Print

1992 წ. ივლისი

თვე იგი მეშვიდე - 1992 წ. ივლისი

 

- მიმართვა მოსკოვი, კრემლი რუსეთის პრეზიდენტს ბ-ნ ბორის ელცინს

- მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი

- მიმართვა მერაბ კოსტავას საზოგადოებისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

- რა ხდება საქართველოში? ზვიად გამსახურდია პასუხობს „ლიტერატურნაია გაზეტას“ მიმომხილველის ოლეგ მოროზის შეკითხვებზე

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

 

მიმართვა

მოსკოვი, კრემლი რუსეთის პრეზიდენტს

ბ-ნ ბორის ელცინს

ბატონო პრეზიდენტო!

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის სნგ-ს წევრი, რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ამ გაერთიანების ჯარები სულ უფრო ხშირად ახორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო საბჭოს ძალებთან ერთად. დაწყებული 6 ივლისიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 5 ვერტმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქ. წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობაც თავს იცავს ე.წ. „მხედრიონის“ დამსჯელი ბანდებისაგან, რომელიც დასავლეთ საქართველოში შეგზავნეს შევარდნაძემ და და მისმა დამქაშებმა და რომლებიც აწარმოებენ ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა იმსხვერპლეს მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე.

ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის პირდაპირ ჩარევას საქართველოს შინაურ საქმეებში, აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც შენიღბულია სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩაურევლობის ლოკალური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების აუცილებლობის შესახებ თქვენი განცხადებებით. მე პროტესტს ვუცხადებ რუსეთის ხელმძღვანელობას ამგვარი ქმედების წინააღმდეგ, მოვითხოვ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დამსჯელი ოპერაციების შეწყვეტას და სნგ-ს საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას საქართველოდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

7 ივლისი 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №27, გვ. 1, 6 აგვისტო, 1992 წ.].

 

მიმართვა

აფხაზეთის მოსახლეობისადმი

ძვირფასო თანამემამულენო! იმპერიის მიერ ინსპირირებულმა პუტჩმა და გადატრიალებამ საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანეს.

შევარდნაძის ნეოსტალინისტური მაფიოზური ხუნტა ყოველნაირად ცდილობს ეროვნული და კუთხური შუღლის გაღვივებას, სისხლისღვრისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას აფხაზეთში და მთელს საქართველოში. მხედრიონის კრიმინალური ბანდები აწიოკებენ და არბევენ მთელს საქართველოს, მაგრამ განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით მოქმედებენ დასავლეთ საქართველოში.

აფხაზეთში მათი მიზანია კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა განადგურება, აფხაზთა და ქართველთა შორის ეთნოკონფლიქტის პროვოცირება, რაც არასგზით არ უნდა დავუშვათ. ამისათვის აუცილებელია აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მობილიზება დამნაშავე ბანდებთან ბრძოლაში, მათი განიარაღება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მტრის მიზანია „მცოცავი“ გადატრიალების მოწყობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რათა აფხაზეთშიც იგივე დატრიალდეს, რაც საქართველოს სხვა რეგიონებში. აუცილებლად უნდა მოხდეს აფხაზი და ქართველი მოსახლეობის კონსოლიდაცია და დარაზმვა დამნაშავეობასთან ბრძოლაში, მილიციის ჯანსაღი ნაწილი მხარში უნდა ამოუდგეს მოსახლეობას.

აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ არ უნდა გააღვივოს ეროვნული შუღლი, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს საბოლოო ეროვნულ შერიგებას და საზოგადოების კონსოლიდაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განწირულია. უნდა დაჩქარდეს პოლიტიკური დიალოგი უზენაეს საბჭოსთან, აფხაზ ინტელიგენციასთან, უნდა დაიგმოს მონონაციონალური პრინციპი, რაც დიდ უბედურებას მოუტანს უწინარეს ყოვლისა აფხაზ მოსახლეობას! აფხაზთა და ქართველთა ერთიანობა იქნება გარანტი აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილიზაციისა და მშვიდობისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 12 ივლისი

[გაზ. „აღდგომა“, №12, გვ. 1, 24 ივლისი, 1992 წ.].

 

მიმართვა

მერაბ კოსტავას საზოგადოებისადმი

მერაბ კოსტავას საზოგადოება შეიქმნა 1990 წლის ზამთარში, სამაჩაბლოს კრიზისის გამწვავების დროს. ეს საზოგადოება შექმნა ვაჟა ადამიამ, რომელიც უწინ წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და ეროვნული ხსნის კომიტეტის წევრი იყო. ვ. ადამია აცხადებდა, რომ ხსნის კომიტეტში გაერთიანებული ზოგი პარტია ღალატობდა საქართველოს ინტერესებს და ხელს უშლიდა მას სამაჩაბლოს ქართველთა დაცვაში, მის გამო მას სჭირდებოდა ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც გამოვიდოდა ამ კომიტეტის კონტროლიდან და იმოქმედებდა დამოუკიდებლად. ვ. ადამია აცხადებდა, რომ იგი ბოლომდე უერთგულებდა მერაბ კოსტავას იდეალებს და იდგებოდა ჩემს გვერდით ისევე მტკიცედ და შეუპოვრად, როგორც თავად მერაბ კოსტავა, საზოგადოების პროგრამა და წესდებაც ამას თითქოს ადასტურებდა.

ვ. ადამია თავიდან ვითომდაც ებრძოდა მოსკოვის იმპერიალისტურ კურსს და გმობდა შევარდნაძის მოღალატურ ანტიქართულ საქმიანობას, ებრძოდა აგრეთვე მის მიერ შექმნილ ბანდიტურ დაჯგუფებას „მხედრიონს“.

დამახასიათებელია შემდეგი ფაქტი, ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე ჩემთან შეხვედრა მოისურვა შევარდნაძის ემისარმა, ყოფილმა პარტოკრატმა ჟ. შარტავამ, რომელსაც სურდა მოსკოვიდან თბილისს გადმოსახლება და რატომღაც ჩვენგან მოითხოვდა თანხმობას. მე არ ვისურვე შარტავასთან შეხვედრა და ვთხოვე ვ. ადამიას, შეხვედროდა მას და გაერკვია მისი მიზნები. ვ. ადამია შეხვდა შარტავას და განუცხადა შემდეგი: „ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი თქვენი ჩამოსვლისა საქართველოში. ერთადერთი მოღალატე, რომელსაც ქართულ მიწაზე ფეხის დადგმის უფლება არა აქვს, ეს არის შევარდნაძე“.

გამოხდა ხანი. მერაბ კოსტავას საზოგადოებას გავამარჯვებინე საპარლამენტო არჩევნებში, ვ. ადამია კი არჩეულ იქნა თავდაცვის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც იგი პროფესიულად არ შეეფერებოდა, ვინაიდან არ ჰქონდა სამხედრო განათლება. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გადააყენა იგი ამ თანამდებობიდან, მან გულში ჩაიდო შურისძიება და დაუკავშირდა როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის „ოპოზიციას“ და გააძლიერა დესტრუქციული ქმედებები, რაც გადაიზარდა ბოლოს ხელისუფლებასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ვ. ადამია გადაიქცა პუტჩის აქტიურ მონაწილედ და ჩემს მტრად, თუმც იგი აცხადებდა, რომ იბრძოდა არა პრეზიდენტის გადაყენებისათვის, არამედ მხოლოდ მისი უფლებების შეზღუდვისათვის.

თუმც სავსებით ბუნებრივია, რომ ვ. ადამია, ქ. ჩიტას სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი პარტკომი, რომელიც რუს კომუნისტებსაც კი სჯობნიდა ლენინისადმი ერთგულებაში, დაუკავშირდა იმპერიულ ძალებს, რომელნიც იბრძოდნენ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობისათვის, შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანისათვის. პირადი წყენის ნიადაგზე მან უღალატა ეროვნულ მოძრაობას და, რაც უმთავრესია, მერაბ კოსტავას პრინციპებს, რომელიც მუდამ შეურიგებელი იყო იმპერიის დესტრუქციული ძალებისადმი და შევარდნაძეს საქართველოს მოღალატედ და მტრად მიიჩნევდა.

მერაბ კოსტავამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შესწირა საბჭოთა იმპერიასთან და შევარდნაძესთან ბრძოლას, ს. ადამია კი დღეს მერაბ კოსტავას დროშით ხელში დადგა იმპერიის ემისრისა და მისი ნეოკომუნისტური მაფიოზური ხუნტის გვერდით. მერაბ კოსტავა ის კაცი იყო, რომელიც შევარდნაძემ დააპატიმრა ეროვნული მოღვაწეობისათვის და ორჯერ გაუგრძელა პატიმრობის ვადა ციმბირში. მერაბ კოსტავამ გულისშემძრავი მამხილებელი წერილი მისწერა შევარდნაძეს ანგარსკის საკონცენტრაციო ბანაკიდან. დღეს კი ვ. ადამია და მერაბ კოსტავას საზოგადოება ტაშს უკრავს საქართველოს მოსისხლე მტერს და ეხმარება მას ანტიეროვნულ საქმიანობაში, საქართველოს განადგურებასა და გენოციდში.

სამაჩაბლოს ვითომდაც თავდადებულ მებრძოლებს ხმა არ დაუძრავთ, როდესაც შევარდნაძემ ხელი მოაწერა დაგომისის კაპიტულაციას და რუსეთს გადასცა შიდა ქართლი. მათ განცხადებაში ერთი სიტყვითაც არ არის დაგმობილი ეს მოღალატური ნაბიჯი. ამჟამად მათ მიერ სამაჩაბლოს დატოვება კი დეზინფორმაციის ტოლფასია.

მერაბ კოსტავა ჩემდამი მოძღვნილ ლექსში „ძმას ქრისტესმიერს“, რომელიც მან გულაგიდან გამომიგზავნა 1978 წელს, წერდა:

„რას დაგაკლებდა ბედი ტიალი,

ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს!

ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა

და როს აღგივსეს ძმარით ფიალა.

არ აიცდინე სასმელი ესე.

რადგან იცოდი, როგორ მავნებლობს

როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,

რომ სიამაყე, აქ რომ მბრძნებლობს

მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან“.

თუ ვინ იგულისხმა ამ „მავნებელ მაცდურში“, ვგონებ, ყველასათვის ნათელია. დღეს კი ამ „მავნებელ მაცდურს“ კოსტავას სახელობის საზოგადოება ეპირფერება და მასთან ერთად აპირებს ბლოკის შექმნას ხუნტის შესაძლო ცრუ არჩევნებში. ასე რომ, დროა შეწყდეს მერაბ კოსტავას სახელით სპეკულაცია, მისი გამოყენება ბინძურ პოლიტიკურ თამაშში. ამ საზოგადოებას დროა ეწოდოს ვაჟა ადამიას, შევარდნაძის, ან ლენინის საზოგადოება და შესაბამისად, შეეცვალოს პროგრამა და წესდება. ემბლემად კი ჯვრიანი არწივის ნაცვლად უფრო შესაფერისი იქნება მოსკოვის კრემლი, ნამგალი და ურო.

დღეს კოსტავას სახელობის საზოგადოება თავისდა სამარცხვინოდ „დაუძმობილდა“ და შეერწყა „მხედრიონს“. ვინაიდან მასთან უაღრესად დიდი სულიერი ნათესაობა აკავშირებს. თუმც უნდა ითქვას, რომ ის, ვინც წმინდა იდეალებით, მერაბ კოსტავას სახელით ნიღბავს ბანდიტიზმს, კაცისკვლას, ბავშვების გატაცებას, ფულის გამოძალვას, უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელიც ღიად და დაუფარავად მისდევს ყაჩაღურ „იდეოლოგიას“.

ადამიას ბანდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ მერაბ კოსტავას არასოდეს ჩაუდენია ქურდობა, ყაჩაღობა, იგი არასოდეს ყოფილა სტალინისა და შევარდნაძის თაყვანისმცემელი, მას არასოდეს უვლია ბარაბას გზით, მისი გზა ქრისტეს გზა იყო, რასაც იგი შეეწირა შეგნებულ მსხვერპლად.

ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და მერაბ კოსტავას წმინდა სახელი, უნდა დატოვოს ამ საზოგადოების რიგები, რათა არ დაიდოს წილი ერის შეგნებულ ღალატში და ეროვნული გმირის ხსოვნის შეურაცხყოფაში.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

21 ივლისი, 1992 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №15, გვ. 1, 14 აგვისტო, 1992 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

განცხადება

ა.წ. 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო რიგი ანტიკონსტიტუციური აქტები, გამოცხადდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტა, აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია, რაც საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გასვლას ნიშნავს.

სესია უფლებამოსილი არ იყო ასეთი აქტების მიღებისა, რადგან დარბაზში არ იყო კვორუმი ანუ კვალიფიცირებული უმრავლესობა - დეპუტატების ორი მესამედი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური შესწორებებისთვის ან კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისას.

ამგვარი მოქმედება გამართლებულ იქნა იმით, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია შეჩერებულია, ხოლო ძველ კონსტიტუციაში აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ მოიხსენიება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია მოქმედებს და საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ უფლებამოსილი არ არის.

აღდგენა 1925 წლის კონსტიტუციისა, სადაც ლაპარაკია პროლეტარიატის დიქტატურაზე, კომუნიზმის იდეალებზე, ნიშნავს საბჭოთა კომუნისტური წყობის აღდგენას აფხაზეთში, რაც იოლად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ანაქრონიზმს და ეწინააღმდეგება მსოფლიო ისტორიის განვითარებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს უაღრესად უარყოფითი შედეგები, დაპირისპირება და კონფლიქტი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყველა ზემოთ ნახსენები აქტი მოკლებულია კონსტიტუციურ საფუძველს და არა აქვს იურიდიული ძალა.

საკითხი აფხაზეთის სტატუსის შესახებ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

24 ივლისი, 1992 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №13, გვ. 1, 31 ივლისი, 1992 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

განცხადება

24 ივნისს დაგომისში შედგა შეხვედრა შევარდნაძის და ელცინისა, რასაც ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა შეხვედრას უწოდებდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს იყო ოთხმხრივი შეხვედრა, ვინაიდან მას ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთი და ჩრდილოეთ ოსეთის დელეგაციები. ამით შევარდნაძემ ფაქტობრივად სცნო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში, თუმც ოფიციალურად განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთისთვის ფაქტობრივ ცნობას მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ცარიელ დეკლარაციებს, ვინაიდან ეს ხელს უხსნის მას ამ ტერიტორიის თავის იურისდიქციის ქვეშ მოქცევაში. დაგომისის შეხვედრის მნიშვნელოვანი შედეგი იყო აგრეთვე ის, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს კონფლიქტის მონაწილეთა ე.წ. დაშორიშორების ერთიანი ძალების შექმნის შესახებ. თუ რა ეროვნების ჯარისკაცები იქნება ამ ძალებში, ყველასთვის ცხადია. საქმე ეხება რუსეთის ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში, რომელმაც უნდა ვითომდაც „დააშორიშოროს ქართული და ოსური მებრძოლი რაზმები“. თუ სად მიუჩენენ ადგილს ქართველ მებრძოლებს და ქართულ მოსახლეობას იოლი მისახვედრია. ეს ადგილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთის საზღვარი გორის რაიონთან, რომლის ჩრდილოეთით ქართველი კაცის ჭაჭანება აღარ იქნება. სამაჩაბლოს ყველა ქართული სოფელი განწირულია დასაცლელად, ამოსაწყვეტად, ხოლო ოსების უსაფრთხოებას დაიცავს რუსეთის ჯარი, რომელიც დააბრუნებს 150 ათას ოსს შიდა ქართლში.

მიღებული ცნობების მიხედვით, ამ შეხვედრას მოჰყვა რუსული და ოსური აგრესიის ესკალაცია სამაჩაბლოში, ოსი ექსტრემისტები შეტევაზე გადმოვიდნენ, ქართული გვარდია განიარაღებულია ხუნტის მიერ, ქართული სოფლები საერთოდ დაუცველი დარჩა.

ამრიგად, დაგომისის შეხვედრაზე შევარდნაძემ ჩაიდინა მორიგი გამცემლობა და ღალატი საქართველოსი, რუსეთს და ოსეთს დაუთმო შიდა ქართლი, ხოლო მისი ცარიელი დეკლარაციები რუსეთის აგრესიის ვითომდაც დაგმობის შესახებ მხოლოდ ნიღბავს ამ შეთქმულებას და გარიგებას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გასახურდია

28 ივლისი 1992 წელი

[გაზ. „ქართული აზრი“, №27, გვ. 1, 6 აგვისტო, 1992 წ.].

 

 

რა ხდება საქართველოში?

ზვიად გამსახურდია პასუხობს

„ლიტერატურნაია გაზეტას“ მიმომხილველის

ოლეგ მოროზის შეკითხვებზე

ვფიქრობდი, რომ ზვიად გამსახურდიას რეზიდენციაში თუ თვალახვეულს არა, რაღაც დახლართული, მიხვეულ-მოხვეული გზებით მაინც მიმიყვანდნენ, როგორც ეს ჩვეულებრივ ასახულია ხოლმე შესაბამის ლიტერატურაში, მაგრამ სინამდვილეში ასე არ მომხდარა. მანქანით მგზავრობა სულაც არ დამჭირვებია. სასტუმროდან ფეხით წამოვედით. მივდიოდით პირდაპირ. ათიოდე წუთის შემდეგ აღმოვჩნდით აგურის ზღუდეშემოვლებულ განმარტოებით მდგარ სახლთან. ჩემმა მეგზურმა ხელი გაიწვდინა და ჭიშკრის ურდული გადასწია.

გამსახურდიამ მაშინვე მიმიღო. ვისაუბრეთ დაახლოებით ორ საათს. ქვემოთ მოყვანილია ჩვენი საუბრის მხოლოდ ნაწილი. ჩემს მოსაუბრეს შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ, რის შესახებაც მას არაერთხელ პირდაპირ ვუთხარი საუბრის დროს, მაგრამ ახლა საქართველოში მიმდინარე ამბები რომ უკიდურესად ძუნწად და ცალმხრივად აისახება - ეს ფაქტია.

ქართული მოვლენების დღევანდელი გაშუქების ეს ინერცია ნაწილობრივ შეიძლება იმით ავხსნათ, რომ ედუარდ შევარდნაძემ სახელი მოიხვეჭა როგორც ჭეშმარიტმა დემოკრატმა.

როგორც მკითხველისათვის ცნობილია, „ლიტერატურნაია გაზეტა“ უცვლელად ერთგულია პრინციპისა, თავისი ფურცლები დაუთმოს განსხვავებულ აზრებს, პრინციპებს, რაც თავისუფალი პრესის ერთადერთ მისაღებ პრინციპს წარმოადგენს. ახლანდელი თბილისური ხელისუფლების შეხედულებები ჩვენ არაერთხელ ავსახეთ - საკმარისია ჩაიხედოთ ამა წლის მე-3, მე-5, მე-8, მე-12 და რიგ სხვა ნომრებში. ზვიად გამსახურდიას არა ნაკლებ სხვებისა აქვს უფლება საქვეყნოდ გამოხატოს თავისი აზრი, განსაკუთრებით კი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგი რჩება აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად და მას მხარს უჭერს ქართული მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი. და მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათქვამიდან ბევრი რამ ვერ ვირწმუნე, მაინც ვფიქრობ, იგი საინტერესო იქნება მკითხველისათვის. ზვიად გამსახურდია თავადაც ხაზს უსვამს იმას, რომ რიგი ცნობები სავარაუდო ხასიათისაა, მათი უტყუარობის ხარისხი სწორედ მაშინ გახდება ნათელი, როცა საქართველოდან შეუფერხებლად წამოვა ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია.

როდესაც ვფიქრობ თქვენი პრეზიდენტობის თვეებზე და თქვენი დამარცხების მიზეზებზე, ამგვარი აზრები მომდის: არ გეჩვენებათ, რომ რევოლუციონერის ფსიქოლოგია და ფსიქოლოგია ლეგალური პოლიტიკური ხელმძღვანელისა - ეს პრინციპულად სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიაა. მეჩვენება, რომ გამუდმებული ბრძოლის მეტისმეტი, გადაჭარბებული ინერცია, დაპირისპირებულობა აშკარად შესამჩნევი იყო თქვენს ქცევაში თქვენივე პრეზიდენტობის დროს.

მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგია აქ არაფერ შუაშია. ჩემს ადგილას მყოფი ნებისმიერი ადამიანი დამარცხდებოდა ალბათ, თუკი მის წინააღმდეგ დაირაზმებოდა მთელი კრემლის იმპერია, პირადად გორბაჩოვი, შევარდნაძე და მათი გარემოცვა, ასევე უზარმაზარი სამხედრო მანქანა, ძირითადად შემდგარი სისხლის სამართლის დამნაშავეებისაგან, პლუს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი. ფაქტიურად ეს იყო პრეზიდენტობა დრაკონის მუცელში.

ეს სიტყვები ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია. მაგრამ როგორც ბევრ სხვას, მეც მიჭირს მათი აღქმა. საქმე იმაშია, რომ თქვენი პრეზიდენტობის ხანა დაემთხვა ისეთ მშფოთვარე დროს თვით მოსკოვის ხელმძღვანელობისათვის, რომ მათ თქვენთვის არ ეცალათ. და მერე, თქვენს გარდა კიდევ 14 რესპუბლიკა იყო... ანუ რაღაცნაირი დესტრუქციული აქციები ხორციელდებოდა, მაგალითად, ლიტვაში, ლატვიაში. მაგრამ აგონიაში მყოფმა მოსკოვის რეჟიმმა ვერ შესძლო რაიმე სერიოზულის მოხდენა. ვერც ერთ რესპუბლიკაში მან ვერ მოახერხა არასასურველი მთავრობის დამხობა. ისე კი, მისთვის ბევრი არ იყო სასურველი და მოსაწონი.

ასეთნაირად ფიქრი შეცდომაა. ცენტრი ყველაზე მეტად ერეოდა ქართულ საქმეში, ყველაზე მეტად ჩემზე ახდენდა ზეწოლას. საქართველოში ის ყველაზე მეტად ატარებდა დესტრუქციულ მუშაობას. მათ შორის პირადად გორბაჩოვი, თუმცა მას ისე ეჭირა თავი, თითქოს ნაკლებად აინტერესებდა საქართველო, დაე, ქართველები თვითონ გაერკვნენ თავიანთ ამბებშიო. იგი მე პირადად მირეკავდა, მემუქრებოდა, შანტაჟს მიწყობდა და ბოლოს და ბოლოს შეასრულა კიდეც თავისი მუქარა. არჩევნებში ჩვენი გამარჯვების პირველივე დღეებიდან მან ომი გამოგვიცხადა და მისმა აგენტურამ საქართველოში „მხედრიონის“ და სხვა მსგავსი ბანდების სახით მაშინვე დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედება. იოსელიანის ბანდები თავს ესხმოდნენ მილიციას. იტაცებდნენ იარაღს, ფაქტიურად მე პირველივე დღეებიდანვე ჩათრეული აღმოვჩნდი ომში, ამასთან კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უიარაღოს როლში. ვიმეორებ, ეს მოწინააღმდეგე იყო უზარმაზარი იმპერია. მისი დაქირავებული ბანდებისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სახით.

დიახ. თქვენს გამოსვლებში გამუდმებით ამტკიცებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საბჭო თავისი ხელისუფლების დამყარებისა და განმტკიცებისათვის იყენებდა და იყენებს ამიერკავკასიის სამხედროებს. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ ასეთი გამოყენების ფაქტების დამალვა ძნელია. მაგალითად, აზერბაიჯანის ან სომხეთის მხარეზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კუთვნილი ტექნიკის ყოველი გამოყენების შემთხვევა ფართოდ ცნობილი ხდება ყველასათვის. ეს შეიძლება ითქვას აგრეთვე ამავე ოლქის ოფიცერთა ან ჯარისკაცთა მონაწილეობაზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. რატომ უნდა წარმოადგენდეს აქ გამონაკლისს საქართველო. ამასთან საქართველოს საქმეში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის რომელიმე მსხვილი ჩარევის შესახებ საერთოდ არ არის ცნობილი.

წარსულ მოვლენებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის როლი უდიდესი იყო. განსაკუთრებით კი გასული წლის აგვისტოს პუტჩის დროიდან, პუტჩის დღეებში სამხედროები მოვიდნენ ჩემთან და პირდაპირ მითხრეს: „თქვენ უნდა აღადგინოთ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება“. მე ვუპასუხე: „რანაირად შემიძლია საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, როცა ხალხმა სულ სხვა ხელისუფლება აირჩია“. შემდეგ პუტჩი ჩაიშალა, მაგრამ იგივე ხაზი გაგრძელდა. დაშალეს, გახლიჩეს ჩვენი გვარდია. გააძლიერეს „მხედრიონი“ და პირდაპირ დაიწყეს ომი. მე არ ვყოფილვარ მშვიდობიანი ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვიყავი პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელიც საომარ მდგომარეობაში იყო...

მაგრამ ამიეკავკასიის სამხედრო ოლქი ხომ გამუდმებით აცხადებდა თავის ჩაურევლობაზე და ნეიტრალიტეტზე. დეკემბერ-იანვრის ამბების დროს კი - თითქმის ყოველდღე.

ეს სასაცილოა. ეს იყო ტიპიური ცრუ პროპაგანდა. აი ასეთი მაგალითიც: ბრძოლების დროს იყო ერთი მომენტი, როცა ჩვენს მოწინააღმდეგე გვარდიელებს საბრძოლო მასალა შემოელიათ, უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა იყვირა: „ჩვენი მეგობარი სამხედროები მოვიდნენ დასახმარებლად და „კამაზებით“ მოგვიტანეს იარაღიო“. გესმით, მათ მოიტანეს „კამაზებით“ იარაღი, მოიტანეს ახალი „ბმპ“ და რამდენსაც არ ვანადგურებდით მათ „ბეტეერებს“, სულ ახალ-ახალი მოსდიოდათ რა, ხომ არ ბადებდნენ მათ?! აშკარაა, რომ ამ „ბეტეერებს“ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი უგზავნიდათ. ჩვენ ვიდეოფირზეც კი გვაქვს გადაღებული, როგორ დაიღუპა ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარისკაცი იყო და მათ მხარეზე იბრძოდა. შემდეგ კი გენერალმა ბეპევმა, სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, პირდაპირ განაცხადა ამის შესახებ მოსკოვის ტელევიზიით, ჩვენ ბრალს გვდებენ, თითქოს სახელმწიფო საბჭოს ტანკებს ვაწოდებდით, რათა მას წესრიგი დაემყარებინა დასავლეთ საქართველოში, და უცებ ეს ტანკები, ტ-72-ები, აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთში, როგორ მოხდა ეს? ერთი სიტყვით, ერთი ჩვენებური ანდაზისა არ იყოს, ქურდი დღეში სამჯერ გამოტყდებაო.

რაც შეეხება რევოლუციონერისა და ხელმძღვანელის ფსიქოლოგიას, განსხვავება, რასაკვირველია, არის. ამაში თქვენ მართალი ხართ. ადამიანი უნდა გარდაიქმნას. მაგრამ თუ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს ხალხი მხარს უჭერს, ეს დიდი პლიუსია მისთვის, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვანელისათვის, ასეთი მხარდაჭერა მე მქონდა, მაგრამ არ მყოფნიდა იარაღი და არმიის მხარდაჭერა. ვერ შევძელი მისი შექმნა. ამაში იყო მთელი ჩემი ტრაგედია. ფაქტიურად აღმოვჩნდი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, მოსკოვის სუკისა და შინაგან საქმეთა განყოფილების ბრჭყალებში. როგორც კი დავიწყე ეროვნული გვარდიის შექმნა, მაშინათვე დამირეკა პუგომ და მითხრა, რომ იგი მიკრძალავს ამის გაკეთებას. ასეთ მდგომარეობაში ვინ გააკეთებდა იმაზე მეტს, ვიდრე მე. ამას ერთვოდა კომუნისტური პარტიის საბოტაჟი. ფაქტიურად მთელი კადრები კომუნისტური იყო. ისინი სულ ჩრდილოეთით, მოსკოვისკენ იყურებოდნენ და ელოდებოდნენ შევარდნაძის ჩამოსვლას.

მაგრამ საწყისი მდგომარეობა ხომ ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთნაირი იყო?

დიახ, ეს ასეა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ყველა მათი ხელმძღვანელი ყოფილი პარტოკრატი იყო. მე ვიყავი ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც კომკავშირელი არ ვყოფილვარ. ასეთი პრეზიდენტი დღეს ელჩიბეია.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ ...

რა თქმა უნდა, ვერ მიტანდნენ, როგორც თეთრ ყვავს და როგორც არა მათი კლანის ადამიანს. აი, ამიტომ მოაწყვეს ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემს წინააღმდეგ მხოლოდ მოსკოვი და შევარდნაძე მუშაობდნენ? პრეზიდენტმა ელჩიბეიმ ამასწინათ თქვა, რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მუშაობდნენ ბაქოშიც და ერევანშიც, შუა აზიაშიც...

სავარაუდოა, რომ თქვენი ახლო მეგობრები, როგორებიც არიან... მართლაც კარგად ხართ ინფორმირებული საქართველოს დღევანდელი სიტუაციის შესახებ. როგორია ის. კერძოდ, რა შეგიძლიათ თქვათ თქვენი მომხრეების მიერ თბილისის ტელეცენტრის აღების თაობაზე. თქვენ ნამდვილად არ ყოფილხართ ამ აქციის თანამონაწილე?

აშკარად ჩანს, რომ თქვენ დეზინფორმაციის კამპანიის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებით. არავითარი თავდასხმა ტელეცენტრზე არ ყოფილა. ყოველივე ეს ინსცენირება იყო. თბილისში მას „ედუარდ-შოუს“ უწოდებენ. ეს დაახლოებით ასე მოხდა: მოვლენათა ცენტრში აღმოჩნდა დეპუტატი შურღაია, რომელიც ხელმძღვანელობდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტს და რომელიც ჩემი რწმუნებული იყო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე მას გადავაბარე პრეზიდენტობა, როგორც ამას თქვენს გაზეთებში წერენ. ასეთი რწმუნებულები საქართველოში ათობით მყავს. ისინი ხელმძღვანელობას უწევენ სწორედ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და არა შეიარაღებულ ბრძოლას, როგორც ამას ზოგიერთი წარმოსახავს. და, აი, დეპუტატ შურღაიასთან მივიდნენ შინაგანი ჯარების ოფიცრები, რომლებმაც მას განუცხადეს, რომ ისინი მომხრეები არიან და აპირებენ ხელისუფლების თავიანთ ხელში აღებას, რომ მათ უკვე დაიკავეს ტელევიზია და დეპუტატებს იწვევენ, რათა მიმართონ ხალხს, უთხრან მათ სიმართლე. დეპუტატი შურღაია ამ მომენტში წინასაინფარქტო მდგომარეობაში იყო და ავადმყოფი კაცი ძალით ააყენეს საწოლიდან, ლოგინში იწვა და ტელევიზიაში მიიყვანეს. ასე და ამგვარად, ზუსტად ასევე მიიტყუეს იქ სხვა დეპუტატებიც - დანგაძე, ჩოლოყაშვილი და სხვები. ვიმეორებ, რომ არავითარი აღება არ ყოფილა, ადრიდანვე გაკეთდა ისე, რომ დაცვა წავიდა. ამით შექმნეს ტელევიზიის აღების ილუზია. დეპუტატებმა რადიოთი მიმართეს ხალხს, გამოვიდა აგრეთვე რამდენიმე სტუდენტი - რა თქმა უნდა, ხუნტის მოქმედების კრიტიკით.

რისთვის გათამაშდა მთელი ეს ინსცენირება?

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო საბჭო ხედავდა პოლიტიკური ოპოზიციის ტალღის საშიშ მომძლავრებას ტერორის და სადიზმის წინააღმდეგ. მათ შეეშინდათ მასობრივი გამოსვლების, დემონსტრაციების, მიტინგებისა და ამიტომაც მოაწყვეს „გადატრიალების ცდა“, რათა საბაბი ჰქონოდათ მასობრივი რეპრესიების ჩასატარებლად. ასეთი მიზეზი მათ მიიღეს. როგორც კი ტელევიზიის „ამღებნი“ ტელევიზიაში მოხვდნენ, შინაგანი ჯარების ოფიცრები, რომლებმაც ყოველივე ეს წამოიწყეს, მიიმალნენ, ხოლო მათ ადგილას საქმეში ჩაება „მხედრიონის“ „სადამსჯელო ბანდების“ ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს „პატრიოტს“, სინამდვილეში კი მისი წევრები სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. მათ დაიწყეს ადამიანთა დახვრეტა და დაპატიმრებები.

შემდეგ იგივე შინაგანი ჯარების ოფიცრები გამოვიდნენ ტელევიზიით და განაცხადეს, რომ გადატრიალების მოხდენა მათ გამსახურდიამ დაავალა. განა გაგიგიათ როდესმე ან რომელიმე ქვეყანაში, რომ სამხედროები, რომელთაც გადატრიალების მოხდენა სურდათ, არ დაეპატიმრებინოთ და მათ ემხილებინოთ პრეზიდენტი, რომელმაც ყოველივე ეს დაავალა.

ყოველივე ეს გაკეთებული იყო ბავშვურ დონეზე. სხვათა შორის, არავინ წამოეგო პროვოკაციაზე, არავინ მიკარებია ტელევიზიას, თუმცა ხალხს კი მოუწოდებდნენ... მაგრამ ეს პროვოკაცია, ვიმეორებ, გახდა მიზეზი არნახული მასშტაბის რეპრესიებისა და ტერორისა. დააპატიმრეს ასობით ადამიანი. ამასთან აპატიმრებენ არა მარტო რაღაცაში ეჭვმიტანილებს, არამედ მათ ნაცნობებს, ნათესავებს, მეზობლებს. თუ კაცი სახლში არ დახვდათ - აპატიმრებენ მშობლებს, მძევლად აჰყავთ ბავშვები: დაპატიმრებულთ სასტიკად აწამებენ. თვით სტალინ-ბერიას დროისათვის გაუგონრადაც კი. საცოდავი შურღაია ფეხებით ჩამოკიდეს, რაღაც ნემსები გაუკეთეს და იგი ტელევიზიით გამოვიდა განცხადებით „პრეზიდენტი უნდა გადადგესო“.

ძნელია ყოველივე ამის დაჯერება, ეს ძნელად უთავსდება შევარდნაძის სახელს. რომელი წყაროებიდან არის მიღებული ეს ცნობები?

ყველაზე საიმედო წყაროებიდან, საქართველოში ძალზე ადვილად ხდება ყოველივე ამის გაჟონვა ციხეებიდან და საგამომძიებლო იზოლატორებიდან.

მაგრამ თქვენს დროსაც ხომ აწამებდნენ ადამიანებს. ტელევიზიით ბევრჯერ აჩვენეს რაღაც მოწყობილობა, რომელიც თითქოსდა მთავრობის სასახლის სარდაფში იქნა აღმოჩენილი და თითქოს წარმოადგენდა მოწყობილობას ელექტრული დენით წამებისათვის.

ყველაფერი ეს იყო უბადრუკი ფალსიფიკაცია. არავითარი წამება არ ყოფილა.

გვითხარით, თუკი დღევანდელი დაპირისპირებულობა გაგრძელდება, რა მოელის საქართველოს?

თუ ყოველივე ეს შემდგომშიც გაგრძელდება, მაშინ საქართველოს უეჭველად მოელის ტერორი და რეპრესიები, ტოტალიტარული რეჟიმი, უფრო უარესი ვარიანტით, ვიდრე ეს ჰიტლერულ გერმანიასა და სტალინ-ბერიასეულ საბჭოთა კავშირში იყო, ვიმეორებ, გაცილებით უარესი, რადგან ამას ემატება არნახული სადიზმი, სისხლის სამართლის დამნაშავეობა... რეპრესიებს ანხორციელებენ სისხლის სამართლის დამნაშავენი. ეს ყველაზე საშინელია. ოთხი ათასი სისხლის სამართლის დამნაშავე იქნა გამოშვებული ციხეებიდან. მათ იარაღი დაურიგეს. ამასთან, პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა ტელევიზიით, რომ დამნაშავეებს ამნისტია უნდა გამოეცხადოთ, რადგან ისინი იარაღით ხელში იბრძოდნენ დიქტატურის წინააღმდეგ. აი, ეს ადამიანები ანხორციელებენ ახლა საქართველოში ტერორს და ძალმომრეობას.

რამდენად უტყუარია ეს მონაცემები?

აბსოლუტურად უტყუარია. სიტყვამ მოიტანა და ამის შესახებ მოსკოვშიც წერენ. მართალია წერს არაოფიციალური პრესა. ოფიციალური კი სიტყვის თქმის უფლებასაც არ აძლევს თავის თავს.

ასე რომ, საქართველოს სამწუხაროდ ელის სტალინიზმის აღორძინება, მაგრამ შემდეგ ეს გადაედება რუსეთსაც, რადგან საქართველო ყოველთვის იყო საცდელი პოლიგონი რუსეთისათვის ის, რაც იწყებოდა საქართველოში, შემდეგ გადადიოდა რუსეთში, იქედან მოვიდა ბოლშევიკური ტერორი, იქიდან მოვიდა სტალინი, რუსი ინტელიგენტებიც და ჟურნალისტებიც და საერთოდ ყველანი. მოვა დრო და პასუხს აგებენ იმის გამო, რომ მათ თვალი დახუჭეს იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება.

საჭიროა არა ყურების დაცობა და თვალის დახუჭვა, როგორც ახლა ამას აკეთებთ თქვენ, არამედ ყოველივე უნდა ნახოთ საკუთარი თვალით, ელაპარაკოთ ადამიანებს... ათასობით დევნილი ტოვებს თავის სახლ-კარს და გარბის აფხაზეთში, გაურბინ ტერორს. 1937 წელს რაღაც იურიდიული საფუძველი მაინც იყო ტერორისათვის, იყო მართლმსაჯულების რაღაც ნიშან-წყალიც, არსებობდა სამეულები, რომლებიც სასამართლოს გამოხატავდნენ. ახლა კი ესეც არ არსებობს. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი სისხლის სამართლის დამნაშავე მოსამართლეა. მას შეუძლია შეიჭრას ნებისმიერ სახლში, დააპატიმროს ვინც უნდა, მოიპაროს რაც უნდა, გაძარცვოს ვინც უნდა, დახვრიტოს ვისაც მოისურვებს, მათ მართალია გააჩნიათ „მხედრიონის“, ეროვნული გვარდიისა და სხვა დამსჯელი ორგანიზაციების წევრობის მოწმობა, მაგრამ ეს არსებითად საქმის არსს არ ცვლის.

რას აკეთებთ დღეს გროზნოში?

ვკრებ და ვავრცელებ ინფორმაციას, ვაძლევ ინტერვიუებს, ვააშკარავებ ბოროტებას, დღეს იმაზე, რაც საქართველოში ხდება, ნელ-ნელა რეაგირებას იწყებს საზღვარგარეთი, პროტესტის ძალზე დიდი კამპანია იყო ფინეთში, როცა იქ ჩავიდა შევარდნაძე, ასე რომ, გამმააშკარავებელი კამპანია ნელ-ნელა იკრებს ძალას, თუმცა ბოლო დრომდე მას ხელს უშლიდნენ შევარდნაძის გავლენიანი საზღვარგარეთელი მეგობრები, როგორებიც არიან ბუში და ბეიკერი, მაგრამ მათი აქციები ეცემა. გარდა ამისა, ამას წინათ პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატებისაგან ბილ კლინტონმა ბუშის წინააღმდეგ მოყვანილ სხვა არგუმენტაციებს შორის დაასახელა ის, რომ აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი მხარს უჭერს ტერორისტულ რეჟიმს საქართველოში. ცოტა ხნის წინ კი მან განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი გადასინჯავს აშშ-ს დამოკიდებულების საკითხს იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, რომელთაც კომუნისტები ხელმძღვანელობენ, განსაკუთრებით კი საქართველოსადმი დამოკიდებულების საკითხს.

რაიმე სახით დაკავშირებული ხართ თუ არა უშუალოდ საქართველოში იმ ადამიანებთან, რომლებიც ხან აქ, ხან იქ გამოდიან ახლანდელი თბილისური ხელისუფლების წინააღმდეგ?

რანაირად უნდა ვიყო მათთან დაკავშირებული? მე არ გამაჩნია არც რაცია, არც დაკავშირების სხვა საშუალება. ეს გამოსვლები სტიქიურია და მოსახლეობის თავდაცვის მიზნით ხდება. თუკი თქვენს სახლში ბანდიტები შემოგეჭრათ და თქვენი შვილების მოკვლა მოგინდომათ, რას გააკეთებთ? არ აიღებთ ხელში იარაღს? თუკი თქვენ მოგკლავთ ბანდიტი, განა თქვენი ძმა არ აიღებს იარაღს ხელში?

საქართველოს ტერიტორიაზე არ არის შექმნილი წინააღმდეგობის მაკოორდინირებელი ცენტრი ან ხელმძღვანელობა?

არავითარი ცენტრი არ არსებობს.

დავუშვათ, სტიქიურად ხდება მოსახლეობის თავდაცვა, მაგრამ ყოველგვარი დივერსიები - ხიდების, რკინიგზის ლიანდაგის უბნების აფეთქება, რეჟიმის სხვადასხვა მოღვაწეებზე თავდასხმა, მათი მოტაცება, ეს ხომ არაფრით არ ჰგავს სტიქიურ მოქმედებებს, ყოველივე ამას ეტყობა ვიღაც გეგმავს და ხელმძღვანელობს.

მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ამ დივერსიების უმეტესობას ანხორციელებს თავად ხუნტა, რათა მათ საბაბი მიეცეთ დამსჯელო ოპერაციების ჩასატარებლად, ზუსტად ისე, როგორც ეს ტელეცენტრში მოხდა. სიმართლეს „მხედრიონის“ მხეცობის შესახებ ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს მთელი მსოფლიო. მაგალითად, თუნდაც იმის შესახებ, რაც მათ წალენჯიხაში ჩაიდინეს. მათ დაწვეს მთელი ქალაქი. მოკლეს მრავალი ადამიანი. წალენჯიხის ეკლესია მორგად აქციეს. ათასობით ადამიანი გაიქცა აქედან. იქ ისევე შეუძლებელია ცხოვრება, როგორც მთელს სამეგრელოში.

შეუძლებელია ეს დარჩენილიყო მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების გარეშე, მაგრამ ამის შესახებ ხომ არავითარი ინფორმაცია არ ყოფილა.

არსად, აქ არც ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, არც გაზეთებში, არც „ოსტანკინოს“ გადაცემებში.

ეს როგორღაც დაკავშირებულია კავსაძის მოტაცებასთან, ის ხომ ზუსტად იმ რაიონში მოტაცებული?

ამ მოვლენების შემდეგ მოიტაცეს კავსაძე, ცხადია, ის მიდიოდა შემდგომი სადამსჯელო რეპრესიების ინსტრუქციებით, იგი შევარდნაძისდროინდელი ცნობილი დამსჯელია. სადამსჯელო სამუშაოებს ასრულებდა ჩვენი დისიდენტობის დროსაც. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ალბათ, მას რაღაც დავალება ჰქონდა მიცემული. ეს ხალხმა გაიგო და იგი მოიტაცეს. ეს ჩემი ვარაუდია. ამის შესახებ არავითარი უტყუარი ინფორმაცია არ გამაჩნია. ისეთ მეთოდებს, როგორიც ადამიანთა გატაცებაა, მე არ ვამართლებ.

გეშინიათ თუ არა თავდასხმის? ატარებთ თუ არა ირაღს?

რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხე არსებობს, ამ ცოტა ხნის წინ აქ, გროზნოში დააპატიმრეს საქართველოდან შემოგზავნილი ტერორისტი, რომელსაც სურდა დუდაევისა და ჩემი მოკვლა. გარდა ამისა, მივიღე გაფრთხილება, რომ საქართველოში შექმნილია და აქ შემოგზავნილია რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი. ხუნტისაგან ყველაფერი მოსალოდნელია. იარაღი კი არ მჭირდება. ჩემი იარაღი ჩემი სიმართლეა.

ტოვებთ თუ არა ხანდახან გროზნოს და გადიხართ თუ არა მის ფარგლებს გარეთ?

რა თქმა უნდა, მე არავის არ მეშინია, თვით სიკვდილისაც კი.

რა შეფერხებები გაქვთ ფინეთში გამგზავრებასთან დკავშირებით?

ყოველნაირ შეფერხებებს მიქმნის რუსეთი და ვფიქრობ, ასევე ბუშიც. იმიტომ, რომ მას არ უნდა, რომ სიმართლე ვთქვა.

მე პირველად ვესაუბრები დამხობილ პრეზიდენტს. გრძნობთ თუ არა თავს უბედურ ადამიანად?

უბედურად არასდროს არ ვთვლი თავს, რადგან მე მორწმუნე ვარ. მე მწამს იმქვეყნიური ცხოვრების და ღვთის სამართლისა, უბედური კი ის არის, ვინც ბოროტებას, ძალადობას სჩადის, ადამიანებს კლავს, ღალატის გზას ადგას.

მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ყოველთვის უშეცდომოდ მოქმედებდით? თქვენ ერთხმად იყავით არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ პრეზიდენტად. სარგებლობდით მათი დიდი მხარდაჭერით. ასეთ ვითარებაში რამ შეგიშალათ ხელი ქვეყანა დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმების გზით წაგეყვანათ?

შეცდომები ყველას მოსდის. ჩემი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ზედმეტ ლიბერალიზმს ვიჩენდი და საშუალებას ვაძლევდი დამნაშავე ძალებს ემოქმედათ. ასე მიმაჩნია არა მარტო მე. ასე თვლის ბევრი. მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო, რადგან ბუნებით ჯალათი არა ვარ. თუმცა მომაწერდნენ, რომ ტირანი, დიქტატორი ვიყავი. ერთი მითხარით, სად გინახავთ ისეთი დიქტატურა, რომლის დროსაც 25 ოპოზიციური გაზეთი გამოდიოდეს, რომლებიც დღე და ღამე ლანძღავენ პრეზიდენტს და პარლამენტს, ცილს სწამებენ მას?

მაგრამ ამასთან ხომ ცნობილი ფაქტებია, რომ აკრძალეთ გაზეთები, აკრძალეთ მოსკოვის ტელევიზიის გადაცემები?

მე რამდენჯერმე შევაჩერე ტრანსლაცია, რადგანაც გადმოსცემდნენ ისეთ დეზინფორმაციას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სისხლისღვრა აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სხვა ადგილებში. ასე რომ, ეს კეთდებოდა არა სისტემატურად, არამედ ცალკეულ შემთხვევებში.

ამ ცოტა ხნის წინ „ოსტანკინოს“ ტელევიზიას თქვენ უწოდეთ „ოსტანკინოს სადეზინფორმაციო ცენტრი“. ვფიქრობ, ეს უსამართლო შეფასებაა. რა თქმა უნდა, „ოსტანკინოს“ ტელეგადაცემებში, როგორც ნებისმიერ ჟურნალისტურ მასალაში, გვხვდება არც თუ უტყუარი ცნობები. მაგრამ მთლიანად და ეს საყოველთაოდ აღიარებულია, ეს ტელეკომპანია ისწრაფვის მოვლენათა ობიექტური გაშუქებისაკენ.

ეს შემთხვევით არ ხდება. დგილი აქვს ინფორმაციის სისტემატურ დამალვასა და დამახინჯებას. ერთი მხრივ, არის „გამსახურდიას დიქტატურა“, „გამსახურდიას ფაშიზმი“, ხოლო მეორეს მხრივ კი „დემოკრატი შევარდნაძე“, „დემოკრატიული ძალები“... რომელი დემოკრატიული ძალები? რომელმაც ასობით ადამიანი დახვრიტა? აი, ეს არის თქვენი „ოსტანკინოს“ სიმართლე. რამდენი ვიდეოფირი გადავეცით მათ მიტინგების დახვრეტის, სხვა ბოროტმოქმედებათა შესახებ. არაფერი არ გასულა ეთერში.

ვის გადაეცით?

„ოსტანკინოს“ გადავეცით, „ვესტისაც“ გადავეცით.

თქვენ თვლით, რომ ეს ტელევიზიის ხელმძღვანელობის პოზიციაა?

რასაკვირველია, ხელმძღვანელობისა. ის შეგნებულად უჭერს მხარს შევარდნაძეს, ითვლება კი დემოკრატიის, საჯაროობის მიმდევრად.

ახლა თქვენ, როგორც წინათ, ისევ ხელისუფლებას ებრძვით?

გააჩნია როგორ ხელისუფლებას. მე ყოველთვის ვებრძოდი დამნაშავე ხელისუფლებას. ნორმალური ხელისუფლების წინააღმდეგ მე არასოდეს არ მიბრძოლია. თუმცა საქართველოში ასეთი ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა. ახლანდელი ბანდის ხელისუფლებას, მე საერთოდ არ ვთვლი ხელისუფლებად, იგი ვრცელდება თბილისის რამდენიმე რაიონში, დანარჩენი საქართველო მათ არ ემორჩილება.

საჭიროდ თვლით თუ არა შეიარაღებულ ბრძოლას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ?

შეიარაღებული ბრძოლა საჭირო არ არის. რადგან მე მწამს სახარების მცნებისა, ვინც მახვილს აიღებს ხელში, იგი მახვილითვე განიგმირება, თავიანთი ნამოქმედარით, თავიანთი ბოროტებითა და უკანონობით - ისინი თავად ითხრიან სამარეს, ყველა ტერორისტულ რეჟიმს, რომელიც ძალაუფლებას ხიშტებით ინარჩუნებს, ერთი ხვედრი ელოდება. როგორც ტალეირანი ამბობდა, ხიშტები ყველაფრისთვის გამოდგება, დასაჯდომად კი არა.

სია ბრალდებებისა, რომელთაც თქვენ შევარდნაძეს უყენებთ, ნამდვილად უსასრულოა. მრავალი მათგანი ალბათ სამართლიანია, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც განეკუთვნება საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელის პოსტზე მისი მოღვაწეობის პერიოდს. მაგრამ მოსკოვში გარდაქმნის პერიოდში, მან საერთო შეხედულებით თავი გამოიჩინა. არ გეჩვენებათ, რო თქვენ რამდენადმე უსამართლო ხართ მის მიმართ იმ მხრივ, რომ არ გსურთ დააფასოთ მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა გარდაქმნის პერიოდში?

ეს იყო იძულებითი მოქმედება. ის და გორბაჩოვი რეალისტები იყვნენ. მათ კარგად ესმოდათ, რომ შემდგომში ანდროპოვისებურად გაგრძელება არ შეიძლებოდა, მათ ძალა რომ ჰქონოდათ, ისინი ძველებურად გააგრძლებდნენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირს ძალა არ ჰქონდა. სამხედრო საქმეში ჩამორჩენა დაიწყო. ეკონომიკამ კრახი განიცადა, ხოლო იდეოლოგიამ მით უმეტეს...

ჯერ კიდევ ამ ცოტა ხნის წინ თქვენ ამტკიცებდით, რომ რუსეთი არ ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და არ ამყარებს დიპლომატიურ კავშირებს მასთან იმ მიზეზით, რომ სურს მისი, როგორც კოლონიისა და სამხედრო პლაცდარმის შენარჩუნებაო. ამას გარდა - წერდით თქვენ, - რუსეთი თვლის, რომ საქართველომ რუსეთის ნაწილად უნდა აღიაროს შიდა ქართლი (სამხრეთ ოსეთი ო.მ.) და აფხაზეთი. მაგრამ ჩემთვის ცნობილი არ არის ერთი განცხადებაც კი რუსეთის რომელიმე ხელმძღვანელისა, სადაც დაყენებულია საკითხი აფხაზეთის რუსეთისათვის მიერთების შესახებ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და ხელმძღვანელთა არაერთჯერად მოთხოვნას რუსეთთან შეერთების თაობაზე რუსეთი დუმილით პასუხობს. და ბოლოს, როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინ რუსეთმა აღიარა საქართველო და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მასთან.

ეს იყო შედეგი დაგომისის კაპიტულაციისა, რომელსაც შევარდნაძემ ხელი მოაწერა დაგომისში. ამით მან ფაქტიურად აღიარა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილად და დათანხმდა იქ ეგრეთწოდებული სამშვიდობო ძალების შემოყვანაზე, ამიტომ რუსეთმა ეს აღიქვა, როგორც ყველა თავისი პირობის შესრულების პირველი ნაბიჯი და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ადგილი ჰქონდა აგრეთვე ზეპირ დაპირებებსაც, რომ საქართველო დარჩება სამხედრო პლაცდარმად და შევარდნაძე და მისი სახელმწიფო საბჭო არასდროს არ მოითხოვს რუსი ჯარისკაცების გაყვანას. და ამიტომაც აღიარა რუსეთმა საქართველო დაგომისში - ეს არის კაპიტულაცია. ახლა ეგრეთწოდებული სამშვიდო ძალები ანიარაღებენ ქართულ მოსახლეობას და ამ იარაღს აძლევენ ოსურ მოსახლეობას. ეს კიდევ უარეს სისხლისღვრას გამოიწვევს უახლოეს მომავალში. რა უფლებით შეჰყავთ რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე? საქართველო ხომ სნგ-ს წევრი არ არის?

როგორ მიგაჩნიათ, რამდენი აქტიური მომხრე გყავთ? რა ამოძრავებთ მათ - იდეისადმი ერთგულება თუ პირადად თქვენდამი ერთგულება?

ჩემს მომხრეთა რაოდენობაზე მე მხოლოდ დაახლოებით შემიძლია ვთქვა, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ ეს დაახლოებით მოსახლეობის 90 პროცენტია, როგორც ეს უწინ იყო, როცა მე პრეზიდენტად ამირჩიეს. რა ამოძრავებთ მათ? რასაკვირველია, უმრავლესობას ამოძრავებს სწორედ იდეა. ჩემში ისინი ხედავენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განსხეულებას. ამიტომ არიან ისინი ასე უდრეკნი, რომ გენახათ ის მიტინგები, რომლებიც დახვრიტეს... როგორ მიდიოდნენ უიარაღო ადამიანები ტანკებისა და ტყვიების წინააღმდეგ, უსათუოდ დარწმუნდებოდით ამაში.

გროზნო-მოსკოვი.

„ლიტერატურნაია გაზეტა“

31 ივლისი, 1992 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №14, გვ. 1-2, 7 აგვისტო, 1992 წ.].