნესმენებისა, საერთოდ, კერძო ინიციატივისა. სინამდვილეში როგორია თქვენი დამოკიდებულება ყოველივე ამისადმი?

- მე არა თუ წინააღმდეგი ვარ ყოველივე ამისა, არამედ უმთავრეს იმედს სწორედ კერძო მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაზე ვამყარებ. ოღონდ ყოველივე ამას სჭირდება სამართლებრივი სახელმწიფო, პრივატიზაციას სჭირდება კონსტიტუციურ-საკანონმდებლო ბაზისი, ჩვენთვის ყველა ნიჭიერი და უნარიანი ბიზნესმენი მისაღებია, თუნდაც დაპირისპირებულიც რომ იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან სუკ-ისა და ხუნტის პროპაგანდის შედეგად. ჩვენ გვჯერა, რომ ბოლოს მაინც გაუნათდებათ გონება, ოღონდ მთავარია ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიცია ასეთ შემთხვევაში: ვინც ერის წყლულს წყლულად დაიჩნევს, ყველასთან მოვძებნით საერთო ენას. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბიზნესი ვერ განვითარდება საქართველოში, სანამ ხუნტის ყაჩაღური ხელისუფლება არსებობს, დასავლეთის ქვეყნები არ დაამყარებენ ასეთ ქვეყანასთან არავითარ საქმიან ურთიერთობას, არავინ ჩადებს ასეთ ქვეყანაში ინვესტიციებს. ეს გასაგებად უთხრა შევარდნაძეს კოლმა ბონში ყოფნისას. დესტაბილიზაცია კი უფრო ღრმავდება და შორს მიდის, ამ ომსაც ხუნტა ვერ მოიგებს, თუ არ აღდგა კანონიერი ხელისუფლება. ასე რომ ბიზნესსაც კატასტროფა მოელის: მას უზომოდ დიდი გადასახადებით ბეგრავენ, დისკრიმინაციას უწევენ, ხუნტამ ხმარებიდან ამოიღო რუსული ფული, უფრო სწორად მოახდინა მისი მონოპოლიზაცია, საკუთარი ვალუტა კი არ არის შემოღებული. ყოველივე ამან კატასტროფამდე მიიყვანა ხალხიც და საქმიანი წრეებიც. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ კი დიამეტრალურად შეიცვლება მდგომარეობა, ბიზნესის ნამდვილი განვითარებაც მაშინ დაიწყება. დღეს კი შევარდნაძე-ხაბეიშვილის ერთი მუჭა ფინანსური ოლიგარქიის გარდა არავის გააჩნია პერსპექტივა.

დღეს საქართველო ომის მდგომარეობაში. უნდა მოხდეს ყველა მატერიალური თუ ფინანსური რესურსების მობილიზება ომის წარმატებით დამთავრებისათვის. სამეგრელოს დახმარებისა და აღორძინების ფონდების შექმნა ზუგდიდსა და მოსკოვში გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სამეგრელო დღეს ფრონტისპირა რეგიონია, სადაც ხუნტის ბლოკადის შედეგად შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა, დაიწყო შიმშილი, ათიათასობით ლტოლვილი უპატრონოდაა, გარდა ამისა, ფრონტზე წარმატებები ზურგის მომაგრებაზეა დამოკიდებული. სამეგრელო დღეს ზურგია ამ ფრონტისა. ვისაც ეს არ ესმის და ეწინააღმდეგება ყოველივე ამას, ნამდვილი მტერია საქართველოსი.

მე მოვუწოდებ საქმიანი წრეების ყველა წარმომადგენელს, ყველა ბიზნესმენს, შეიტანოს წვლილი ამ დიდ მამულიშვილურ საქმეში. დღეს მარტო ლოზუნგებით და ფრაზებით ვერაფერს გავხდებით. საქმეს უნდა მოვკიდოთ ხელი.

- ხომ არ ნიშნავს აფხაზეთის ომში კანონიერი ხელისუფლების ერთგული შეიარაღებული ძალების ჩართვა ხუნტასთან შერიგებას ან პოლიტიკურ კომპრომისს?

- არამც და არამც. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება რეალური საფრთხე. ასეთ დროს ჩვენ განზე ვერ გავდგებით, ვინაიდან ნარკომანების და მაწანწალების მოგებული ომი არავის უნახავს. დღემდე ჩვენ ვცდილობდით მშვიდობიანი პოლიტიკური გზით მოწესრიგებას კონფლიქტისას, მოვუწოდებდით აფხაზებს ეროვნული შერიგებისაკენ, დაზავებისაკენ. სეპარატისტებმაც და ხუნტამაც მრავალგზის ჩაშალეს ჩვენი მცდელობანი. ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩაბმა ამ ომში ჩვენთან შეთანხმებით გადაწყდა, მათ უპირატესად მშვიდობისმყოფელი ძალების ფუნქცია აკისრიათ. ისინი იცავენ ქართულ მოსახლეობას ოჩამჩირესა და სოხუმში, ინარჩუნებენ ოჩამჩირე-სოხუმის კორიდორს, ამაგრებენ სოხუმს. მიუხედავად ამისა, ხუნტა კვლავ განაგრძობს სამეგრელოს დარბევას - სენაკში მისი ყაჩაღური ფორმირებები ხოცავენ და ძარცვავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ნაცვლას იმისა, რომ აფხაზეთის ფრონტებზე იბრძოლონ. ჩვენი ძალები რომ არ ჩაბმულიყვენ ამ ომში, სოხუმსაც და ოჩამჩირესაც იგივე ბედი მოელოდა, რაც გაგრას, ხუნტის მოღალატეთა წყალობით. ჩვენ არავის დავანებებთ ქართულ მიწას და და მალე იმასაც დავიბრუნებთ, რაც დავკარგეთ, თუ გვექნება ხალხის მხრივ გაგება და მხარდაჭერა.

- იყო თუ არა დაგეგმილი თქვენი ჩამოსვლა საქართველოში 26 მაისს?

- ამგვარ დეზინფორმაციებს შეგნებულად ავრცელებს ხუნტა, რათა შემდგომ დაარწმუნოს მოსახლეობა, თითქოს მე არ მსურს საქართველოში ჩამოსვლა, თითქოს ეს ჩემზეა დამოკიდებული, ვპირდები ხალხს და შემდეგ ვატყუებ. თითქოს მე ვაპირებ სამუდამოდ საზღვარგარეთ წასვლას და სხვა. სინამდვილეში მე არსად არასოდეს განმიცხადებია, რომ ზუსტად ამა და ამ დღეს ჩამოვდივარ საქართველოში, არ დამისახელებია არც ერთი თარიღი. ამ თარიღებს ხუნტა იგონებს, რათა შემდეგ გული აუცრუოს ხალხს ჩემს ჩამოსვლაზე. ასევე იგონებენ თარიღებს საზღვარგარეთ ჩემი ვიზიტების შესახებ. მაგალითად, გაავრცელებენ: „ ა.წ. 15 ივლისს ზვიად გამსახურდია მიდის საზღვარგარეთ“, ხოლო როდესაც გაივლის 15 ივლისი, გაავრცელებენ: აი, ხომ ხედავთ, ვერ წავიდა, არ მიიღეს და სხვა. მიამიტი ადამიანები კი იჯერებენ ყოველივე ამას. მე კი არა ერთხელ მითქვამს: საქართველოში ჩემი ჩამოსვლა ხალხზე და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ ჩემს სურვილზე, მე მწამს, რომ ეს მალე მოხდება, მაგრამ თავს ვიკავებ კონკრეტული თარიღის დასახელებისაგან, ვინაიდან ეს ყოველივე უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველას გასაგონად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას: თუ უახლოეს ხანში არ მოხდა ჩემი ჩასვლა დასავლეთ საქართველოში და კერძოდ სოხუმში, აფხაზეთი დაიკარგება და მაშინ მთელი პასუხისმგებლობა ამ დამარცხებისათვის ხუნტას დაეკისრება. აფხაზეთის დაკარგვა კი საქართველოს დაკარგვას ნიშნავს.

- დაბრუნების შემთხვევაში კანონიერი ხელისუფლება რას პირდება ქართველ ხალხს?

- ხუნტის მიერ განადგურებული ეკონომიკის აღდგენა, კანონიერებისა და წესრიგის აღგენა არცთუ იოლი იქნება. მაგრამ საყოველთაო-სახალხო მხარდაჭერის შემთხვევაში თანდათანობით გაუმჯობესდება საწვავით მომარაგება. ჩეჩნეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პარალელურად, საწვავის ფასი თანდათანობით დაიკლებს, ასევე გაუმჯობესდება პურით მომარაგება და პურის ფასიც შესაბამისად შემცირდება, მოიხსნება ხუნტის მიერ გამოწვეული ხელოვნური დეფიციტი პურისა. სოფლის მეურნეობის ამოქმედება, კერძოდ ჩაისა და ღვინის პროდუქციის მომატება ბარტერული გაცვლების საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა გადარჩება ტოტალურ შიმშილს. შემცირდება დამნაშავეობა, სტიმული მიეცემა მცირე და საშუალო ბიზნესს, რასაც დღეს ყოველნაირად უშლიან დღეს. ამოქმედდება ტრანსპორტი. კრიმინალური ანარქიის ალაგმვა საშუალებას მოგვცემს უცხოეთთან ურთიერთობის დამყარებისას, ტურიზმის განვითარებისას. ეკონომიკურ სასწაულებს ვერავის დავპირდებით მტრის მიერ იავარქმნილ და დანგრეულ ქვეყანაში, მაგრამ ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება. შეწყდება აფხაზეთის ომი, მივაღწევთ ეროვნულ შერიგებას, მოხდება ურთიერთობის ნორმალიზება მეზობელ სახელმწიფოებთან, მოხდება ერის კონსოლიდაცია, რაც ეროვნული სულის გამოღვიძების გარეშე, ეროვნული ხელისუფლების აღდგენის გარეშე წარმოუდგენელია.

- ამას წინათ ზუგდიდში ჩატარდა საქართველოს კანონიერი პარლამენტის სესია. რას იტყოდით ამ მოვლენის შესახებ?

- ამ მოვლენას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ასეთი სესია საქართველოს ტერიტორიაზე პირველად ჩატარდა პუტჩისა და გადატრიალების შემდეგ. მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მიმართვები. სრულ ინფორმაციას მალე მიიღებს ხალხი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თანდათან იწყება კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, ეს პროცესი შეუქცევადია, ვერავითარი იმპერიული ძალები და მათ მიერ შექმნილი თვითმარქვია ხუნტა ვერ შეაჩერებენ ამ პროცესს.

1993 წლის 15 ივლისი

[გაზ. „აღდგომა“, №24 (56), გვ. 1-2, 21 ივლისი, 1993 წ.].

 

 

მიმართვა

ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული

ყველა ქართველი მეომრისადმი

უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრი ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო, მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

მზადდება ე.წ. „ცხინვალის ვარიანტი“, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც „დემილიტარიზაციაზე“, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის.

ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ. პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „სამმხრივი ხელშეკრულების“ გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას, - ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის - ძირძველი ქართული მიწის - არც ერთი გოჯი, არ ჩააბაროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!

ღმერთი და სამართალი ჩვენთან არს, ჩვენ გავიმარჯვებთ!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1993 წლის 20 ივლისი

[გაზ. „აღდგომა“, №25 (57), გვ. 1, 31 ივლისი, 1993 წ.].