Print

1991 წ. მარტი

სარჩევი

თვე იგი მეექვსე - 1991 წ. მარტი:

- მიმართვა შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

- ბათუმის უნივერსიტეტის თანამშრომლებს!

- ბალყარელ ხალხს

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 5 მარტს

- „კრემლი ულტიმატუმებით გველაპარაკება“

- მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

- ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ლანდსბერგისს

- ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს, სსრ კავშირის მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებს განცხადება

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 16 მარტს

- მიმართვა კავკასიის ხალხებისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას შეხვედრა რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინთან ყაზბეგში, 23 მარტი 1991

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 25 მარტს

- სოხუმი აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვ. არძინბას

- ბ-ნ ვლადისლავ არძინბას

- მიმართვა ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან ბატონ რიჩარდ ნიქსონთან - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზ.კ. გამსახურდიას

- 1991 წლის მარტის თვეში მიღებული სამართლებრივი აქტები

  

 

თვე იგი მეექვსე - 1991 წ. მარტი

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

მიმართვა

შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

ჩვენი ხალხისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს, მთელ მსოფლიოს აღელვებს ქ. ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და ძალისხმევა ჩვენ ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ, ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

მეორე პრობლემა ქ. ცხინვალში კანონიერი ხელისუფლების შექმნაა. არ იქნება დაშვებული ე.წ. საოლქო უკანონო სტრუქტურების არსებობა. ცხინვალი გადაიქცევა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ, ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირობით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი, ქართველები და ოსები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ, გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე.

ამჟამად, მთელ საქართველოში იქმნება ხელისუფლების ახალი სტრუქტურები - პრეფექტურა და მუნიციპალიტეტი, რომლებიც უნდა შეიქმნას ცხინვალშიც. ეს იხსნის ქალაქს ანარქიისაგან, შიმშილისაგან, კრიმინალური ელემენტების თარეშისაგან. ცხინვალში უნდა დაინიშნოს პრეფექტი, რომელსაც ექნება როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. აგრეთვე, უნდა ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები, სადაც არჩეული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ნდობით. ამოუდექით მხარში პარლამენტს ამ საქმეში. ეს საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა.

ეს აგრეთვე დაგვეხმარება სტიქიური ბლოკადის შედეგების დაძლევაში, რაც წარმოიშვა გაფიცვების, პროტესტების, არასტაბილური მდგომარეობის შედეგად ტვირთის ტრანსპორტირების შეუძლებლობის, დივერსიების, ტერორისა და დამნაშავე ელემენტების თარეშის გამო. მოუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზვიად გამსახურდია

თბილისი. 1991 წლის 4 მარტი“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№44 (64), გვ. 1; 6 მარტი. 1991 წ.].

 

ბათუმის უნივერსიტეტის თანამშრომლებს!

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოში უსისხლო რევოლუცია მოხდა. 70-წლიანი მონობითა და გვემით გატანჯულმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და ზურგი შეაქცია იმპერიული პოლიტიკის გამტარებელ პარტიას, ამით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენი ერის ცხოვრებაში, წინ დიდი და ძნელი გზაა გასავლელი - ამ გზის სირთულეს ემატება შინაურ მტერთა მზაკვრობანიც. ამგვარი მტრობის გამოვლენაა 30 იანვრის სესიაზე ჩემი ზეპირი გამოსვლის ტექსტის გაყალბების მცდელობა. ამ და სხვა პროვოკაციული გამოხდომებით მოწინააღმდეგეებს სურთ სახელი გაუტეხონ ბლოკ - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალ საქართველოს“, ეროვნულ პარლამენტს. აჭარის ძირძველი მოსახლეობისათვის არავის დაუბრალებია პანთურქიზმი და პანისლამიზმი, მაგრამ იმაზეც ნუ დავხუჭავთ თვალს, რომ მოქმედებს ერთი მუჭა პროვოკატორთა ჯგუფი, სწორედ ამ ლოზუნგებით, რომელსაც ყოველნაირად უნდა გადავუკეტოთ გზა.

ჩვენი ხალხი გონიერია და ამიტომ ვერც ერთი ამბიციური პოლიტიკანი თუ კარიერისტი ვერ შესძლებს საქართველოს რომელიმე კუთხის ამხედრებას საერთო ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ...

რაც შეეხება ჩემს ჩამოსვლას აჭარაში: უახლოეს ხანში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები აჭარის მოსახლეობასთან. ჩვენთვის ნათელია, რომ აჭარამ განსაკუთრებით ბევრი ჭირ-ვარამი გადაიტანა და ახლა მაინც სათუთი მოპყრობა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მოხდა პრეფექტების დანიშვნა. ჩვენ ისეთი კანდიდატურები შევარჩიეთ, რომელთათვისაც უპირველესია მშობლიური კუთხე, ერი, მთლიანად ჩვენი მამული.

ღრმად მწამს, რომ სრულიად საქართველოს ყველა კუთხე, აჭარა უპირველეს ყოვლისა, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში თავის ისტორიულ როლს შეასრულებს.

ზვიად გამსახურდია

1991 წლის 5 მარტი“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№45 (65), გვ. 1; 7 მარტი, 1991 წ.].

 

ბალყარელ ხალხს

ძვირფასო დებო და ძმებო!

ბალყარელთა და ქართველთა ძმობას, კეთილმეზობლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას, მრავალსაუკუნოვანი საამაყო ისტორია აქვს. წარმომავლობით და რელიგიურ სხვაობას ხელი ოდნავადაც არ შეუშლია ჩვენი ხალხების მეგობრობისათვის. წინაპართა წინდახედულობისა და სიბრძნის შესანიშნავი მაგალითია ბალყარელ და ქართველ მთიელთა შორის ძმადნაფიცობის მტკიცე და ურღვევი ტრადიციის შექმნა, რომელმაც ჩვენ დრომდეც მოაღწია. ეს ტრადიცია ხელს გვიწყობდა გაგვეზიარებინა ერთმანეთის ჭირიც და ლხინიც. სწორედ ამიტომ მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი ბრძენი წინაპრებისა, უნდა გვახსოვდეს და პატივს მივაგებდეთ დიდი ბალყარელი პოეტის ყაისინ ყულიევისა და მის ქართველ ძმადნაფიცთა მეგობრობასაც, ჩვენი ორი ხალხის სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელთა უანგარო ურთიერთობასაც. დღეს ცენტრის დიქტატის ქვეშ მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გააფთრებულ ანტიქართულ კამპანიას ეწევიან და ყოველგვარი ხერხებით ცდილობენ ერთმანეთს გადაამტერონ კავკასიაში მცხოვრები ხალხები. საგანგებო ყურადღებას უთმობენ მეორე მსოფლიო ომის დროს რეპრესირებულ ხალხებს, რომელთაც შთააგონებენ, თითქოს მათი უბედურების დროს სტალინისა და ბერიას წყალობით ქართველ ხალხს არავითარი შევიწროება არ განეცადოს. თითქოს ქართველებს დეპორტირებულ ხალხთა ხარჯზე პირობებიც კი გაეუმჯობესებინოთ. ამგვარი „მტკიცების“ აბსურდულობა ნათელია ყველასათვის, ვინც იცის, რომ ქართველმა ხალხმა არაერთგზის გამოსცადა საკუთარ თვზე საბჭოთა წყობილების „ჰუმანურობა“. უამრავი ქართველი შეეწირა რეპრესიებს 1921-24 წლებში კოლექტივიზაციის დროს, 30-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1949-51 წლებში, 1956 წელს, 1989 წლის 9 აპრილს. პროვოკაციები „ეთნოკონფლიქტების“ სახელწოდებით ამჟამადაც ეწყობა ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონში, რასაც უკვე შეეწირა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება სტალინსა და ბერიას, ისინი მათ მსგავს „ქართველებთან“ ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირველესი მტრები იყვნენ. ამიტომ ქართველი ხალხისთვის გასაგები და ძალზე მტკივნეულია ბალყარეთის ხალხის ღრმა მწუხარება იმ ადამიანთა უაზრო განადგურების გამო, რომელთა მთელი „დანაშაული“ ის იყო, რომ ისინი ბალყარელები იყვნენ. კაცობრიობის ისტორიას ძნელად თუ ახსოვს იმგვარი სიმხეცე, ბოროტება და გენოციდი, როგორიც 1944 წლის 8 მარტს დაატყდა თავს თქვენს გამრჯე და მშვიდობისმოყვარე ხალხს.

ნებისმიერ პატიოსან კაცს შესძრავს ის ცინიზმი, რომელიც თუნდაც რეპრესიის მოწყობის დღეთა დანიშვნისას შეინიშნებოდა: 1943 წლის 7 ნოემბერს „დიდი“ ოქტომბრის დღესასწაულის დღეს, სამშობლოდან მასობრივად გაასახლეს ყარაჩელი ხალხი; 1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა არმიის დღეს მამა-პაპათა მიწები უკვე ჩეჩნებსა და ინგუშებს დაატოვებინეს, ხოლო იმავე 1944 წლის 8 მარტს ქალთა დღეს, ყველა ბალყარელ ქალს, მთელ ხალხთან ერთად სისხლის ცრემლები ადინეს და ისე მიატოვებინეს საყვარელი მამული. კაცთმოძულეობისა და შემზარავი ცინიზმის აღიარება იყო ბალყარეთის შესახებ დაწერილი პატაკები, რომლებშიც პარტიასა და ხელისუფლებას მოახსენებდნენ, რომ გასახლების წინ მიღებულ იქნა ზომები, რათა საგრძნობლად შემცირებულიყო ეშელონების რაოდენობა. რა ზომებზეც იყო აქ საუბარი, ეს ბალყარელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის (ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს - ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მოხუცებს, სნეულებს, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებს...). გენოციდის ამ შემზარავი აქციების მომწყობნი და უშუალო შემსრულებლები დიდი ზარ-ზეიმით დააჯილდოვეს სხვადასხვა ხარისხის ჩინ-მედლებით.

ძვირფასო ბალყარელო დებო და ძმებო!

მთელი ქართველი ხალხი ღრმა მწუხარებით იხრის ქედს 1944 წლის 18 მარტს უდანაშაულოდ დახოცილი ბალყარელების ხსოვნის წინაშე. დაე მთელ მსოფლიოში ნურასოდეს ნუ განმეორებულიყოს ეს ტრაგედია, რომელიც თქვენმა მშრომელმა, მშვიდობისა და თვისუფლების მოყვარე ხალხმა განიცადა.

მარადიული იყოს დაღუპულთა ხსოვნა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზვიად გამსახურდია“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№45 (65), გვ. 1; 7 მარტი, 1991 წ.].

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა

საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 5 მარტს

საღამო მშვიდობისა, პატივცემულო ტელემაყურებლებო!

მინდა გესაუბროთ ჩვენთვის ყველაზე არსებით და საჭირბოროტო პრობლემებზე ჩვენს საზოგადოებას რომ აწუხებს. მინდა იცოდეთ ჩვენი პოზიცია, ხელისუფალთა პოზიცია თითოეულ საკითხში. ახლოვდება რეფერენდუმი, რომელიც გამოხატავს რესპუბლიკის მცხოვრებთა თვალსაზრისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე. ჩვენ ნათლად უნდა გამოვთქვათ ჩვენი აზრი, განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია - გვსურს თუ არა სამშობლოს დამოუკიდებლობა. და ეს უნდა თქვას არა მარტო ქართველმა ხალხმა, არამედ ჩვენი ქვეყნის არაქართველმა მოსახლეობამაც.

ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი პრინციპული პოზიცია სამოკავშირეო ხელშეკრულების მიმართ სულ უფრო მეტად აწუხებს კრემლს. იგი ყოველნაირად ცდილობს სახელი გაუტეხოს ჩვენ ხელისუფლებას აქაც და საზღვარგარეთაც, რისთვისაც ყალბ ინფორმაციას აგროვებს, კამპანიას ეწევა საბჭოთა პრესაში. ამას სამწუხაროდ, ხელს უწყობს ჩვენი ე.წ. ოპოზიციაც, იმპერიის ძალებთან შეხმატკბილებულად რომ მოქმედებს, რომლებიც ასევე ცდილობენ ჩვენთვის სახელის გატეხვას. მათ ერთი მიზანი აქვთ: დააბრკოლონ ჩვენი მისწრაფება დამოუკიდებლობისათვის. შემდგომში კი დაადამბლაონ ჩვენი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

მოსკოვის ხელში უმნიშვნელოვანესი იარაღია - ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადეს, ენერგეტიკული ბლოკადა, რომელზეც, სხვათა შორის არაფერს ამბობს ე.წ. ოპოზიცია. როცა მთავრობას აკრიტიკებს. როცა ეკონომიკური პირობების გაუარესებაზე ლაპარაკობს, არავინ არ იხსენებს მოსკოვს, რომელიც ყველა ჩვენი უბედურების მთავარი მიზეზია. ცენტრმა პირველი დღეებიდანვე გამოგვიცხადა ეკონომიკური ბლოკადა, შეგვიმცირა გაზის მოწოდება და ელემენტარული უზრუნველყოფა, მაქსიმალურად შეგვიმცირა სურსათ-სანოვაგით მომარაგება. ეს პირდაპირ განაცხადა სსრკ პრემიერ-მინისტრმა პავლოვმა და საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შეკვეთა უნდა მოისპოსო.

აი, ამას არსად არ ამბობს ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, ჩვენს წინააღმდეგ როცა გამოდის. ჰოდა ვფიქრობ, თუ ამ მომენტებს გავითვალისწინებთ, ეს ოპოზიცია კი არა, მოსკოვის აგენტურაა საქართველოში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ ოპოზიციის დისკუსიების აზრთა დაპირისპირების წინააღმდეგი ვიყოთ. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია ოპოზიცია, მაგრამ იქ კონსტრუქციულ მიზნებს ისახავს, იქ იდეათა ბრძოლაა, შეხედულებათა დაპირისპირება, მაგრამ არა ღალატი, არა ქვეყნის ინტერესებისათვის დაბრკოლებათა შექმნა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს უქმნის მტრების ხრიკებს, ასე, რომ ჩვენს კურსს, ვთქვათ სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ყველა ეს კონფლიქტი მოსკოვის ინსპირირებულია და მთელი ტაქტიკა გამიზნულად არის მიმართული ჩვენს წინააღმდეგ, რათა საქართველოს ხელი მოაწერინონ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ავიღოთ, მაგალითად, სამაჩაბლოს სიტუაცია. ე.წ. ოპოზიცია გვარწმუნებს, თითქოს სამაჩაბლოს ამბები ჩვენს სინდისზე იყოს. ეს იგივეა, რომ ვილნიუსის ამბები ლანდსბერგისს დააბრალო და არა კრემლს, რომელმაც ლიტვაში ტანკები გაგზავნა.

სამაჩაბლოში ოს ექსტრემისტებს სამხედროები ეხმარებიან, უახლოესი ტექნიკით ამარაგებენ და ჩვენი მილიცია ვერ უმკლავდება მათ. ყოველივე ამას კი ე.წ. ოპოზიცია ჩვენ გვაბრალებს, თუმცა ნებისმიერი მოაზროვნე და მიუკერძოებელი კაცისათვის ნათელია, რომ კრემლმა ამ ტერიტორიაზე ომი გააჩაღა - ომი საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენვე გვაბრალებებნ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ვ.არძინბას დანიშვნას, რომელიც აფხაზეთში კრემლის პოლიტიკას ანხორციელებს. სინამდვილეში კი როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის კონსტიტუცია ისეა აგებული, რომ საქართველოს უზენაეს საბჭოს და მის თავმჯდომარეს არავითარი უფლება არა აქვთ ჩაერიონ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს აჩევნებში, მით უმეტეს, მისი თავმჯდომარის არჩევნებში. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა მთლიანად აფხაზეთის უზენაეს საბჭოზეა დამოკიდებული. ჩვენს უზენაეს საბჭოს კი არც ვეტოს უფლება აქვს, არც თავისი აზრის გამოთქმისა. ეს განზრახ არის გაკეთებული. რაღა თქმა უნდა, კონსტიტუციის რეფორმა, რომელიც განზრახული გვაქვს, გაითვალისწინებს და მომავალში გაასწორებს ამ შეუსაბამობას. ასე, რომ არძინბას დანიშვნასთან საქართველოს უზენაეს საბჭოს არავითარი დამოკიდებულება არა აქვს. უნდა მოგახსენოთ, რომ აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას პროტესეტი არ გამოუთქვამს არძინბას დანიშვნის გამო, რადგან იმის საფრთხეც იყო, რომ მის ნაცვლად ოზგანი დაენიშნათ, ეს კიდევ უარესი კანდიდატურა იქნებოდა. არც ამაზე ამბობს რაიმეს ოპოზიცია, რომელიც ჩვენზე ათასგვარ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ავრცელებს, რასაც ცხადია, მაშინვე აიტაცებენ ხოლმე კრემლის იმპერიული ძალები. ამ საკითხზე დოკუმენტურ არგუმენტაციას გაგაცნობთ.

საკმარისია ითქვას, რომ ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ქურდისა და რეციდივისტის იოსელიანის გულისთვის საკავშირო „შავრაზმული“ პრესა ფარისევლურად განგაშს ტეხს, მას გამოჩენილ პიროვნებად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად აცხადებს და პროტესტს გამოთქვამს მისი დაპატიმრების გამო. ბედად, მასალები, რომლებიც ხელს გვაქვს, მალე ყველას დაანახვებს, რისთვის დააპატიმრეს იოსელიანი. ყველამ იცის, რომ თბილისის უნივერსიტეტთან გამართულ მიტინგზე იოსელიანი გამოვიდა და საჯაროდ მოუწოდა თავმოყრილთ თავს დასხმოდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბს, ხელთ ეგდოთ და აეფეთქებინათ ყველაფერი. ეს მოსკოვის დაპროგრამებული იყო, რათა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების ინსცენირება მოეხდინათ, შემდეგ კი მასობრივად გასწორებოდნენ საქართველოს. სწორედ ამ ძალების წაქეზებით მოქმედებდნენ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებსაც ჩვენი ღრმა რწმენით, სულ მალე მოჰკითხავს საქართველო და ქართველი ხალხი.

დიდი აურზაური ატყდა პრეფექტების ინსტიტუტის დამტკიცების გამოც. უნდა მოგახსენოთ, რომ მოსახლეობა პრეფექტურის ინსტიტუტის, როგორც ასეთის, წინააღმდეგი არ არის. აქა-იქ პროტესტს გამოთქვამენ ამა თუ იმ კანდიდატის გამო, მაგრამ ხალხს ვუხსნით, რომ პრეფექტის დანიშვნისას მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ვითვალისწინებთ. ყველგან ეწყობა მცხოვრებთა გამოკითხვა პრეფექტების კანდიდატურათა გამო. იქმნება კომისიები, და თუ პრეფექტების მუშაობა არ დააკმაყოფილებს მოსახლეობას, მათ შეცვლიან. პრეფექტი, მინისტრი გამოსაცდელი ვადით ინიშნება. ეს ყველას უნდა ახსოვდეს, თუ გამოსაცდელ პერიოდში იგი არ გაამართლებს ჩვენს ნდობას, ხალხის ნდობას, ცხადია, შევცვლით. ამიტომ ყველას ვთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ ატეხენ ამა თუ იმ პიროვნების გამო. დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა, და თუ მაკომპრომეტირებელი ფაქტები გამოვლინდა, გავითვალისწინებთ და ხალხის ნების შესაბამისად ვიმოქმედებთ. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ერთი არგუმენტის გამოც. ჩვენ გვაბრალებენ, რომ არ ვშლით კოლმეურნეობებს და დაუყოვნებლივ არ ვურიგებთ მოსახლეობას მიწებს. ასეთი განცხადებანი ელემენტარული კრიტიკული სიბეცეა, უვიცობაა. ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ჯერ საჭიროა მოქალაქეობის კანონი, რომელსაც ინტენსიურად ვამუშავებთ. მოქალაქეობის კანონის მიღებისთნავე მიწების განაწილებაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობა. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს, მაგრამ ჩვენი რეფერენდუმი უშუალოდ არის დაკავშირებული მიწის საკუთრების, მოქალაქეობის საკითხებთან. მან უნდა განსაზღვროს, ვინ შეიძლება იყოს საქართველოს კანონიერი მოქალაქე. რეფერენდუმი გამოავლენს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებს, არამედ იმათაც, ვინც საქართველოს მოქალაქეობის ღირსია. ვთქვათ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ხმა არ მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. განა სწორი იქნება, კაცს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ სურს, საქართველოს მოქალაქეობა მივართვათ და საკუთრებაში გადავცეთ ქართული მიწა? ისე, რომ რეფერენდუმი ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობის ლოიალობის, საქართველოსადმი კეთილგანწყობილების, საქართველოს ჭეშმარიტი მომხრეების გამოვლინების შემოწმებაცაა. მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ გადავწყვეტთ, ვინ იქნება საქართველოს მოქალაქე და ვის მიეცემა ქართული მიწა, ჩვენი მამა-პაპების მიწა საკუთრებაში. რეფერენდუმი, მეგობრებო, მარტო ქართველებს კი არა, რესპუბლიკაში საუკუნეებით მოსახლე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებსაც სჭირდებათ. ისინი, ვინც ჩვენთან ერთად დაადგნენ საქართველოს დამოუკიდებლობის გზას, მოქალაქეობას მიიღებენ. ცხადია, თუ შეასრულებენ იმ ელემენტარულ პირობებს, რომლებსაც ჩვენ წავუყენებთ. ისე, რომ რეფერენდუმამდე ნურავინ ნუ იფიქრებს საქართველოს მოქალაქეობის სტატუსზე, ქართული მიწის ხელში ჩაგდებაზე. ასეთია ჩვენი პოზიცია. საქართველოს მტრები, ჩვენი რესპუბლიკის მტრები, რომლებიც უარყოფენ საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელსაც სურთ საქართველო უქართველებოდ იხილონ, ვერც მოქალაქეობას ვერ მიიღებენ და ვერც მიწას.

ასეთია ჩვენი პოზიცია, ე.წ. ოპოზიცია კი ყოველივე ამას განზრახ „ივიწყებს“ და გვისაყვედურებს, რატომ მიწას არ ანაწილებთ, რატომ კოლმეურნეობებს არ შლითო. სიცრუეა, მეგობრებო! მუშავდება მიწის კოდექსი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ამ მიწების მოსახლეობისათვის გადაცემის პირობები. დრო უნდა, როგორც კოდექსის მეცნიერულ და იურიდიულ დამუშავებას, ისე მოქალაქეობის კანონის მომზადებასაც. ასე, რომ ყოველივე მომავლის საქმეა, მაგრამ, ვიმეორებ, დღევანდელი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა რეფერენდუმისათვის მზადება. მისთის უნდა მოვამზადოთ უწინარესად მთელი არაქართული მოსახლეობა. მე მგონია, ქართველ მოსახლეობასთან ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება. არა მგონია, თუნდაც ერთი ქართველი იყოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენა არ სურდეს 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე. მინდა რესპუბლიკის მცხოვრებთ შევახსენო, რომ საქართველოში ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ყველა ერის წარმომადგენლები. ეს არის ჩვენი რესპუბლიკის ფენომენი. აქ არასოდეს არ დარღვეულა არაქართველი მოსახლეობის უფლებები. კვლავაც ასე იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი მისცემენ ხმას დამოუკიდებლობას, პატივს სცემენ ქართულ ენას, პატივს სცემენ საქართველოს და სამართლს, არ დაარღვევენ კანონებს და არ ჩაიდენენ დანაშაულს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. აი, ასეთია ჩვენი პოზიცია, მეგობრებო! მინდა ყველანი მოემზადოთ მომავალი რეფერენდუმისათვის, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებს ემთხვევა.

მუნიციპალურ არჩევნებში საკრებულოებს ავირჩევთ. საკრებულო იქნება ყოველ რაიონში, ყოველ სოფელში, და მათში უნდა ავირჩიოთ ისინი, ვინც მოსახლეობის ინტერესებისათვის ზრუნვას იკისრებს, ვისაც პატივს სცემენ და მხარს უჭერენ მასები. არ შეიძლება საკრებულოებში უღირსი ადამიანების არჩევა. ეს პირველი მოთხოვნაა. საკრებულოს არჩევნებიც ისეთივე აღმავლობით უნდა ჩავატაროთ, როგორც 28 ოქტომბრის არჩევნები. საკრებულოს უდიდესი უფლებებიც ექნება. სრულიად უმართებულოა ლაპარაკი მარტოოდენ პრეფექტის უფლებებზე, საკრებულოებსაც ყველა უფლება ექნება. იგი მაკონტროლებელი ორგანო იქნება. საკრებულოებს ყოველგვარი უფლებამოსილება ექნებათ და, თუ, ვთქვათ, დანიშნული პრეფექტი ვერ გაამართლებს ნდობას, საკრებულო აღძრავს პრეფექტის შეცვლის საკითხს. თავის მხრივ პრეფექტსაც ექნება საკრებულოს კონტროლის უფლება, ანუ შეიქმნება ურთიერთმაკონტროლებელი სისტემა. რაიონში ჩვენი პოლიტიკის გატარებას ისინი ერთმანეთს შეუთანხმებენ.

აი, ასეთია ჩვენი პოზიცია ამ საკითხში. ერთხელ კიდევ მინდა ვუსურვი რესპუბლიკის მცხოვრებთ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, დიდი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი შეგნებით, დიდი პასუხისლგებლობით მივცემთ ხმას მომავალ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№47 (67), გვ. 1; 9 მარტი, 1991 წ.].

 

„კრემლი ულტიმატუმებით გველაპარაკება“

 „ნეზავისიმაია გაზეტას“ სპეციალურმა კორესპონდენტმა

ანდრეი კარაულოვმა 5 მარტს თბილისში

ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას

- რამდენად გცალიათ ჩემთვის?

- მე მგონია, თხუთმეტიოდე წუთს.

- უზენაესი საბჭოს პრესცენტრში ტელევიზორი დგას. სანამ თქვენ გეახლებოდით ჩვენ - მე და ჩემმა ქართველმა კოლეგებმა ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის მორიგი გამოშვება ვნახეთ. ოსეთით დაიწყეს. არა მარტო გვიამბეს, გვიჩვენეს კიდეც - მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდება აქ. რას ფიქრობთ ხოლმე როცა ეკრანზე ასეთ სიუჟეტებს ხედავთ? რას გრძნობს ასეთ წუთებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე?

- იცით რა, საქართველოს წინააღმდეგ ომია გაჩაღებული, ნამდვილი ომი ყველა თვალსაზრისით. ომი - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აშკარა ომი ანუ შეიარაღებული თავდასხმა. შემდეგ: ომი, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ნამდვილი საინფორმაციო ბლოკადაა. ტელევიზია, რადიო, და მოსკოვში გამომავალი თითქმის ყველა გაზეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მხოლოდ ისე ლაპარაკობს, როგორც კრემლს სურს. მეორე ბლოკადაა ენერგეტიკული, გაზი, ელექტრობა, სასურსათო მომარაგება. ანუ როგორც ხედავთ, ყოველგვარი საშუალებებით გვეომებიან. ჰოდა, რაკი ომია, რაღა უნდა გვიკვირდეს? მით უმეტეს, თუ ასეთი ბარბაროსული იმპერია გვეომება. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსური კონფლიქტი - ეს მოსკოვის სადამსჯელო ოპერაციაა. მე ვუთხარი გორბაჩოვს, აშკარად ვგრძნობთ, რომ ცხინვალში ყველაფერი ბალტიისპირელი სცენარით ვითარდება, ოღონდ საქართველოში ინტერფრონტი არ არის. აქ იგი წარმატებით შეცვალეს ოსი ექსტრემისტებით. საბჭოთა არმიის რეგულარული ნაწილები მათ იარაღით ამარაგებენ და ყოველნაირად ეხმარებიან. ისინი აქ ქირაობენ, ტყვიამფრქვევებს, სნაიპერებს, რაკეტებს, უახლეს ტექნიკას, ყოველგვარ საჭურველს, აძლევენ ყველაფერს, რაც გნებავთ. ჰოდა, ისინიც ომობენ. რა უნდა მოსკოვს? საქართველოში თავისუფალი არჩევნები გაიმართა, კომუნისტური წყობილება დაემხო და ხელისუფლება შეიცვალა. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო. სწორედ მის წინააღმდეგ ომობენ. რა მიზანი აქვს ცენტრს? უწინარეს ყოვლისა ის, რომ სამაჩაბლო მოსწყვიტონ საქართველოს.

ჯერ წინადადება მოგვცეს სამ დღეში საგანგებო წესები შემოგვეღო აქ. ეს ჩვენ მიუღებლად ჩავთვალეთ. ახლა, როგორც ჩანს, მალე გამოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც თვითონ შემოიღებს ამ საგანგებო წესებს როგორც ეს ყარაბაღში იყო და სამაჩაბლოს გამოაცალკევებს საქართველოსაგან. ესე იგი, ულტიმატუმი წამოგვიყენეს. მე პირადად გორბაჩოვმა წამომიყენა ეს ულტიმატუმი მართალია ზეპირი, მაგრამ მაინც ულტიმატუმია. ხელი მოაწერეთო სამოკავშირეო ხელშეკრულებას, თორემ ის რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, უარეს ფორმებში გაგრძელდებაო. აი ასე მოკლედ და ნათლად.

- თქვენ რა უპასუხეთ.

- რასაც ვფიქრობდი. რაც მაგას არ გამოუვა და ეს ქართველი ერის პოზიციაა.

- მაგრამ თუ ასე განაგრძეს, ომი იქნება.

- იქნება, რა თქმა უნდა. იქნება სანამ იმპერია არსებობს, ყველანი ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.

- მერედა, სად არის გამოსავალი, ბატონო ზვიად?

- მსოფლიოსთვის არის გამოსავალი? კაცობრიობისათვის? თუ არის მაშასადამე ჩვენთვისაც იქნება. ერთადერთი გამოსავალია თავი დავაღწიოთ ამ იმპერიას, მეტი არაფერი.

- ლანდსბერგისთან თუ გილაპარაკიათ?

- ველაპარაკე მაგრამ რას გვიშველის?! თვითონაც ამ დღეშია.

- ელცინთან?

- არც იმას აყრია კარგი დღე. უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ რატომღაც ჩაიშალა.

- მაშასადამე, თქვენი აზრით, კატასტროფული ვითარებაა?

- ძალიან მძიმე, ძალიან. ახლა საქართველოში მიღებულია კანონი გარდამავალ პერიოდზე. ასეთი პერიოდი აუცილებელია და, მაინც არ დავყოვნდებით. ახალ პოლიტიკურ სტრუქტურებს დავამტკიცებთ. რაიონებში პრეფექტებს დავნიშნავთ, რეფორმებს განვახორციელებთ, მივიღებთ კანონებს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის, საკუთრების, მიწის, სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაციის, ეროვნული გვარდიის შესახებ და ბევრ სხვას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე და გვწამს მისი.

- ხალხი მხარს გიჭერთ?

- დიახ. სხვაგვარად როგორ იქნება? განა ხალხი ვერ ხედავს თუ რა ხდება? ვერ ხედავს საქართველოს ოს ექსტრემისტებთან ერთად როგორ ებრძვიან საბჭოთა არმიის ნაწილები? ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს. როგორ უგზავნიან იარაღს, როგორ აძლევენ რაკეტებს.

- ცხინვალში ელექტრობა არ არის. ქალაქის სამშობიარო სახლში მინუს ექვსია, განა ეს შეიძლება ბატონო ზვიად?

- ენერგეტიკოსებმა ცხინვალს გაფიცვა გამოუცხადეს. რატომ? იმიტომ, რომ ქალაქში არის ქარხნები, სადაც ექსტრემისტებს იარაღს უმზადებენ. როგორ შეგვიძლია გაფიცვა ავკრძალოთ? მაგრამ კიდევაც რომ მოგვეთხოვა, კიდევაც რომ შეგვეძლოს ელექტროენერგიის ჩართვა ცხინვალის მოსახლეობა ისეა აბობოქრებული - რომ სულ ერთია გამორთავს. მაგრამ როგორც კი ოსი ექსტრემისტები შეწყვეტენ აშკარა ბანდიტიზმს, განიარაღდებიან, ცხოვრება სწრაფად ჩადგება თავის ჩვეულებრივ კალაპოტში, გარწმუნებთ.

- მაშასადამე, მოსკოვიდან დიალოგის საშუალებანი ამოიწურა?

- რაღა თქმა უნდა, ამოიწურა. გორბაჩოვი ერთადერთ ულტიმატუმს გვთავაზობს - ხელი მოაწერეთო სამოკავშირეო ხელშეკრულებას. არ მოაწერთ და ვაი თქვენიო. აი ასეთი ურთიერთობა გვაქვს.

- რა აზრისა ხართ შევარდნაძის გადადგომაზე?

- ეს კრემლის ნაბიჯი იყო. როგორც ყოველთვის შენიღბული და ძალზე ეშმაკური იმ მიზნით, რომ შევარდნაძე დემოკრატიისათვის წამებულად წარმოედგინათ. იგი და გორბაჩოვი. ესაოდა ასეთი ნაბიჯი რეაქციულმა ძალებმა გადაადგმევინესო. ჰოდა, გაუკეთეს ასეთი „იმიჯი“ ორივეს. სინამდვილეში კი, მე მგონია, ყოველივე ეს კრემლს იმისათვის სჭირდებოდა, რომ ერთი მხრივ დაეშოშმინებინა სამხედრო და რეაქციული ძალები, მეორე მხრივ კი ისევ და ისევ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისათვის დაებრალებინა ყველა შეცდომა და მარცხი საგარეო პოლიტიკაში. ეს თამაშია.

- კეთილი. თქვენ როგორ გგონიათ, შევარდნაძე როდისმე დაბრუნდება საქართველოში?

- არა მგონია.

- აქ რამდენადმე იგრძნობა მისი გავლენა?

- ნულოვანი.

- როგორ სიტუაციაშია კომპარტია?

- პრაქტიკულად აღარ არსებობს. ხალხი მხარს არ უჭერს. ზუსტად ასე შეიძლება ითქვას: იგი აღარ არსებობს.

- მაშ რატომ აღარ იძლევა პარტია თავის შენობას? როგორ გგონიათ, კარგად გაიგეს ის რაც მოხდა? თუ მაინც რაღაცის იმედი აქვთ?

- ძნელი სათქმელია. ალბათ იმედი აქვთ. რაც შეეხება შენობას ეს მოსკოვის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ამბავია. ასეთი საკითხი უკვე დამდგარა, თანაც - არაერთხელ. კომუნისტები გვეუბნებიან ხალისით მოგცემდით შენობას, მაგრამ სსრკ იმუქრებაო, ეს სახლი თავისად მიაჩნიაო. შენობა კი ძალზე სჭირდება მინისტრთა საბჭოს ნორმალური მუშაობისათვის. ხედავთ რა ხდება: მოსკოვს ვერ გაუბედია, მოსკოვს ვაჟკაცობა არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიაროს: საქართველოში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია აღარ არსებობს, რომ იგი პოლიტიკური გვამია, თუმცა ჩვენდამი დაპირისპირებას მაინც არ იშლიან. ყველაზე არ ვამბობ. მათ შორის სხვადასხვაგვარი ადამიანები არიან. არიან მეცნიერები, აკადემიკოსები. აბა, ამათ რა ეკომუნისტებათ? ფორმალურად კომუნისტობენ. ამ პარტიაში იმიტომ შევიდნენ, რომ იძულებული გახდნენ.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ინტელიგენციასთან?

- ინტელიგენციასთან კარგი, ინტელიგენცია პარლამენტშია, მის უმრავლესობას შეადგენს. მაგრამ არიან ზოგ-ზოგი ინტელიგენტები პოლიტიკურ სარბიელზე ხელმოცარულნი ახლა გაბოროტებულნი არიან ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ იცავენ „მხედრიონის“ კრიმინალებს. აი, მაგათთან კი არ გვაქვს კარგი ურთიერთობა. „მხედრიონის“ ბანდები აქ, საქართველოში, პირდაპირ ეხმარებოდნენ კრემლს. შავნაბადას ინციდენტი სხვა არა არის რა, თუ არა, ვითომდა, შეიარაღებული აჯანყების ინსცენირება. სცენარი მოსკოვში დაიწერა და „მხედრიონის“ ხელმძღვანელობა, იგივე ჯაბა იოსელიანი რომ არ დაგვეპატიმრებინა საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო საგანგებო წესები. აი ეს არის ცენტრის მიზანი.

- თქვენს უკანასკნელ პრესკონფერენციაზე გვაგრძნობინეთ, რომ გამორიცხულად არ მიგაჩნიათ დააპატიმრონ გიორგი ჭანტურია. ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული კონგრესისა - პარლამენტგარეშე ოპოზიციისა, რომელშიც რამდენადაც ვიცი, ორმოცამდე პარტიაა გაერთიანებული. ამის პასუხად დასავლეთში წერენ, რომ საქართველოში თქვენი გამარჯვების შემდეგ პირადი ძალაუფლების რეჟიმი მყარდება -ახლადმოვლენილი დიქტატორიაო. თუ იცით რამე ამ პუბლიკაციებზე?

- ყოველივე ეს კრემლის ჭორებია. აი ასე ვიტყოდი და კიდევ კრემლის პროპაგანდა. მათი აგენტები გვყავს საქართველოში.

- როგორ უყურებთ ამას?

როგორ უნდა ვუყურებდეთ? როგორც მტრის ხრიკებს. კრემლს საქართველოში ძალზე ბევრი აგენტი ჰყავს. ძალზე ბევრი არიან აქედან, თბილისიდან გაქცეული მოსკოველი ქართველებიც. საქართველოს მოღალატეები. აი მაგათი ნახელავია ეგ. მათ კი ხელს უწყობენ შევარდნაძე, მგელაძე, ფოფხაძე და სხვა პარტიული ფუნქციონერები - ყოფილნი და ამჟამინდელი.

- თქვენ როგორ ურიგდებით ამ „აგენტების“ თქვენთან ყოფნას?

- ვურიგდებით? არავითარ შემთხვევაში. ყოველ ნაბიჯზე ვამხელთ.

- თუ გაქვთ ამ მხილებათა კონკრეტული მაგალითები?

- მე მგონია ჩვენში ზოგ-ზოგები სამართალში მიეცემიან ცილისწამებისათვის. ცილისწამება პოლიტიკური დანაშაული არ არის, არამედ სისხლის. მართლებრივია, თუ მე ვიტყვი, რომ თქვენ კაცი მოკალით და ამას გაზეთში დავბეჭდავ. თქვენ შეგიძლიათ სასამართლოში მიჩივლოთ. ჰოდა, ჩვენ ვუჩივლებთ სასამართლოში - ზოგიერთებს. და იცით რატომ? აი, ბეჭდავენ თითქოს ჩვენ მღვდელი მოგვეკლას. არ კი ასახელებენ ვინ, რომელი მღვდელი მოვკალით. როგორ გგონიათ, ამისათვის სასამართლოში არ უნდა მივცეთ? რაც შეეხება ჭანტურიას, მისი მოქმედება არ ჰგავს პოლიტიკოსისას და ეს არაერთხელ მითქვამს საჯაროდ. ჭანტურიას პარტია „მხედრიონის“ ბანდებს შეეზარდა. მისი პარტია თავით ფეხებამდე შეიარაღებულია. მისი წევრები უკვე დაპატიმრებული არიან ქურდობისათვის, ყაჩაღობისათვის, ავტომობილების გატაცებისათვის. ასეთ ადამიანებს პოლიტიკურ მოღვაწეებს ვერ ვუწოდებთ. მაშ როგორ? აქ პოლიტიკით ნიღბავენ სისხლის სამართლის დანაშულს. მოვა დრო და დავამტკიცებთ, რომ მათი „ეროვნული კონგრესის“ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო - და დავამტკიცებთ დოკუმენტურად რეფერენდუმით. სახალხო რეფერენდუმს მოვაწყობთ და შევიტყობთ მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა არჩევნებში. მაშინ ყველანი მიხვდებიან, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი იყო. რაც შეეხება „მხედრიონს“, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეურიგდება შეიარაღებულ ფორმირებათა საქმიანობას, რომლებიც მთავრობას არ ემორჩილებიან. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ეს შესაძლებელი იყოს. მით უმეტეს ბანდიტური დაჯგუფებებისა, რომლებიც პირდაპირ თავზარს სცემენ მოსახლეობას. ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, იძულებითი ღონისძიებაა. მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის.

თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ. ოთხჯერ ვიყავი პატიმრობაში. ჩემთვის ადვილი როდია კაცის დაპატიმრება. ვიცი რა არის სატუსაღო და რეპრესიები, მაგრამ მთელი ხალხი ფეხზე დადგა და გვაიძულა, დიახ გვაიძულა, საქართველოში წესრიგი დაგვემყარებინა.

- მე კი აი რას ვფიქრობ, ბატონო ზვიად, რატომღაც მგონია, რომ ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებასთან ერთად შეიძლება გადახრა მოხდეს მეორე მხარეს. აი, სტურუაც არ დგამს თბილისში „სამ დას“, არამედ ინგლისში მიდის.

- ეს მისი ჭირვეულობაა. სტურუას სურს დასავლეთი საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში იყოს. თორემ ჩვენში ყველა პირობაა, ყველა. ჩეხოვისთვისაც და კიდევ ვისთვისაც გნებავთ. ვინ არის ჩვენში რუსული კულტურისა და რუსული ლიტერატურის წინააღმდეგი? ჩვენში რუსული არმიის, რუსული ბლოკადის წინააღმდეგი არიან. დიახ, მე არაფერი მაქვს ჩეხოვის საწინააღმდეგო.

- როცა საქართველოს მიმართეთ მესხეთელი თურქების საკითზე, თქვენ ბრძანეთ, „არ დავუშვებთ არც ერთი ეთნიკური თურქის ჩამოსახლებას“ და კიდევაც ვიბრძოლებო ამ ადამიანების თურქეთში რეპატრიაციისათვის, ამავე დროს პარლამენტის ტრიბუნიდან დღენიადაგ ამბობთ, საქართველოსათვის უცხოაო ეთნიკური სიძულვილი. როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი რამ?

- არა, საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსახლებულები (და სხვა არაქართველებიც) ძალზე ხშირად ფრიად აგრესიულად იქცევიან მკვიდრი ქართველი მოსახლეობის მიმართ. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფის პირდაპირი ცდებიც კი არის, საკუთარ მიწა-წყალზე მკვიდრი ქართული მოსახლეობის შევიწროება ნებისმიერი საერთაშორისო ნორმით დანაშულია. განა მოსათმენია, ქართული მიწების მიტაცება, უნებართვო მშენებლობა? არ არის რომ საქართველოში ქართველებს უკანონოდ უნგრევენ სახლებს? განა ეს შესაწყნარებელია? ასევე ჩვენ არ გვსურს უკონტროლოდ შემოვუშვათ ჩვენს ტერიტორიაზე მრავალი ათასი უცხო მოქალაქე. ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იზამს. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს მოქალაქეობის კანონი. საქართველოში ჯერჯერობით ასეთი კანონი არ არის. მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 35 პროცენტი ისედაც არაქართველია. ჩვენთვის ე.წ. „თურქი მესხები“ უცხოელები არიან. ამასთანავე დარწმუნებული ვარ, როგორც კი კრემლის ჩარევა შეწყდება, საქართველოში ეთნიკური პრობლემები სწრაფად მოგვარდება. ისევ და ისევ, თითქმის ყველაფერი კრემლზეა დამოკიდებული. ანუ იმაზე, უარს იტყვის თუ არა კრემლი ჩვენს წინააღმდეგ ომზე. აი მთავარი მიზეზი და თუ არ იტყვის უარს, მაშინ დასავლეთი, იმედი მაქვს, ათქმევინებს უარს მოსკოვს აგრესიულ ავანტიურისტულ პოლიტიკაზე.

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის ხომ არ მიგიმართვთ?

- დიახ. ამ ორიოდე დღის წინ, ჩვენ მსოფლიოს ყველა მთავრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებს მივმართეთ.

- თუ არიან მოსკოვში პოლიტიკოსები, რომელთა იმედი გაქვთ? ნურავის დაასახელებთ, პირდაპირ გვითხარით - ჰო თუ არა?

- პოლიტიკოსები... საეჭვოა... არიან ადამიანები. ზოგიერთი დეპუტატი. კიდევ რამდენიმე კაცი, მაგრამ არა წამყვანი ფიგურები.

- გორბაჩოვი ხშირად გირეკავთ?

- კი.

- როგორც თანასწორი თანასწორთან ისე ლაპარაკობთ თუ მაინც... როგორც პრეზიდენტი ისე გირეკავთ?

- არა. პირიქით. ყოველთვის ცდილობს ისე... ტაქტიანად მელაპარაკოს, მაგრამ იცით, მაინც მუდამ ისმის ფრაზები, თუ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერთ ცუდად გექნებათ საქმე არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ აფხაზეთშიც. თქვენთვის ეს კარგი არ იქნებაო.

- თუ ასეა, მართლაც ულტიმატუმი ყოფილა.

- ულტიმატუმი დიახ. მაგრამ ამას ისე ამბობს ხოლმე, ვითომ ხუმრობით.

- კარგი ხუმრობაა.

- თითქოს ვერც ჩაეჭიდები სიტყვას ისე იტყვის ხოლმე... აი... ვითომდა მთლად სერიოზულად არა. კი არ მიბრძანებს, არამედ დაახლოებით ასე. აი, ხედავ რა მდგომარეობა შეიქმნა იქ. ჰოდა კიდევ უფრო გაუარესდება. მოიფიქრეთ, იქნებ მოაწეროთ ხელი. გეგონება თანაგიგრძნობსო.

- მართლა უნდა აქ საქართველოში ჩამოსვლა?

- რა ვიცი, ამბობს მინდაო.

- მერედა, როგორ შეხვდება ხალხი?

- ვშიშობ, რომ ძალზე ცუდად.

- ზუსტად 15 წუთი გავიდა ბატონო ზვიად. მაგრამ თუ გცალიათ განვაგრძობდი.

- კეთილი.

- როგორ გგონიათ, გორბაჩოვს აქვს მომავალი?

- იცით... იქნებ აქვს კიდეც. ისეთი მოხერხებული კაცია, მე მგონია შეიძლება ამ სიტუაციიდანაც გამოძვრეს. მაინც - ძალზე მარჯვე კაცია. დიდი დიპლომატია.

- თქვენ მართლა აღთქმული გაქვთ „კრემლის ზღურბლს გადააბიჯოთ მხოლოდ როგორც თავისუფალი საქართველოს მოქალაქემ“?

- დიახ. არ გადავაბიჯებ. აზრი არა აქვს. მე არ შემიძლია იქ ვიყო ასეთი პირობით - აი - მონა, აი - ბატონი.

- მაგრამ მაშინ ხომ გეტყვიან: რაკი ასეთ პოზიციას დაადექით, თქვენ თვითონ შლითო გორბაჩოვთან დიალოგს.

- დიალოგს კეთილი ნება სჭირდება და არა ულტიმატუმები.

თუ გორბაჩოვთან თავის საშინაო პოლიტიკას გადახედავს დიალოგი იქნება.

- მაგრამ იქნებ საქართველომ მაინც მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

- ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობისათვის იბრძოლებს. დამოუკიდებლობის აღგენისათვის აი ახლა რეფერენდუმს მოვაწყობთ. ერთადერთი კითხვა იქნება. გსურთ თუ არა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? ამას ვკითხავთ ყოველ კაცს. ყოველს და ჩვენი ხალხი მკაფიოდ და ნათლად იტყვის ჰოს ან არას. რა შუაშია სამოკავშირეო ხელშეკრულება? რომელ „კავშირზეა“ ლაპარაკი. ჩვენ არასოდეს არავითარ კავშირში არ შევსულვართ, ძალით შეგვიყვანეს. მაშ როგორ შეგვიძლია ჩვენ თავი საბჭოთა კავშირის წევრებად ჩავთვალოთ?

- საქართველოს დამოუკიდებლობის სახელმწიფო აქტი ხელმოწერილია 1918 წლის 26 მაისს. საქართველო რუსეთს გამოეყო და ამისთვის ლენინი არავის არ დაუმუნათებია. შემდეგ 1921 წელს საქართველოში სამხედრო გადატრიალება მოხდა და საქართველო - უკვე ძალად „გასაბჭოვდა“. მიუხედავად ამისა, ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, საქართველო და კავშირი შეეხორცნენ ერთმანეთს. ახლა უკვე შეუძლებელია ამ კვანძის გაჩეხვა ისე, რომ ზიანი არ მიადგეს არც ერთ და არც მეორე მხარეს. მესმის, რომ გორბაჩოვმა 9 აპრილისა და სამხრეთ ოსეთის ამბების შემდეგ მოიმდურა ქართველი ხალხი. ბევრი რამის პატიება შეუძლებელია, მაგრამ თუ ისეთი კაცი იქნა, როგორიც ელცინია, იქნება საქართველოს აღარც დასჭირდეს გამოყოფა? გორბაჩოვს ნუ დავუკარგავთ ამას, ახლა დღენიადაგ იმეორებს: მეტი სუვერენიტეტი, კიდევ უფრო მეტიო...

- დიახ, სიტყვით. მაგრამ როგორც კი გადავწყვიტეთ ეროვნული გვარდია, საკუთარი შინაგანი ჯარები შეგვექმნა მოსკოვიდან მუქარა დაიწყო: არ გაბედოთო და ასე შემდეგ. აი ასეა. ახლა მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა თავაზიანად გამაფრთხილა - მოემზადეთ აფხაზეთში შეიძლება ოსეთის მსგავსი ამბები მოხდესო, ირკვევა: აფხაზეთში 250 შეიარაღებული მედესანტე ჩამოსულა და პანსიონატში დაბინავებულა. ეს რა, პროვოკაცია არ არის? როგორ შევხედოთ ამას?

- მაშასადამე, მოსკოვი პირდაპირ გაიძულებთ რომ ეროვნულმა გვარდიამ საპასუხო მოქმედება დაიწყოს?

- არა მგონია. ეროვნული გვარდია ჯერ არ არსებობს. მეომარი არა გვყავს. შინაგანი რაზმი და მილიცია - ეს არის და ეს.

- ცოტანი არიან?

- დიახ, რა თქმა უნდა.

- რატომ არ გამოაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელზეც ლაპარაკი იყო 29 თებერვლის პრესკონფერენციაზე? მაშინ თქვენ ბრძანეთ ოსი ექსტრემისტების ხელმძღვანელები ჩოჩიევი და კულუმბეგოვი მოსკოვის უშიშროების თანამშრომლები არიანო და „ამას ადასტურებს შინაგან ჯარებში მიღებული საიდუმლო შიფროგრამა მოსკოვიდან, რომელიც შინაგან ჯარებს პირდაპირ უბრძანებს გაათავისუფლონ კულუმბეგოვი ნებისმიერი საშუალებით და წაიყვანონ მოსკოვში“. სად არის ეს შიფროგრამა? რატომ არ დაიბეჭდა გაზეთებში?

- დიახ, ეს უნდა გაკეთდეს. სადმე მივაგნებთ ამ დოკუმენტს.

- და მაინც, როგორ დაუშვა მოსკოვმა რომ სწორედ თქვენ აგირჩიეს საქართველოში?

- ძალიანაც არ უნდოდა, ძალიან... ყველაფერი იღონა. აი, ამისთვის სჭირდებოდა ჯაბაც და ყველა დანარჩენიც... საქართველოში ისინი მეხუთე კოლონას წარმოადგენენ და მათ ავალებდნენ ჩაეშალათ ჩემი სააარჩევნო კამპანია. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც ყველგან კეთდება ხოლმე. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ხალხმა არ დაუშვა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ხალხმა მხარი დამიჭირა.

- მაინც რას შვრებოდნენ ისინი?

- რას? ყველაფერს! საქართველოში 12 ათასი კაცი შეაიარაღეს და მზად იყვნენ ყველანი დაეგლიჯათ. იარაღს კი სუკი და სამხედროები აძლევდნენ ფარულად სხვისი ხელით.

- ამის დამტკიცებაც შეიძლება?

- დამტკიცდება. აუცილებლად. ყველაფერი იქნება.

- არ გეშინიათ, რომ შეიძლება მოგკლან?

- ძალიანაც, შეიძლება, ყოველდღე მემუქრებიან: ამას გიზამთო, იმას გიზამთო, წერილებსაც მიგზავნიან, ტელეფონითაც მირეკავენ. ერთი სიტყვით, არაფერს არ თაკილობენ.

- როგორ ცხოვრობთ ასეთ ატმოსფეროში?

- ნორმალურად. მივეჩვიე.

- ნორმალურად?

- განა მთელი ცხოვრება ასე არ გავატარე? მთელი ცხოვრება.

- რას იტყოდა დღეს კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს მომავალზე? თქვენს პოზიციაზე? იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელიც მისმა შვილმა გამოაცხადა?

- მამაჩემი ჩემი სულიერი მოძღვარი იყო. ყოველთვის ესმოდა ჩემი. ცხადია, მიფრთხილდებოდა. არ უნდოდა, რომ რეპრესიების მსხვერპლი გავმხდარიყავი, გავეციმბირებინეთ და ასე შემდეგ. როცა გარდაიცვალა, ჯერ არც კი გაცივებულიყო, შინ გვესვენა, რომ ნაცნობი პროკურორი მეწვია და გამაფრთხილა, რამე იღონეო, რადგან, ალბათ, მამაშენის დაკრძალვამდე დაგაპატიმრებენო. თუ წინანდელი ცეკას მდივნები - კახიანი, მამულია, მგელაძე და სხვები კონსტანტინე გამსახურდიას საქვეყნოდ ებრძოდნენ, შევარდნაძე მას, ჩვენს ოჯახს, შეფარვით ებრძოდა და ამას ადასტურებს უამრავი დოკუმენტი, უამრავი მოწმე. ის, რაც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დატრიალდა, უკვე ყველამ იცის. 14 დღიანი ჩხრეკა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას სახლში მოაწყო შევარდნაძის მითითებით სუკის ორმოცამდე თანამშრომელმა, დარბევას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩხრეკას, რომლის დროსაც უამრავი უნიკალური ხელნაწერი და წიგნი მოისპო და დაიკარგა. ხოლო კალამი, რომელსაც მამაჩემი ხუმრობით „გენერალს“ უწოდებდა, რადგან ამ კალმით იყო დაწერილი ყველა მისი დიდი ნაწარმოები, სუკის თანამშრომლებმა მოიპარეს და შერჩა კიდეც შევარდნაძის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს. აი ასე იყო.

- რამდენი ენა იცით?

- რამდენი? სამი - ევროპული, ძველბერძნული. ლათინურად ვკითხულობ. ცოტ-ცოტა ესპანურად და იტალიურადაც, ოღონდ ლექსიკონით.

- ძველბერძნული რატომღა, თვითონ ენამ გაგიტაცათ?

- არა, მე ხომ ფილოლოგი ვარ. ვთარგმნიდი ჰომეროსს, პირადად ვიცნობ ავერინცევს. ერთადაც კი გვიმუშავნია ტექსტებზე.

- ჰოო?

- ჰო, რა თქმა უნდა ძველ სლავურ ტესტებზე. ძალზე მწყინს, რომ მოსკოველი ინტელიგენციის წრეში ახლა ნაირ-ნაირი ჭორები ვრცელდება. ბევრს ეშინია კიდეც ჩვენთან ჩამოსვლა. ხმები დადის მანდ ხალხს ხოცავენ, თანაც რუსებსო, შემზარავი ქაოსი და სამოქალაქო ომიაო. ყველაფერი ეს განზრახ კეთდება. ამ ჭორებს სუკი და საკდესი ავრცელებენ. სრული საინფორმაციო ბლოკადაა პრესაში. პროტესტებს ვაცხადებთ, წერილებს ვუგზავნით, მაგრამ არ აქვეყნებენ. აი მათი სინდისი და მათი სიმართლე. გადახედეთ ცენტრალურ გაზეთებს. ხედავთ ამ სურათს? „აქ ოდესღაც სკოლა იყო“. კი არ აწერენ, რომ ეს ქართული სკოლა იყო. გესმით? ვიღაცას კი უთუოდ ეგონება: რაკი სამხრეთ ოსეთია, მაშასადამე ოსური სკოლა იქნებოდაო. ოღონდ, სინამდვილეში, პირიქით არის. აი, ასეთი მეთოდები აქვთ. თანაც წერენ თითქოს ჩვენი დეპუტატი ვიღაც ავაზაკებთან ერთად თავს დასხმია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას და დაურბევია. ასახელებენ დეპუტატს, ასეთი დეპუტატი კი არ არსებობს. გვარები არ ემთხვევა. განა ეს ცილისწამება არ არის? აი, როგორი მეთოდებით გვებრძვიან.

- მაშასადამე, მზად ხართ ბოლომდე ამ გზით იაროთ. თუ სიტუაცია მაინც უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონათ და იქნებ შინაგანად რამდენადმე ყოყმანობთ?

- არა. მზად ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს. მოსკოვს დათმობა არ სურს, ჩვენ კი, მით უმეტეს, არ დავთმობთ!

- დღე-ღამეში რამდენ საათს მუშაობთ?

- სულ ცოტა 12 საათს, ზოგჯერ თოთხმეტსაც.

- საღამოობით რამეს წერთ?

- თუ მოვასწარი. უპირატესად ჩემს იმ წიგნებს ვასწორებ, რომლებიც ახლა გამოდის. აქაც ბევრი სამუშაო მაქვს. მაგრამ ახლა ხელოვნებისათვის არ მცალია. ხომ ამბობენ: როცა ზარბაზნები გრიალებს მუზები სდუმანო. ასეთია ვითარება.

- როგორ მიმდინარეობს დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა. რა მოგცათ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი მოადგილის ვიზიტმა?

- ძალზე ბევრი რამ. ჩვენ დასავლეთთან პატიოსანი და პირდაპირი დიალოგის მომხრენი ვართ. ეს ჰაერივით გვჭირდება. ახლა ამერიკაში ზოგიერთი სენატორი აცხადებს, კრემლს საქართველოს არ მოვასპობინებთო, ამას არ დავუშვებთო, მათ შორის, ვიცით, არიან ადამიანები, რომლებმაც ბუშს წერილი გაუგზავნეს და მოსთხოვეს დაგვიცვას, არ დაუშვას საქართველოში მეორე ვილნიუსი.

- კიდევ ორი კითხვა: მაინც როგორ აფასებთ ელცინის მომავალს? რა მოხდება რუსეთის ამ საგანგებო ყრილობაზე?

- ვხედავ, რომ რუსეთის პარლამენტში დრამატული სიტუაციაა. არ ვიცი იქ ვინ ვის მოერევა. ისე, ძალზე შემაშფოთებელი ნიშნები ჩანს.

- რატომ არ დააპატიმრეს პატიაშვილი 9 აპრილისათვის?

- იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი შემწყნარებელია და ყველას ყველაფერს პატიობს. ქართველები ბოღმიანი ხალხი არა ვართ. აბა მიაქციეთ ყურადღება: შემზარავი 9 აპრილის შემდეგ თბილისში არავითარი სიძულვილი არ იგრძნობა რუსეთისადმი. საერთოდ არ იგრძნობა არც სხვა ერების მიმართ, ვიღას ახსოვს პატიაშვილი, თუმცა, მან დანაშაული ჩაიდინა და ამისათვის დაისჯება კიდევაც, მაგრამ ხალხს ეს არ ეჩქარება.

„ნეზავისიმაია გაზეტა“

7 მარტი, 1991 წ.“

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№52 (72), გვ. 1; 16 მარტი, 1991 წ.].

 

მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.

უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. „ვეფხისტყაოსნის“ კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს. ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბარა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა, ამ ერთობისა.

აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში. ამას მოწმობს აკაკის ,,გამზრდელი“ და მრავალი სხვა შედევრი ქართული მწერლობისა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურასა და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი ,,მთვარის მოტაცებით“. ქართველმა მეცნიერებმა - ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში; ქართველმა ისტორიკოსებმა - ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი - აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში, ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ ჩვენი საერთო სამეფოს განმტკიცებასა და კულტურულ აღმშენებლობაში. ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით. ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებემა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა, მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეში, ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი - რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი „დივიდე ეტ იმპერა“ - გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ამას აღნიშნავს ნესტორ ლაკობა, ცარიზმმაც ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება. მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ საუბედუროდ მიაღწია ამას თავისი აგენტურის მეშვეობით, რაც მისი გეგმით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია კავკასიაში.

ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენს სახელმწიფოებრიობას, თქვენს ენას, კულტურას, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ მოლაპარაკების გზით გადაიჭრას სადავო საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისათვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ნერგავს სეპარატისტულ ტენდენციებს, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.

დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტის კანდიდატურები, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ამავე კანონის განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრიც არის იგი და არ წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა, ამიტომ დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად მას ჩვენ მივეცით ვადა სხვა კანდიდატურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტურებთან დაკავშირებით და სურს აფხაზეთში დრომოჭმული კომუნისტური წყობილების შენარჩუნება, მმართველობა კომუნისტური სისტემისა, მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატენი.

დღეს, მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ, ლიტვაში და ლატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას. ასე, რომ, საბჭოთა ტანკების იმედი ნურავის ექნება. მსოფლიო გმობს, აგრეთვე, ცენტრის მიერ ინტერფრონტების და ,,ხსნის კომიტეტების“ შექმნის მცდელობას ხალხის მიერ არჩეული მთავრობების დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტიისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბა გამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში. მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისევე დაგმობს მის საქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის ,,ხსნის კომიტეტები“. ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტიურაში, რომელიც მას სირცხვილსა და უბედურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ, მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს - ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს და პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორიც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.

გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!

გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!

სიყვარულით და პატივისცემით

ზვიად გამსახურდია“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№48 (68), გვ. 1; 12 მარტი, 1991 წ.].

 

ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს

ბატონ ლანდსბერგისს

თქვენო აღმატებულებავ!

ქართველი ერის სახელით გილოცავთ თქვენ და თქვენი სახით მთელ ლიტველ ხალხს ლიტვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს აქტის მიღების წლისთავს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რესპუბლიკების მეგობრული ურთიერთობა კვლავაც განვითარდება, ჩვენი ხალხის ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახელით

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №43 (13409), გვ. 1; 13 მარტი, 1991 წ.].

 

ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს

ა.ხ. გალაზოვს

სსრ კავშირის მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებს

განცხადება

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო პროტესტს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არაობიექტური პოზიცია დაიკავეთ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ამბების გამო. ამახინჯებთ და აყალბებთ ეა ფაქტებს, ახდენთ საერთაშორისო და საბჭოთა საზოგადოებრიობის დეზინფორმაციას. ამით მეთოდურად ამზადებთ ნიადაგს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო წესების შემოღებისათვის. ეს ვერაგული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიული ტერიტორიული მთლიანობის დანაწევრებას. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის მმართველობის შინაგან სტრუქტურებში ჩარევა უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.

თუ კვლავაც გაგრძელდება მასობრივი ინფორმაციის ცენტრალური საშუალებებისა და ჩრდილოეთ ოსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული საგანგებო კომიტეტის პრესცენტრის მიზანმიმართული დეზინფორმაციის ესკალაცია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იტოვებს კანონიერ უფლებას საერთაშორისო იურიდიულ უფლებათა საფუძველზე განახორციელოს თქვენი პროვოკაციული საქმიანობის მხილებისა და აღკვეთის შესაბამისი ღონისძიებანი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №43 (13409), გვ. 1; 13 მარტი, 1991 წ.].

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა

საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 16 მარტს

დღეს გვსურს დეტალურად გესაუბროთ ხვალინდელი რეფერენდუმის შესახებ. ეს რეფერენდუმი, როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნის პრობლემებს ეხება. კანონი საკავშირო რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე შევაჩერეთ, ე.ი. ყოველგვარ მოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ტერიტორიაზე ამ რეფერენდუმის ჩატარებას, ჩვენ შევაფასებთ, როგორც ანტიკონსტიტუციურ ქმედებას და სისხლის სამართლის დანაშაულს. ამას ვაცხადებთ ყველა იმათ გასაგონად, ვინც ხვალ გეგმავს გარკვეულ ღონისძიებებს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სხვაგან, არად აგდებს ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილებას ამ რეფერენდუმის კანონის შეჩერების შესახებ და მაინც ცდილობს, გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს ამ რეფერენდუმის განხორციელებისათვის.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ რეფერენდუმის ჩატარება, რასაკვირველია, იმითაც არის ყოვლად გაუმართლებელი, რომ საბჭოთა კონსტიტუციის მიერ აფხაზეთი ცნობილია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ეს ნიშნავს საქართველოსათვის კონსტიტუციური ომის გამოცხადებას, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რასაც ჩვენ არასგზით არ დავუშვებთ. ამასთან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენმა პრეზიდიუმმა მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე ხვალინდელი არჩევნების შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, რეფერენდუმის პარალელურად დანიშნულია არჩევნები ერთი დეპუტატისა - საკავშირო დეპუტატისა აფხაზეთიდან.

პირველ რიგში მსურს გაგაცნოთ მნიშვნელოვანი მიმართვა - განცხადება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრებისა: ბატონ თემურ ლორთქიფანიძის, ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილის, ბატონ თემურ მჟავიას, ჰელსინკის კავშირის ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების, აგრეთვე ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციისა და სოხუმის შრომითი კოლექტივების საბჭოსი: „მიუხედავად საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილებისა, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს ა.წ. 17 მარტს დანიშნული საკავშირო რეფერენდუმი, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი მაინც ტარდება საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნებთან ერთად და ტარდება სარეფერენდუმო და საარჩევნო კანონების, ამ კანონებით გათვალისწინებული პროცედურის სრული უგულვებელყოფით. რეფერენდუმს ატარებს სარეფერენდუმო კომისია, რომლის თავმჯდომარეა ცნობილი პარტიული ფუნქციონერი ენვერ კაპბა, ხოლო მისი ჩატარების ძირითადი კოორდინატორები არიან საბჭოთა კავშირის კომპარტიის აფხაზეთის საოლქო ორგანიზაცია, ე.წ. საკავშირო ცენტრისტულ ბლოკში შემავალი ორგანიზაციები: აფხაზეთის სახალხო ფრონტი, აფხაზეთის ინტერნაციონალისტთა საზოგადოება, აგრეთვე „აიდგილარა“. ჩვენს მიერ აღრიცხული დარღვევები სარეფერენდუმო კანონებისა ერთ მიზანს ემსახურება: მაქსიმალურად გაიზარდოს საკავშირო რეფერენდუმში მონაწილე აფხაზეთის ამომრჩეველთა პროცენტი. ამ მიზნით ხელოვნურად მცირდება ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა რიცხვიდან აფხაზეთის იმ რეგიონების მცხოვრებთა ამოღებით, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ საკავშირო რეფერენდუმს. იმავდროულად კი ამომრჩეველთა რიცხვში შეჰყავთ 6800 ჯარისკაცი და 3850 დამსვენებელი, სულ 10 650 კაცი დღევანდელი მონაცემებით. ამასთან არ უთითებენ, რომ ისინი არ არიან აფხაზეთის მცხოვრებნი, გარდა ამისა, ჩრდილო კავკასიიდან ორგანიზებულად ჩამოჰყავთ საბჭოთა კავშირის კომპარტიის წევრთა დიდი ჯგუფები რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად და მხარდამჭერთა პროცენტის ხელოვნურად გასაზრდელად.

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი მონაცემებით ამჟამად აფხაზეთში 338042 ამომრჩეველია. სარეფერენდუმო კანონების უხეშ დარღვევებზე, გარდა ზემოთ ნათქვამისა, მეტყველებენ შემდეგი ფაქტებიც:

1. საარჩევნო უბნები არ შეუქმნიათ ზოგ რაიონში და სხვადასხვა რაიონის დაბებისა და სოფლების ამომრჩევლები მონაწილეობას არ მიიღებენ რეფერენდუმში. ამით ამომრჩეველთა შესაბამის რიცხვს არ ითვალისწინებენ სრული რაოდენობით.

2. ბევრგან საარჩევნო უბნები შეიქმნა აღმასკომების ფალსიფიცირებული დადგენილების საფუძველზე.

3. არ გამოქვეყნებულა საარჩევნო უბნების მისამართები. არც ერთ საარჩევნო უბანში, სადაც ვიყავით, დღემდე არ არის გამოკრული ამომრჩველთა სიები. ყოველივე ამის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რეფერენდუმთან ერთად ტარდება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რეფერენდუმისა და არჩევნების ამგვარი ჩატარებისას, მისი ორგანიზატორები მიიღებენ მათ მიერვე წინასწარ დაგეგმილ ფალსიფიცირებულ შედეგს. მოვითხოვთ ამ უკანონობის აღკვეთას, რეფერენდუმისა და არჩევნების შედეგების გაუქმებას, არჩევნების ხელახლა ჩატარებას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციებისა და უცხოელი მეთვალყურეების თანდასწრებით. ეს სავსებით კანონიერი მოთხოვნაა, მეგობრებო! მორალური სახე ამ საკითხისა, აგრეთვე, სავსებით გარკვეულია. რა უფლება აქვთ დამსვენებლებს, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებს განსაზღვრონ, სურს თუ არა აფხაზეთის მოსახლეობას საბჭოთა კავშირის შენარჩუნება, ან რა უფლება აქვთ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულებს განსაზღვრონ ჩვენი, ასე ვთქვათ, საქართველოს ბედ-იღბალი, გადაწყვიტონ საბჭოთა კავშირში დარჩენის საკითხი.

აი, ყოველივე ეს მიგვითითებს იმაზე, თუ როგორი უსამართლობაც იყო თავად შექმნა ე.წ. საბჭოთა კავშირისა, იმავე უკანონო და უსამართლო მეთოდებით სურთ მისი შენარჩუნებაც. სავსებით უპრეცედენტო ამბავია, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განსაზღვრონ ჩვენი ერის ბედი და მისი მომავალი ყოფნა თუ არყოფნა საბჭოთა კავშირში.

აი, ყოველივე ამის გამო მოგიწოდებთ არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ არაქართულ მოსახლეობას, ბოიკოტი გამოუცხადოთ ხვალინდელ რეფერენდუმს. შეგახსენებთ, რომ არაქართველი მოსახლეობის მომავალი ბედი, მისი ცხოვრების მომავალი პერსპექტივები საქართველოში მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ისინი ხვალინდელ რეფერენდუმში, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს.

ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამდენი დარღვევებია არა მხოლოდ სარეფერენდუმო კანონების გამოქვეყნებაში, არამედ, ასე ვთქვათ, საარჩევნო კომისიის მოქმედებაში, ჩვენ, ე.ი. ჩვენი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოვიტანეთ შემდეგი დადგენილება, რომელსაც აგრეთვე გაგაცნობთ.

„სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის შესახებ.

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად 1991 წლის 17 მარტს დაინიშნა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნები.

საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის მიერ შემოწმებით დადგინდა, რომ არჩევნებისათვის მზადების პერიოდში დაშვებული იყო სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ სსრკ-ის კანონების მოთხოვნათა უხეში დარღვევები. მაგალითდ, ქალაქ გაგრის ტერიტორიაზე შემოწმებული 44 საარჩევნო უბნიდან 37-ში საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაზე არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

გუდაუთის რაიონისათვის გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობაზე 14 000-ზე მეტია გაცემული. მთელ რიგ რაიონებში სრულყოფილად არის შედგენილი საარჩევნო სიები და ა.შ. ეს ფაქტები მიუთითებენ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიამ ვერ შეასრულა საარჩევნო კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების მთელ მართლზომიერებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 25 იანვრის დადგენილება სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შესახებ.

2. დაისვას საკითხი სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის №669 სოხუმის ტერიტორიულ- საარჩევნო ოლქში 1991 წლის 17 მარტს დანიშნული არჩევნების სხვა დროისათვის გადატანის შესახებ“.

აი, ეს გადაწყვეტილება გამოვიტანეთ არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან იქმნებოდა აგრეთვე საფრთხე იმისა, რომ პარალელური კენჭისყრა გამოიწვევდა რაიმე გაუგებრობას. ხშირად შეიძლებოდა არჩევნებისათვის მოსულ ადამიანს, გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ხმა მიეცა, ვთქვათ, რეფერენდუმისათვის და სხვა. აი, კიდევ ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ძალზე სერიოზული დარღვევები აქვს ამ კომისიას და ამიტომ იგი გავაუქმეთ“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№53 (73), გვ. 1; 19 მარტი, 1991 წ.].

 

მიმართვა კავკასიის ხალხებისადმი

კავკასია უნიკალური მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენია თავისი მრავალფეროვნებით, თავისთავადი კულტურებით, ერებს შორის ურთიერთობის მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციებით, განუმეორებელი ისტორიით, ლანდშაფტით, ფლორით და ფაუნით. სხვადასხვა წარმოშობისა და სხვადასხვა სარწმუნოების კავკასიელ ხალხებს შორის ეთნიკური სიძულვილი ე.წ. „ეთნოკონფლიქტები“ ამ ერთა თანაარსებობის მანძილზე უცხო იყო, სანამ კავკასია ცეცხლითა და მახვილით, ვერაგულად არ დაიპყრო იმპერიათა შორის უსასტიკესმა და უბოროტესმა - რუსეთის იმპერიამ. ცარიზმის მიერ გაკვალული გზა, რომელიც კავკასიის ხალხებს შორის მტრობის, უნდობლობის და ერთმანეთის სიძულვილის დანერგვას გულისხმობდა, „ღირსეულად“ განაგრძო მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, რომელმაც გარკვეულწილად თავის მიზანს მაინც მიაღწია.

კავკასიელი ხალხები ისე მოხერხებულად გადაჰკიდეს ერთმანეთს, რომ ამჟამად კავკასიაში მცხოვრებ თითმის ყოველ ხალხს იმპერიის მიერ თავსდატეხილი ყველა უბედურების მიზეზი მის გვერდით მცხოვრები სხვა ხალხი ჰგონია.

ცენტრი თავისუფლებისმოყვარე, ამაყ კავკასიელთა საზიანოდ იყენებს ე.წ. „ეთნოკონფლიქტებს“, აფერხებს კავკასიელთ სწრაფვას დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ. ამგვარი ბოროტი ხერხებით ერთმანეთს წაკიდებულ ხალხთა შორის ურთიერთობა უკვე სახიფათოდ არის დაძაბული. მათ შორის მტრობას თანდათან აღვივებენ, ზოგან სისხლიც იღვრება, ცენტრი კი მოსყიდული ინფორმაციის საშუალებებით მთელ მსოფლიოს „უმტკიცებს“, უჩვენოდ ეს „ველური და კაციჭამია“ კავკასიელები ერთმანეთს მოსპობენო, თანაც მსოფლიოს უმალავენ იმას, რომ კავკასიელ ხალხებს უძველესი კულტურული და ჰუმანური ტრადიციები გააჩნიათ და სურთ ისინი „ტუზემცებად“ გამოაცხადონ.

ძვირფასო კავკასიელებო!

დროა გონს მოვეგოთ! ნუ გავებმებით ცენტრის მიერ ჩვენს საზიანოდ დაგებულ მახეში! მოვიგონოთ ჩვენი დიდებული წინაპრების სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა! აღვადგინოთ ძმობა, ურთიერთპატივისცემა და ნდობა.

ნებისმიერი კავკასიელი ხალხის ბედი, ყველა კავკასიელის მშვიდობიან თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ისევ ჩვენივე ერთსულოვნებით, კავკასიაშივე უნდა წყდებოდეს. ამისთვის აუცილებელია კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაცია, დიალოგი, რათა ერთობლივ იქნეს შემუშავებული ერთიანი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სახელით გიწვევთ კავკასიის ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ლიდერებს კავკასიის ხალხთა ფორუმის შესაქმნელად, რომელსაც მიზნად არ ექნება რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთეულის დაარსება, რომელსაც არ მართავენ ცენტრის აგენტები, კავკასიის გამყიდველები. ჩვენი მიზანი იქნება კავკასიის კონსოლიდაცია, მისი განთავისუფლება იმპერიის მარწუხებისაგან და დაფუძნება მსოფლიოს თავისუფალ ხალხთა ოჯახში. ეს ასევე აღადგენს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას რუს ხალხთან, რომელიც თვით არის ტოტალიტარიზმისა და კომუნიზმის მსხვერპლი.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, კავკასიის ხალხთა ფორუმის დამფუძნებელი სხდომის მოწყობის ადგილისა და ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით გაუწყებთ.

გაუმარჯოს კავკასიის ხალხთა ერთიან, ძმურ ოჯახს!

გაუმარჯოს ჩვენს ძმობას, ერთობასა და თვისუფლებას! გვფარავდეს ღმერთი!

პატივისცემითა და სიყვარულით

ზვიად გამსახურდია

„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სპიკერი,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№57 (77), გვ. 1; 23 მარტი, 1991 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის

ზვიად გამსახურდიას შეხვედრა

რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ბორის ელცინთან

ყაზბეგში, 23 მარტი 1991

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავდმჯდომარე, ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

1) 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის. ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

 2) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

 3) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

 4) სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს, გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

 5) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

 6) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

 7) შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

 8) შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს”

(დაბა ყაზბეგი, 1991 წლის 23 მარტი)“.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა

საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 25 მარტს

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამა წლის 25 მარტს მოხდა რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ ბორის ელცინთან შეხვედრა. ეს შეხვედრა დიდი ხანია მზადდებოდა. იგი, გარკვეული მიზეზების გამო, რამდენჯერმე ჩაიშალა, რადგან გარკვეული ბნელი ძალები გვიპირისპირდებიან როგორც ჩვენ, ასევე რუსეთის დემოკრატიულ ხელმძღვანელობას. მაგრამ როგორც იქნა, ჩვენ მივაღწიეთ ყოველივე ამას. მე ვიტყოდი ძალზე კონსტრუქციული და მრავალმნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მეტად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის. დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იქნება რუსეთ-საქართველოს ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დაიდება თბილისში. ამ მხრივ მას დიდი მნიშველობა ექნება.

ჩვენი მოძრაობის ადრინდელ ეტაპზე ხშირად გვიპასუხია, როგორი რუსეთი გვაწყობს, როგორი ურთიერთობები გვინდა რუსეთთან. მახსოვს, ერთ-ერთ მიტინგზე წამოაყენეს ასეთი ლოზუნგი (შეიძლება ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მასში ჩანდა ჩვენი განწყობილება) - გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ რუსეთს, ხოლო აქვე იყო ნათქვამი, რომ ამით ჩვენ განვამტკიცებთ საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე ჩვენ გვეღობება იმპერია, რომელმაც დაიმონა ყველა ერი და, მათ შორის რუსეთიც.

რუსეთის განთავისუფლება იმპერიის მარწუხებიდან იქნება აგრეთვე, საქართველოს განთავისუფლებისათვის ხელშეწყობა. აი, ასეთი ორიენტაცია გვქონდა მაშინ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ორიენტაცია გამართლდა.

დღესდღეობით, იმპერიის ცენტრი დაუპირისპირდა რუსეთის დემოკრატიულ მოძრაობას, კერძოდ, რუსეთის სწრაფვას თავისუფლებისაკენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალთა განლაგება ამჟამად იმგვარია, რომ რუსეთში ეს მოძრაობა გაიმარჯვებს. სწორედ რუსეთის სუვერენულობა, მისი მომავალი სახელმწიფო ძლიერება გახლავთ იმის გარანტი, რომ საბჭოთა იმპერია დაიშლება და შეიქმნება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები. შესაძლოა ამ სახელმწიფოების ნაწილმა მოისურვოს რაღაც კავშირად შეერთება, მაგრამ ამ კავშირს ნამდვილად აღარ ექნება ის სახე, რომელიც მას ჰქონდა უწინ - ტოტალიტარული იმპერიის სახე, - ეს სხვა საკითხია. როგორც მოგეხსენებათ, არის ექვსი რესპუბლიკა, რომელიც ილტვის დამოუკიდებლობისაკენ, სრული სახელმწიფო სუვერენიტეტისაკენ. მათთან ერთად რუსეთიც ილტვის თავისი სუვერენიტეტისაკენ და საპრეზიდენტო არჩევნებისაკენ. ეს საპრეზიდენტო არჩევნები მალე ჩატარდება რუსეთში, ელცინი გახდება რუსეთის პრეზიდენტი - რუსეთის ფედერაცია იქნება სავსებით განცალკევებული სუვერენული სახელმწიფოა. ყოველივე ეს აჩქარებს ჩვენს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას და ფიქრს რუსეთსა და საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობების შესახებ. საბედნიეროდ, უკვე აღარ არის ძველებური დიქტატი, აღარ არის ის ძველებური ტენდენციები ექსპანსიონიზმისა, და ამის ერთ-ერთი ნათელი დამადასტურებელი მაგალითი გახლავთ ოქმი, რომელიც ჩვენ შეხვედრაზე შევადგინეთ. იგი ხვალ გამოქვეყნდება გაზეთებში. მე მინდა ამ ოქმის რამდენიმე მომენტზე გავამახვილო ყურადღება და განვმარტო ზოგიერთი საკითხი. თავდაპირველად ყველაზე უმთავრესი და ძირითადია ის, რომ ამა წლის აპრილის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვამზადოთ პროექტი საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობის შესახებ. ესე იგი, დაიდოს ახალი ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, რისთვისაც უკვე შექმნილია სამუშო ჯგუფები. მალე, ალბათ, ეს პროექტი მომზადდება და მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერა, შემდეგ კი რატიფიკაცია.

ამავე დროს, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო შიდა ქართლში მდგომარეობის სტაბილიზაცია. შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ არის დაინტერესებული რუსეთის ხელმძღვანელობა შიდა ქართლში მდგომარეობის სტაბილიზაციით? იმის გამო, რომ ეს უშუალოდ ეხება მას - ეგრეთწოდებულ ჩრდილოეთ ოსეთს, რის შესახებაც მე განვმარტე, რომ ეს არ არის არავითარი ჩრდილოეთი ოსეთი, არამედ ნამდვილი, ერთადერთი ოსეთია. გარდა ამისა განვმარტე ისიც, რომ არასოდეს არ არსებობდა და არც ახლა არსებობს სამხრეთ ოსეთი.

ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ ამ დოკუმენტში, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, ფიგურირებს გამოთქმა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამით, ვგონებ, გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, რუსეთის სახელმწიფო არ ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში და ცენტრის მსგავსად დაჟინებით არ მოითხოვს ჩვენგან ეგრთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენას. ამავე დროს, აქ არის ჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა გავატაროთ, რათა მოხდეს სტაბილიზაცია და მშვიდობიანობის აღდგენა მოცემულ რეგიონში. კერძოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საქართველოს შინაგან სამინისტროს ერთობლივი კომისია. რატომ ხდება ეს? იმის გამო, რომ სამაჩაბლოში მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი შემოდიან, ძირითადად, რუსეთის ფედერაციიდან და ამდენად, ისიც უშუალოდ არის დაინტერესებული, რომ მოხდეს ამ ბანდების ლიკვიდაცია. ამიტომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროები ქმნიან ერთიან კომისიას, რის შედეგად შექმნიან ერთიან რაზმებს ამ შეიარაღებულ ფორმირებათა განიარაღებისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ე.ი. ჩვენი მიზანია ექსტრემისტთა ეს ბანდები, რომლებიც მოქმედებენ დაუსჯელად, განიარაღდნენ მთლიანად, რაც ერთადერთი საფუძველი იქნება ამ რეგიონში მშვიდობის აღდგენისათვის. ამასთან, დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები ლტოლვილების დასაბრუნებლად, რომ მათ მშვიდოვიანად იცხოვრონ იმ ადგილებში, სადაც უწინ ცხოვრობდნენ. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოები - და აქ უკვე ჩამოთვლილია ჩრდილოეთ ოსეთის მინისტრთა საბჭოც - პრაქტიკულ ზომებს ღებულობენ კომპენსაციისათვის, ლტოლვილთა მოწყობისა და ყოველგვარი დანაკარგების ანაზღაურებისათვის. ამ ხელშეკრულებაში არის ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტიც: რუსეთს ფედერაციის მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ იგი მიმართავს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, რათა სამაჩაბლოდან გაყვანილ იქნან საბჭოთა ჯარის ნაწილები, რომლებიც იქ ხელს უშლიან მდგომარეობის სტაბილიზაციას.

მოგეხსენებათ, საბჭოთა ჯარის ბაზაზე თავს იყრიან ოსი ექსტრემისტები, მათ ამარაგებენ იარაღით, (შემდეგ ეს იარაღი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ არის გამოყენებული) ვერტმფრენებით, რომლებიც ფაქტობრივად ემსახურებიან ოსი ექსტრემისტების ბანდებს და გადაჰყავთ ისინი ჩრდილოეთ ოსეთში, აწარმოებენ სადაზვერვო სამსახურს. ე.ი. საბჭოთა ჯარები და ოსი ექსტრემისტები მოქმედებენ კოორდინირებულად.

ყოველივე ამის აღმოსაფხვრელად, ამ ოქმში შეტანილია მუხლი სამაჩბლოდან საბჭოთ ჯარის გაყვანის აუცილებლობის შესახებ.

ამ ღონისძიებების გატარება პრაქტიკაში, ალბათ, მიგვიყვანს სამაჩაბლოში სრულ მშვიდობამდე... სასიხარულოა, რომ მეორე მხარემ, ე.ი. რუსეთმა აღიარა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯის კანონზომიერება და სამხრეთ ოსეთი უკვე მოხსენიებულია ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად.

აი, ეს არის ძირითადი ის პოზიტიური შედეგები, რომლებიც მიღწეულია ჩვენი შეხვედრით და მჯერა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მომავალი ხელშეკრულება სხვა მრავალ პრობლემასაც გადაწყვეტს ჩრდილოეთ კავკასიასთან, აფხაზეთთან და სხვა რეგიონებთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა მოგახსენებთ, რომ ახლოვდება 31 მარტის რეფერენდუმი, ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები და უახლოეს დღეებში, ალბათ 28 მარტს, თბილისში, მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციები მოაწყობენ დიდ მიტინგს, სადაც ვიმსჯელებთ რეფერენდუმის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებთან, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის პრობლემებზე. ამ მიტინგის თარიღი, დრო და ადგილი გამოცხადდება“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№58 (78), გვ. 1; 26 მარტი, 1991 წ.].

 

სოხუმი

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს

ვ. არძინბას

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 79, 82, 104  [პ. 8] „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, განახორციელეთ სათანადო ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოთ აფხაზეთის ასს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის გამოკითხვის მოწყობა, რომელიც 1991 წლის 31 მარტისათვის დანიშნულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წ. 28 თებერვლის №166-1 დადგენილებით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზვიად გამსახურდია

1991 წლის 25 მარტი.

[გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №53 [13419], გვ. 1, 27 მარტი, 1991 წ.].

 

ბ-ნ ვლადისლავ არძინბას

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების უფლებამოსილება; ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა.

საქართველოს რესპუბლიკისა და  აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციების მიხედვით აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს.

ასე მაგალითად, 1991 წლის 12 მარტს ოჩამჩირის რაიონში მოიწვიეს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების სესია, და მის თავმჯდომარედ სერგეი ბაღაფში აირჩიეს. ეს ქმედება შეიძლება განისაზღვროს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის უგულვებელყოფა.

გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი ინციდენტი კვლავ განმეორდეს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, რადგან თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვადასხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.

თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...

თქვენ, როგორც განათლებულ პიროვნებას, მეცნიერს [ყოველ შემთხვევაში ასეთად გიცნობდით დღემდე], უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ყოველი ადამიანის, განსაკუთრებით ხელმძღვანელის, ვალია, იცხოვროს სიკეთის, ურთიერთპატივისცემის, მაღალი ზნეობრივი პრინციპებით, არ აჰყვეს პირად ამბიციებს თუ წაქეზებას.

დღეს აფხაზეთის მოსახლეობის ბედი [აქედან 47 პროცენტზე მეტი ქართველია] თქვენ გაბარიათ. შეცდომების უფლება არა გვაქვს, რადგან ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს.

კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, მონაწილეობა მიიღეთ მის მუშაობაში და, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით.

ზვიად გამსახურდია

1991 წლის 27 მარტი

[გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №55 [13421], გვ. 1, 29 მარტი, 1991 წ.]. 

 

მიმართვა ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას

ძვირფასო თანამემამულენო! დებო და ძმებო!

ჩვენი საქართველოსათვის ამ საჭირბოროტო მომენტში, როცა 31 მარტს ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად უნდა მოახდინოს არჩევანი - სურს თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენა დამოუკიდებლობის შესახებ 1918 წლის 26 მაისი აქტის საფუძველზე, მოგმართვთ თქვენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში მცხოვრებ ჩემს ძვირფას და პატივცემულ, მთელ საქართველოში უნიკალური შრომისმოყვარეობით ცნობილ თანამოქალაქეებს - მიწათმოქმედებს, მეკარტოფილეებს, მეცხოველეებს, ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც ჯავახეთის მაღალი მთის უმძიმეს პირობებში ოფლის ღვრით, თავდადებული შრომით ამრავლებთ ჩვენი რესპუბლიკის სიმდიდრეს.

რეფერენდუმში სიტყვა „დიახ“ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მოიპოვოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგითურთ. „დიახ“ - ნიშნავს მივცეთ ხმა ყველა მოქალაქის თანასწორ მოქალაქეობრივ უფლებებს ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად. რეფერენდუმში თუ იტყვით - „დიახ“ - ამით ამრავლებთ იმ გარანტიების ძალას, რომ თქვენ, თქვენი შვილები და თქვენი შვილიშვილები იცხოვრებთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, ტოტალიტარული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, თქვენთვის გარანტირებული იქნება გაცილებით მეტი თავისუფლება და უსაფრთხოება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. მე, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, დარწმუნებული ვარ: თქვენ განაცხადებთ, რომ მზად ხართ ქართველ ხალხთან ერთად დაიცვათ საქართველოს დემოკრატია და დამოუკიდებლობა. დღეს წინანდელზე მეტად არის საჭირო ჩვენი ხალხებისათვის დამახასიათებელი ერთიანობა, მოთმინება და გონივრული ნაბიჯები ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მხოლოდ ჩვენ, ერთად თუ გამოვავლენთ სოლიდარობას, სურვილს, გავუგოთ ერთმანეთს დიალოგის გზით, შევძლებთ ავაშენოთ ჩვენი დემოკრატიული დამოუკიდებელი საქართველო.

ვიცი, რომ ზოგიერთები ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ისიც ვიცი, რომ გამოჩნდა თქვენს შორის რამდენიმე კაცი, რომლებიც ჩემს მიერ გამოთქმულ აზრს სავსებით დამახინჯებულად განმარტავენ. დიახ, ვთქვი, რომ ის, ვინც მონაწილეობას არ მიიღებს 31 მარტის რეფერენდუმში, ამით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეობის უფლებას. ეს, ჩემო ძვირფასებო, ვაჭრობა როდია. მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მოქალაქეობას იღებენ მაშინ, როცა არის ურთიერთვალდებულებებისადმი მზადყოფნა: პოტენციური მოქალაქისა - სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფოსი - მოქალაქის წინაშე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება გულისხმობს ქვეყნის ენისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემას. ეს ის ბალანსია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეობა ფორმალური არ იყოს. თანასწორობა უფლებებში შეუძლებელია მოვალეობებში თანასწორობის გარეშე.

მაწუხებს, რომ „უცხოელებზე“ ვლაპარაკობთ. ამას სომხები თავიანთი მისამართით აღიქვამენ. არავითარ შემთხვევაში. ეს სხვებს ეხება, იმათ, ვინც უკანონოდ დასახლდა ჩვენს მიწებზე, უკანონოდ შეიძინა სახლები, თანაც რაღაც გაუგებარი პრეტენზიები აქვს.

ვიცი, რომ არის პრობლემები პრეფექტების დანიშვნასთან დაკავშირებითაც. ეს პრობლემები, გარწმუნებთ, ადვილად გადაიჭრება. მათ დანიშვნის დროს, ვიმეორებ, ვითვალისწინებდით მშრომელთა სურვილს. მაგრამ თქვენ ხომ ჯერ კიდევ არ მიგიციათ საშუალება, რომ მათ თავიც გამოიჩინონ საქმეში. როცა წინათ სომეხს ნიშნავდნენ რომელიმე ქალაქის მეთაურად საქართველოში, სადაც ქართული მოსახლეობა ჭარბობდა, განა ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა? მთავარია, რომ ეს ხელმძღვანელები იყვნენ კომპეტენტური, წმინდა, პატიოსანი ადამიანები. ვფიქრობ, ყველა ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ისე, როგორც ხალხს უნდა, შეხვედრების, დიალოგების, ჭეშმარიტების ძიების გზით. ვიმეორებ, ისე იქნება, როგორც ხალხს სურს.

31 მარტს წყდება საქართველოს, ისევე, როგორც მოძმე სომხეთის მომავლის საკითხი, რომელიც სექტემბერში ჩაატარებს რეფერენდუმს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შესახებ.

ყოველი ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს ბედს. თუ იქნება დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო, სოციალურად დაცული იქნება ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის თითოეული წევრი, დაცული იქნებიან ჩვენი ოჯახები, ჩვენი ოჯახები და შვილიშვილები. მარტში თუ ვიტყვით - „დიახ“, თავისუფალ საქართველოს, - ნიშნავს, რომ სექტემბერში გაცილებით უფრო გაუადვილდება - სომხეთს. ორი დემოკრატიული დამოუკიდებელი რესპუბლიკა - საქართველო და სომხეთი - უნდა იყოს! მაშასადამე იქნება მშვიდობისა და სამოქალაქო თანხმობის გარანტიები. თუ ვერ დავიცავთ - ისე იქნება, როგორც განვლილი 70 წლის მანძილზე იყო - სრული უბედურება და გაჭირვება, კვლავაც იქნება მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების მასობრივი დამცირება.

მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს - 31 მარტს გააერთიანოთ რიგები და ხმა მისცეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან არის ცნობილი, საქართველოში მცხოვრები სომხები გაჭირვების ჟამს მუდამ იარაღით ხელში ქართველებთან ერთად იცავდნენ ჩვენს ქვეყანას. ახლა თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხარს დაგვიჭერთ - საქართველო და სომხეთი - ეს ორი ქრისტიანული პატარა კუნძული კავკასიაში - ერთად ესწრაფვიან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დაე აღსრულდეს ჩვენს წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ოცნება ჩვენი სახელმწიფოების თავისუფლების შესახებ.

დიდი პატივისცემით

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

1991 წლის 27 მარტი“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№61 (81), გვ. 1; 30 მარტი, 1991 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის

ბატონ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან

ბატონ რიჩარდ ნიქსონთან

1991 წ. 29 მარტს, დღის 3 საათზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბატონ რიჩარდ ნიქსონს და მასთან ერთად საქართველოში ჩამოსულ ამერიკის დელეგაციას.

ბატონი ზვიად გამსახურდია მიესალმა ბატონ რიჩარდ ნოქსონს და ამერიკის დელეგაციას, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი გარემოებისა, საქართველოს დიდი ხანია აქვს აშშ-თან პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის სურვილი.

ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა აღნიშნა, რომ მას აქამდე არ ჰქონია საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ამერიკაში ქართველი ხალხი ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობით. ჩვენი ვიზიტი არ არის ოფიციალური ხასიათის, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტის დავალებით ვართ ჩამოსული და გვევალება საქართველოს პოლიტიკური ვითარების მისთვის გაცნობა. თქვენგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭიროა დელეგაციების გაცვლას ინტენსიური ხასიათი მიეცეს, ურთიერთდამოკიდებულება საქართველოსთან იქნეს არა ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირთან იყო. ეს იქნება არსებითად ახალი სახის ურთიერთკავშირი. ამერიკის მხარე დიდად არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობით.

ბატონმა ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს საბჭოთა ერი, არსებობს იმპერიების მიერ დაპყრობილი ერები. რესპუბლიკებში გაძლიერდა ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული მსოფლიოს უპირველესი ამოცანაა, ისეთივე დიდი როლი შეასრულოს იმპერიისგან დაპყრობილი ხალხების განთავისუფლებაში, როგორიც კუვეიტის განთავისუფლებაში შეასრულა. რასაკვირველია, ეს გულისხმობს დახმარებას მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური საშუალებებით და გამორიცხავს ძალისმიერ ჩარევას. სსრკ-ში შემავალი ხალხებისადმი დახმარება, რომელთა ეროვნული არსებობაც საფრთხეშია, იქნება იმ მისიის აღსრულება, რომელიც ეკისრება აშშ-ს მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს არის ადამიანის და ერების უფლების, გაეროს წესდების დაცვის, ჰელსინკის ხელშეკრულების შესრულების მისია.

ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელი ხალხი და მთავრობა დიდ პატივს სცემენ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. მან იმედი გამოთქვა, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოში უსისხლოდ დამთავრდება.

ბატონმა ზვიად გამსახურდიამ კვლავ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიოს დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუშვან კრემლის ძალადობა რესპუბლიკის მიმართ.

ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა აღნიშნა - ამერიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყოველმა ხალხმა, მათ მიერ არჩეულმა მთავრობამ თვითონ უნდა განაგოს თავისი ბედი.

ბატონმა ზვიად გამსახურდიამ გამოხატა თავისი მზადყოფნა უპასუხოს სტუმრებისთვის საინტერესო ყველა კითხვას, რათა მათ მიიღონ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც კრემლის მიერ გაჩაღებული ცილისმწამებლური კამპანიის ვითარებაში საქართველოსთვის აუცილებელ ინტერესს წარმოადგენს“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№61 (81), გვ. 1; 30 მარტი, 1991 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს

ზ.კ. გამსახურდიას

სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს და ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით მოდის უამრავი მიმართვა, რომლებშიც გამოხატულია დიდი შეშფოთება ქალაქ ცხინვალისა და მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარების მკვეთრი გამწვავების გამო. დათარეშობენ ექსტრემისტები, იღვრება ოსთა და ქართველთა სისხლი, დაიწვა ათობით სოფელი, ადგილებიდან ერეკებიან მშვიდობიან მცხოვრებთ და ათასობოთ ლტოლვილი გაჭირვებას განიცდის.

ერთხელ კიდევ ვადასტურებ რა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებებს, გთავაზობთ დაუყოვნებლივ იღონოთ ყველაფერი იმისათვის, რომ შეაჩეროთ სისხლისღვრა, შეწყვიტოთ ექსტრემისტთა მოქმედება, აღკვეთოთ მათი განზრახვა, ხელთ იგდონ და მოსპონ დასახლებული პუნქტები, შეუდგეთ მოლაპარაკებას.

მ. გორბაჩოვი

1991 წლის 30 მარტი“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№64 (84), გვ. 1; 2 აპრილი, 1991 წ.].

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის მარტის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების შესახებ;

 - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება  საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის დარგებში ახალი კოდექსის პროექტების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ;

- დებულება საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის კანონი  საქართველოს რესპუბლიკის რაიონის [ქალაქის] სასამართლოების მსაჯულთა არჩევნებისა და გაწვევის წესის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კლასების დაწესების შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის კანონი ზოგიერთი დანაშაულისათვის სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის გაუქმების შესახებ;

[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №3 [608], თბ. მარტი, 1991 წ.].